იტალია. სერია A. XIV ტურის წინ: "ბებერი ქალბატონის" რთული მისია

AutoSharing Option
ფოტოზე: ვნახოთ, როგორ დასრულდება ვინჩენცო მონტელასა და მასიმილიანო ალეგრის დაპირისპირება

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-14 ტური ოთხ დღეზეა გაწერილი. ყველაზე დიდ ინტერესს დღეს, 5 დეკემბერს დაგეგმილი პაექრობა იწვევს, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ "ფიორენტინა" და "იუვენტუსი" წარდგებიან.

შეხვედრა შაბათს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ერთი დღით გადმოსწიეს, რათა "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი პაექრობისთვის უკეთ მომზადების საშუალება მიეცეს...

"იუვეს" ფლორენციაში ელიან
ფლორენციაში მოგება ურთულესი საქმეა და არ აქვს მნიშვნელობა, "ფიორენტინას" გრანდი სტუმრობს თუ ჩემპიონატის აუტსაიდერი. "ვიოლას" სჩვევია დიდი გუნდების ბეჭებზე დადება და ეს მიმდინარე
სეზონშიც დაამტკიცა. კრიზისში მყოფმა "ფიორენტინამ" "ინტერს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა და მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში აჩვენა.

ერთი სიტყვით, "იუვენტუსს" წინ რთული მისია ელოდება და საინტერესოა, როგორ წარმოაჩენენ თავს მასიმილიანო ალეგრის შეგირდები.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, "იუვენტუსი" კვლავ 4-3-1-2 ტაქტიკით გაირჯება, შეტევის წინა ხაზზე კარლოს ტევესი და ფერნანდო ლორენტე ითამაშებენ, ფორვარდთა უკან კი არტურო ვიდალი იმოქმედებს. შუა ხაზს ანდრეა პირლო, პოლ პოგბა და რობერტო პერეირა გაამაგრებენ. აი, კლაუდიო მარკიზიო კი თადარიგში მოიაზრება. რადგან შტეფან ლიხტშტაინერი დისკვალიფიცირებულია, ხოლო კვადვო ასამოა დაშავებული, დაცვის ფლანგებს სიმონე პადოინი და პატრის ევრა გაამაგრებენ.

გასულ ტურში "ფიორენტინამ" "კალიარი" გაანადგურა და ვინჩენცო მონტელა შემადგენლობის შეცვლას არ აპირებს. ისევ 3-5-2 ტაქტიკა და ისევ ხუან კუადრადო-მარიო გომესის ტანდემი თავდასხმაში. ნახევარდაცვაში მატი ფერნანდესს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელმაც გასულ ტურში სამი გოლი გაიტანა და ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ყალიბდება.

ვინჩენცო მონტელა (ფიორენტინა): "წინ ურთულესი მატჩი გველის, რადგან იტალიის საუკეთესო გუნდთან მოგვიწევს პაექრობა. მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ. მიმდინარე სეზონში არასტაბილურად ვასპარეზობთ და იმედია, ამ სენს დავძლევთ.

ჩვენი კოზირი? - არ არსებობს კოზირი, რომელიც "იუვენტუსთან" თამაშს მოგაგებინებს - უნდა ვიბრძოლოთ, თავი არ დავზოგოთ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ტრავმის გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ ეს არ გვაშინებს და მოახლოებულ მატჩს ოპტიმისტურად ველოდები. მართალია, "ფიორენტინამ" საკუთარი თავი იპოვა და კარგად ათამაშდა, მაგრამ ფლორენციაში მოსაგებად მივდივართ.

ფრე არ იქნება ცუდი შედეგი, მაგრამ ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა".

სავარაუდო შემადგენლობები
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - სავიჩი, გონსალო, ბასანტა - ხოაკინი, ფერნანდესი, პისარო, ბორხა ვალერო, ალონსო - კუადრადო, გომესი.
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - პადოინი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - პერეირა, პირლო, პოგბა - ვიდალი - ტევესი, ლორენტე.

"მილანი" გენუაში
ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება გენუაში, სადაც "ჯენოა" "მილანს" უმასპინძლებს. ფილიპო ინძაგის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის და გამარჯვებით მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს პოზიციას.

თუმცა მოგება იოლი არ იქნება, რადგან "როსონერის" მეტოქე სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ამბიციების ნაკლებობას არ უჩივის. ინძაგი კვლავაც ჟერემი მენეზის, კეისუკე ჰონდას და სტეფან ელ შაარავის იმედზე იქნება, ფერნანდო ტორესი კი, ალბათ, ისევ თადარიგში დარჩება.

რაც შეეხება "ჯენოას", ჯამპიერო გასპერინის გუნდი ნაცადი 3-4-3 სქემით გაირჯება, შეტევაში კი პეროტის, იაგოს და მატრის ვიხილავთ. ამ თამაშში სასწორზე 6 ქულა დევს, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

"რომა" "სასუოლოს" უმასპინძლებს და ბუნებრივია, მხოლოდ სამი ქულისთვის ითამაშებს. მით უმეტეს, "იუვენტუსს" ურთულესი მატჩი აქვს და ქულების დაკარგვის ალბათობა მაღალია. რუდი გარსია შეგირდებს ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრს უკრძალავს და "სასუოლოსთან" დაგეგმილი მატჩის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, "მანჩესტერ სიტისთან" ჯახზე კვირას დილიდან იფიქრებს...

იტალია. სერია A. XIV ტური
პარასკევი. 5 დეკემბერი
ფიორენტინა-იუვენტუსი 23.45
დისკვალიფიკაცია: ლიხტშტაინერი (იუვენტუსი)
ტრავმა: როსი, ბერნარდესკი, პასკუალი, ლუპატელი - ბარცალი, კასერესი, ასამოა, ბარონე, რომულო
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 5-0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +5=14-20, (40-62)

შაბათი. 6 დეკემბერი
რომა-სასუოლო 21.00
დისკვალიფიკაცია: მანიანელი (სასუოლო).
ტრავმა: ბალცარეტი, კასტანი, უჩანი - პეგოლო, მანფრედინი.
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 4-2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=1-0, (3-1)

ტორინო-პალერმო 23.45
დისკვალიფიკაცია: გაცი - ვასკესი.
ტრავმა: ბაშა, მაზიელო, ნოჩერინო - მაკიენოკი, ბამბა, ნგოი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +3=4-3, (8-9)

კვირა. 7 დეკემბერი
ნაპოლი-ემპოლი 15.30
დისკვალიფიკაცია: კულიბალი (ნაპოლი).
ტრავმა: ცუნიგა, მიჩუ, ინსინიე - გუარენტე, ლაურინი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-3-0 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2=2-4, (5-14)

ატალანტა-ჩეზენა 18.00
დისკვალიფიკაცია: დრამე, ბოაკე (ატალანტა).
ტრავმა: როსეტი, ესტიგარიბია, რაიმონდი - მარილუნგო, რენძეტი, პერიკო.
ბოლო 6 შეხვედრა
0-4-2 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +5=5-0, (15-6)

ჯენოა-მილანი 18.00
დისკვალიფიკაცია: ესიენი (მილანი).
ტრავმა: რინკონი, მანდრაგორა - აბატე, ალექსი, დე შილიო, მუნტარი, მასტური.
ბოლო 6 შეხვედრა
4-2-0 1-4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +2=5-11, (10-25)

პარმა-ლაციო 18.00
დისკვალიფიკაცია: ფელიპე (პარმა).
ტრავმა: ბიაბიანი, მირანტე, კასანი, ხორკერა, კოდა, გეზალი, პალეტა - ჯენტილეტი, კატალდი, სიანი, პერეირინია, კავანდა, კანდრევა.
ბოლო 6 შეხვედრა
1-0-5 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +12=11-18, (45-52)

ინტერი-უდინეზე 23.45
დისკვალიფიკაცია: დომიცი (უდინეზე).
ტრავმა: ვიდიჩი, ჯონათანი, ერნანესი - სილვა, მურიელი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +21=10-12, (55-48)

ორშაბათი. 8 დეკემბერი
კალიარი-კიევო 22.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: კოლომბი, ერიკსონი, საუ - სკელოტო.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +4=10-9, (23-27)

ვერონა-სამპდორია 00.00
დისკვალიფიკაცია: ალფრედსონი - სორიანო, ობიანგი.
ტრავმა: სალა, ობადი, სორენსენი, მარტიჩი, იანკოვიჩი, იონიცა (ვერონა).
ბოლო 6 შეხვედრა
0-3-3 1-4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +1=5-4, (8-17)

ბომბარდირები:
9 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 8 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი); 7 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), მაურო იკარდი (ინტერი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 6 - კეისუკე ჰონდა (მილანი), ფილიპ ჯორჯევიჩი (ლაციო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული