ტურინის "იუვენტუსი": ასამოა და რომულო მძიმედ დაშავდნენ

AutoSharing Option
ცუდი ამბები გვაქვს "იუვენტუსის" გულშემატკივრებისთვის, რადგან გუშინ ტურინული გრანდის ორი ფეხბურთელის მძიმედ დაშავების შესახებ შევიტყვეთ. 25 წლის კვადვო ასამოა 4 თვეს იუქმებს, 27 წლის რომულო სოუზას კი 3 თვე გაუცდება.

კვადვო ასამოას მიმდინარე სეზონში ისედაც ბევრი გაუცდა, მყესის დაზიანების შემდეგ კი მისთვის ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო. აფრიკელი ბარსელონაშია და რეაბილიტაციის პირველ პერიოდს იქაური ექიმების ხელში გაივლის.

ასამოა "იუვენტუსის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია და ბუნებრივია, მისი მძიმე ტრავმა გუნდისთვის პრობლემაა - ამაზე "ვეკია სენიორას" მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის სიტყვები მოწმობს:

"ასამოას დაბრუნებას
მოუთმენლად ველოდი, მაგრამ ეს მოლოდინი კიდევ დიდი ხნით გახანგრძლივდა. კვადვო მებრძოლი ფეხბურთელია და მას ყველაზე რთულ შეხვედრებში თამამად ვეყრდნობოდი. იმედი მაქვს, სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით გაივლის და კიდევ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება".

მძიმე ტრავმა აქვს რომულო სოუზას და დაახლოებით 3 თვე მოუწევს მკურნალობა. გასული სეზონი რომულოსთვის იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ჩეზარე პრანდელი მას იტალიის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე წაყვანას უპირებდა; აი, ამ სეზონში კი აშკარად დაითარსა. "ვერონადან" "იუვენტუსში" გადასული აშკარად ჩაიკარგა, რასაც ტრავმა მოჰყვა.

რომულოს მარცხენა მცველის პოზიციაზე შეუძლია თამაში და ის შეგვეძლო განგვეხილა როგორც კვადვო ასამოას ალტერნატივა. თუმცა, რადგან სოუზაც დაშავდა, პატრის ევრას კარი ბოლომდე ეხსნება. ფრანგის კონკურენტი სიმონე პადოინია, რომელმაც მარცხენა მცველის პოზიციაზე რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული