მილანის "ინტერი": ახალი მწვრთნელი, ახალი ტაქტიკა

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში, სანაკრებო ბატალიებთან ერთად, ყველაზე აქტუალური თემა მილანის "ინტერში" მომხდარი სამწვრთნელო ცვლილებაა. გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვალტერ მაცარი გაათავისუფლეს, მისი ადგილი კი რობერტო მანჩინიმ დაიკავა.

მოულოდნელი გადაწყვეტილება
"ვერონასთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ "ინტერის" პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა ვალტერ მაცარის მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის შეცვლა დღის წესრიგში არ იდგა. ინდონეზიელმა ბიზნესმენმა დასძინა, "ნერაძურიმ" კრიზისი სენიორ ვალტერთან ერთად უნდა დაძლიოს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნებაო.

ამ განცხადებიდან ორი დღე არ იყო გასული, რომ მაცარი პოსტიდან გაათავისუფლეს, მისი
ადგილი კი რობერტო მანჩინიმ დაიკავა - ამ ამბავს თავად ტოჰირი ასე იხსენებს:

"კლუბის დირექტორთა საბჭოს შევხვდი, მასიმო მორატის ვესაუბრე და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მწვრთნელი შეგვეცვალა. დავრწმუნდი, რომ გუნდში ცვლილებები იყო საჭირო და მანჩინის მოსვლა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. რობერტო ენთუზიაზმით არის აღსავსე და მას გვერდში უნდა დავუდგეთ. მანჩინიმ იცის "ინტერის" შიდა სამზარეულო და ადაპტაციისთვის დრო არ დასჭირდება. ამიტომ სხვა კანდიდატებზე არც კი მიფიქრია".

3-წლიანი კონტრაქტი
რობერტო მანჩინიმ "ინტერთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაში 10.7 მილიონ ევროს მიიღებს. ამ სეზონში რობერტო 2.7 მილიონს დასჯერდება, მომდევნო ორ სეზონში კი 8 მილიონს მიიღებს. თავად მანჩინი ახალ საქმეს ენთუზიაზმით ეკიდება:

"სასიამოვნო შეგრძნებაა, რომ ისევ "ინტერის" მწვრთნელი ვარ, გუნდის, რომელიც ჩემს გულშია. მესმის, რომ მწვრთნელი კარგი ცხოვრებისგან არ იცვლება, მაგრამ წარუმატებლობაში მარტო მაცარის დადანაშაულება არ იქნება სწორი. ვალტერს ვიცნობ, შესანიშნავი სპეციალისტია და დიდ წარმატებებს ვუსურვებ. ერთხელ უკვე ვიყავი "ინტერის" მესაჭე და მაშინ ყველაფერი კარგად გამოვიდა.

იმედი მაქვს, ამჯერად კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ. ამისთვის ბევრი შრომა და ცოტა იღბალია საჭირო. გუნდში არაერთი მაღალი დონის მოთამაშეა, რომლებთან ერთადაც დიდი წარმატების მიღწევა შეიძლება. ამ "ინტერის" რომ არ მჯეროდეს, დღეს აქ არ ვიქნებოდი.

მადლობა პრეზიდენტ ტოჰირს გამოცხადებული ნდობისთვის და გულშემატკივრებს, რომლებიც სოციალურ ქსელში აქტიურობენ და მხარდამჭერ წერილებს მიგზავნიან".

ტრანსფერები
იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე რობერტო მანჩინის სატრანსფერო გეგმებზე იწერება. "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, რობერტო ინგლისური ბაზრითაა დაინტერესებული და პრემიერლიგიდან ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირება სურს.

პირველ რიგში, სტივენ ჯერარდის შესახებ უნდა ვთქვათ, რომელსაც "ლივერპულთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, მილანელები ჯერარდის გადაბირებას უკვე ამ ზამთარს შეეცდებიან.

კიდევ უფრო აქტიურად იწერება ერიკ ლამელას შესაძლო ტრანსფერის შესახებ, რომელმაც "ტოტენჰემში" აქა-იქ კი გაიბრწყინა, მაგრამ მთლიანობაში, მაინც ჩრდილშია მოქცეული. 22 წლის არგენტინელის გადაბირება მანჩინის მაშინაც სურდა, როდესაც "მანჩესტერ სიტის" თავკაცი იყო და როგორც ჩანს, მიზნის მიღწევას "ინტერში" შეეცდება.

"გაძეტას" მტკიცებით, მანჩინის "მანჩესტერ სიტიდანაც" სურს მოთამაშეების წაყვანა, მისი ინტერესის სფეროში კი ალექსანდრ კოლაროვი და გაელ კლიში მოხვდნენ. ორივე განაპირა მცველია და თუ გავითვალისწინებთ, რომ მანჩინის "ინტერი" 4 მცველით ითამაშებს, მათ მიმართ ინტერესი სრულიად ბუნებრივია.

აქვე ვთქვათ, რომ იტალიელ ჟურნალისტთა პროგნოზით, სენიორ რობერტოს საბაზო ტაქტიკა მილანურ გრანდში 4-2-3-1 იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული