თამაში კარგი სანახავი იყო, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და მომენტებიც უხვად შეიქმნა, მაგრამ მეორე მხრივ, ხარვეზიც ბევრი იყო - რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, "მილანს" და "ინტერს" კლასი აკლიათ. მოკლედ, "სან სიროზე" მაღალი ტემპერატურა იყო, მაგრამ დაბალი კლასი...
ტაქტიკური ჭიდილი
თამაში ტაქტიკური თვალსაზრისით მეტად საინტერესო გამოდგა - "ინტერი" ბურთის გაკონტროლებას და მოედნის ცენტრზე გაბატონებას ცდილობდა, "მილანი" კი ფლანგებსა და სწრაფ იერიშებზე აკეთებდა აქცენტს. ფილიპო ინძაგი სწრაფი გარემარბებით ცდილობდა ფონს გასვლას - ჟერემი მენეზი და სტეფან ელ შაარავი მეტწილად გრძელ გადაცემებს იღებდნენ, მათი საქმე კი თამაშის გამწვავება იყო. ცენტრფორვარდის პოზიციაზე ფერნანდო ტორესი ირჯებოდა, თუმცა ბევრი არაფერი გაუკეთებია. მოკლედ, "მილანი" ფლანგებს მიენდო და ეს ლოგიკურიცაა, რადგან ნაიჯელ დე იონგის და რიკარდო მონტოლივოს არყოფნაში, ბურთის დამჭერი ფეხბურთელები ნაკლებად ჰყავს.
ამჯერად, საყრდენ ხაზს მიკაელ ესიენი და სალი მუნტარი ამაგრებდნენ, თუმცა საუკეთესოდ ვერ წარმოჩინდნენ. განსაკუთრებით კი, ეს მუნტარიზე ითქმის, რომელმაც რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა.
სამაგიეროდ, "ინტერმა" გააკეთა აქცენტი ბურთის დაჭერაზე, რაც არავის გაჰკვირვებია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გუნდს შუა ხაზში მატეო კოვაჩიჩი ჰყავს. გამთამაშებლად კოვაჩიჩი გყავდეს და აქცენტს ფლანგებზე აკეთებდე, სწორი არჩევანი არ უნდა იყოს.
მეორე ნახევარში ერნანესიც ჩაერთო თამაშში და თუ მათ ზდრავკო კუზმანოვიჩს და ფრედი გუარინს დავუმატებთ, ერთობ ტექნიკურ ნახევარდაცვას მივიღებთ, რომელსაც ბურთის დაჭერა არ უნდა გაუჭირდეს. შესაბამისად, "სან სიროზე" ტაქტიკური ჭიდილი ვიხილეთ და ამ ჭრილში, თამაში მართლაც საინტერესო სანახავი გამოდგა.
თამაში
თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა. დასკვნითი ნაწილი მაინც "როსონერის" უპირატესობით წარიმართა და შესაძლოა, ამიტომაც მატჩის შემდეგ უფრო კმაყოფილნი "ინტერისტები" ჩანდნენ. ანგარიში ჟერემი მენეზმა დიდებული დარტყმით გახსნა, საგოლე პასი კი მას სტეფან ელ შაარავიმ გაუკეთა. "ინტერის" გოლი თითქოს არსაიდან მოვიდა, ობი მიკელი საჭირო დროს საჭირო ადგილზე გაჩნდა და უზუსტესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში მოათავსა.
გატანის ბრწყინვალე შანსი გაუშვა ხელიდან სტეფან ელ შაარავიმ და თანაც ორჯერ; "ინტერიდან" კი მაურო იკარდი სცოდავდა. სულ ბოლოს, ანდრეა პოლის მიეცა შანსი, მაგრამ მიზანმა მასაც უმტყუნა.
რობერტო მანჩინიმ გუნდის გაძლიერება ერნანესის თამაშში ჩართვით სცადა, ფილიპო ინძაგის პასუხი კი ტორესის კეისუკე ჰონდათი ჩანაცვლება გახლდათ. ერნანესმა ნაკლებად და ჰონდამ კი დაგვამახსოვრა თავი - რამდენჯერმე მწვავედ შეუტია და ერთხელ გატანაც შეეძლო. მთლიანობაში, საინტერესო მატჩი გამოვიდა, მაგრამ მწარე რეალობას ვერსად გავექცევით: დღეს "ინტერს" და "მილანს" კლასი აკლიათ.
ეს აღარაა ის "მილანი", რომელშიც სულ ახლო წარსულში რიკარდო კაკა, ანდრეი შევჩენკო და ფილიპო ინძაგი ბრწყინავდნენ და შესაბამისად, აღარც ის "ინტერია", სადაც შემტევ ტრიოს დიდებულ ფორმაში მყოფი ვესლი სნეიდერი, სამუელ ეტო'ო და დიეგო მილიტო ქმნიდნენ. გუშინ ელ შაარავიმ და იკარდიმ საუცხოო მომენტები გააფუჭეს, მეკარეებთან პირისპირ დარჩენილებმა ბურთი ჩარჩოში ვერ მოახვედრეს - ინძაგი და ეტო'ო ასეთ ეპიზოდებში, პრაქტიკულად, არ ცდებოდნენ...
ფილიპო ინძაგი ("მილანის" მწვრთნელი): "კარგი თამაში გამოვიდა, რომელიც ალბათ ლოგიკური შედეგით დასრულდა. ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო და შესაბამისად, შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები. თუმცა სატურნირო ცხრილის ყურება არაფერს მოგვცემს, ხარვეზები უნდა დავინახოთ და ყოველ მომდევნო შეხვედრაში უკეთ გავისარჯოთ. ორივე გუნდი რეკონსტრუქციის ფაზაშია და შესაბამისად, შეცდომა ბევრი იყო.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ორივე გუნდს ჰქონდა როგორც აღმასვლა, ისე ჩავარდნა. მთავარია, რომ მონდომება არავის აკლდა, დანარჩენი კი დროის ამბავია. ფერნანდო ტორესს უჭირს თავის გამოჩენა, მაგრამ მას ბოლომდე ვენდობი. ხშირად ვიხსენებ ერნან კრესპოს შემთხვევას, რომელსაც ორი თვე ვერ გაჰქონდა გოლი, მაგრამ კარლო ანჩელოტიმ ძირითადი შემადგენლობიდან არ ამოაგდო და არც უნანია; კრესპომ გაიტანა და შემდეგ ვეღარც გააჩერეს. ტორესი დაიწყებს გატანას, ამაში დარწმუნებული ვარ".
რობერტო მანჩინი ("ინტერის" მწვრთნელი): "ბიჭებს მადლობა ეკუთვნით, რადგან თავი არ დაუზოგავთ და მთლიანობაში, კარგი თამაში აჩვენეს. მით უმეტეს, ტაქტიკური მოდელი შევცვალეთ და ახალ სქემასთან შესაგუებლად სულ ხუთი დღე ჰქონდათ. დერბის განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს და სასურველი შედეგის მიღწევა ყოველთვის რთულია. გამონაკლისი არც ეს მატჩი იყო.
გუნდის გადაწყობის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მთავარი სამუშაო წინ გველის, თუმცა ამასთან, ქულები გვჭირდება, რათა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად ვიბრძოლოთ. მადლობა "ინტერის" ქომაგებს, ძალიან თბილად მიმიღეს და დადებითად დამმუხტეს. ჩვენ ერთად დავუბრუნებთ გუნდს ძველ დიდებას".
ადრიანო გალიანი ("მილანის" ვიცე-პრეზიდენტი): "ვერაფრით ვივიწყებ სტეფან ელ შაარავის და ანდრეა პოლის მომენტებს, მოგების შემთხვევაში ხომ ჩემპიონთა ლიგის ზონას ერთი ფეხის ნაბიჯზე მივუახლოვდებოდით. არა უშავს, ასე უნდა გავაგრძელოთ და შედეგი აუცილებლად მოვა.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჭიქა ნახევრად სავსეა, რადგან ჩვენს თამაშში პოზიტივი მეტი იყო, ვიდრე ნეგატივი. სილვიო ბერლუსკონის ველაპარაკე და ისიც კმაყოფილია. ფილიპო ინძაგის ნდობის სრული მანდატი აქვს და დარწმუნებული ვარ, მის ხელში გუნდი დიდ მიზნებს შეეჭიდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"