იტალი. სერია A. XIV ტური
კალიარი-კიევო 0:2
გოლები: 0:1 მეჯორინი (4), 0:2 პალოსკი (9)
კალიარი (4-3-3): კრანიო - პიზანო (46. აველარი), ბენედეტი, როსეტინი, ბალცანო - კონტი, ეკდალი, კრიშეტიგი (46. დონსა) - ფარიასი, იბარბო, კოსუ (46. ლონგო)
კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, გამბერინი, ზუკანოვიჩი - ისკო, ბირსა (69. სკელოტო), ჰეტემაი, რადოვანოვიჩი - პალოსკი (88. ლოპესი), მეჯორინი (79. პელისიერი)
გაფრთხილება: ბენედეტი,
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 20-27; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 6-7 (1-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 10 000
ვერონა-სამპდორია 1:3
გოლები: 0:1 ედერი (28-პენ.), 1:1 ტონი (37), 1:2 ოკაკა (57), 1:3 გაბიადინი (62)
ვერონა (3-5-2): რაფაელი - როდრიგესი, მარკესი, მორასი - აგოსტინი (85. თალები), გუსტავო (80. ვალოტი), პანაიოტისი, გონსალესი, ხრისტოდოლოპულოსი - ლოპესი (74. ნენე), ტონი
სამპდორია (4-3-3): რომერო - დე სილვესტრი (71. კაჩატორე), სილვესტრი (40. გასტალდელო), რომანიოლი, მესბა - დუნკანი (55. კრსტიჩიჩი), პალომბო, რიცო - გაბიადინი, ედერი, ოკაკა
გაფრთხილება: აგოსტინი, ვალოტი - დე სილვესტრი, სილვესტრი, დუნკანი
გაძევება: მარკესი (26. ვერონა)
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 11-11 (6-7); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 20 000
* * *
საგულისხმოა, რომ იტალიური ფეხბურთის გრანდებს ხელი მოეცარათ და გამარჯვება ვერც ერთმა ვერ მოიპოვა. "იუვენტუსი" ფლორენციაში ჩავიდა და იქაურ "ფიორენტინას" დაუზავდა - 0:0. "რომამ" "სასუოლოს" უმასპინძლა და ასევე ფრეს დასჯერდა - 2:2. ანალოგიური ანგარიშით დასრულდა "ნაპოლი"-"ემპოლის" პაექრობა. "მილანმა" და "ინტერმა" სულაც წააგეს თამაშები და კიდევ უფრო გაირთულეს სატურნირო ვითარება. "როსონერი" "ჯენოასთან" დამარცხდა, ხოლო "ნერაძური" "უდინეზესთან"...ზეედორფი უკეთესი იყო
"მილანი" სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, "ინტერი" კი სულაც მეთორმეტეა. ორივე გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება აქვს მიზნად დასახული, მაგრამ თუ ასე გააგრძელეს, ვეჭვობთ, ვერც ევროპალიგას შეწვდებიან."მილანის" ქომაგები ფილიპო ინძაგიზე დიდ იმედებს ამყარებენ, მაგრამ ჯერჯერობით, შედეგი არასახარბიელოა.
"გაძეტა დელო სპორტმა" ინძაგი კლარენს ზეედორფს შეადარა და გვამცნო, რომ გასულ სეზონში, ჰოლანდიელს უკეთესი შედეგი ჰქონდა. თუ ინძაგის "მილანმა" მხოლოდ 5 მატჩი მოიგო, ზეედორფს ამ დროისთვის 8 თამაში ჰქონდა მოგებული. მართალია, კლარენსმა ერთით მეტი მატჩი წააგო, ვიდრე ფილიპომ, მაგრამ ქულები მეტი მოაგროვა.
მოკლედ, ინძაგის კარგი სტარტი არ გამოუვიდა, "ჯენოასთან" მარცხი კი თითქოს ლოგიკური იყო - თავად ფილიპო პრესასთან შემდეგს აცხადებს:
"რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით და ერთი გოლიც რომ გაგვეტანა, თამაში სხვა სცენარით წარიმართებოდა. თუმცა, დამაგვირგვინებელ ფაზაში რაღაც გვაკლია, რასაც დაცვაში შეცდომებიც ემატება. ეს იყო თამაში, რომლისგანაც სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. გუნდი ჩამოყალიბების სტადიაშია და ეს ხარვეზები მოსალოდნელი იყო, თუმცა დროა, უკეთ ავთამაშდეთ".
მანჩინიც ვერ ყოჩაღობს
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კიდევ უარეს დღეშია "ინტერი", რომელმაც თუ ასე გააგრძელა, გადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა. რობერტო მანჩინიმ თითქოს, კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ აურია და აგერ, "უდინეზესთანაც" შერცხვა. თავად მანჩინიმ მარცხი ასე შეაფასა:"პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატარეთ, დიდ უპირატესობას ვფლობდით, რაც გატანილ გოლშიც ავსახეთ. მეორე ნახევარში კონცენტრაცია დავკარგეთ, ავირიეთ და შედეგად, დროის მოკლე მონაკვეთში ორი გოლი მივიღეთ. თამაში 90 წუთის განმავლობაში გრძელდება და მსაჯის საფინალო სასტვენამდე ბრძოლაა საჭირო. შორს ვართ ოპტიმალური ფორმისგან, მაგრამ მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და ვფიქრობ, რომ მიმდინარე სეზონს სასურველ პოზიციაზე დავასრულებთ".
გენუელთა რენესანსი
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან 14 ტურია გასული, გენუური გუნდები კი სატურნირო ცხრილში მილანურ გრანდებზე მაღლა დგანან. გასული სეზონი "ჯენოამ" და "სამპდორიამ" ცხრილის ქვედა ნაწილში დაასრულეს, ასეთ აღმასვლას კი ცოტა თუ წარმოიდგენდა.მიმდინარე სეზონი "სამპდორიამ" უკეთ დაიწყო და თავიდანვე ლიდერებში გაერია, თუმცა შემდეგ "ჯენოამ" აიწყვიტა და სულაც მესამე ადგილზე მოკალათდა სატურნირო ცხრილში. ისიც გავიხსენოთ, რომ გენუურ დერბიში გამარჯვება "სამპას" დარჩა, რასაც გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
და მაინც, რაშია გენუელთა წარმატების ფორმულა? - ამ თემაზე "გაძეტა დელო სპორტში" ვრცელი სტატია დაიბეჭდა, რომელიც შესაძლოა, სამომავლოდ ამოვქექოთ, იქამდე კი "ჯენოას" მთავარი მწვრთნელის, ჯამპიერო გასპერინის კომენტარს გავეცნოთ:
"სიმართლე გითხრათ, მე თვითონ არ ველოდი, თუ ასე წარმატებით ვიასპარეზებდით და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე ვიქნებოდით. გასულ სეზონში გუნდი გავარდნის კანდიდატი იყო და მას შემდეგ შემადგენლობა დიდად არ შეცვლილა. წარმატების ფორმულა? - ერთ მუშტად შეკრული გუნდი გვყავს, რომელიც ერთი მიზნის ქვეშაა გაერთიანებული. ყველაზე მძიმე პერიოდშიც არ ვკარგავთ ერთობას და ეს ძალიან გვეხმარება.
როდესაც გენუურ დერბიში დავმარცხდით, პირობა დავდეთ, რომ გულშემატკივარს ბოდიშს კარგი თამაშით მოვუხდიდით - საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად მიდის".
ეს ის "ნაპოლი" აღარ არის
"იუვენტუსის" და "რომას" წაფორხოლების ფონზე, "ნაპოლის" კარგი შანსი ჰქონდა, რომ ლიდერებს მიახლოებოდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა "ემპოლისთან" მხოლოდ ქულა მოიპოვეს და მარცხთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე გამარჯვებასთან. ამ "ნაპოლის" პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაა - ამასთან, ეს ის "ნაპოლი" აღარ არის, რომელიც მთელ საფეხბურთო იტალიას და არა მარტო იტალიას აღაფრთოვანებდა. ბენიტესის გუნდს ის ცეცხლი აკლია, რომელსაც ესეკილ ლავეცი და ედინსონ კავანი ანთებდნენ.
თავად მწვრთნელმაც მიანიშნა ყველას, რომ ეს მისი ბოლო სეზონია ნეაპოლურ გუნდში და ასეთ დროს რომელიმე ტურნირის საგზურისთვის ბრძოლა და არა ტიტულისთვის, ნაკლებად საინტერესოა - შესაძლოა, გუნდზე ეს ფაქტორიც ახდენს უარყოფით გავცლენას. ფაქტია, რომ "ნაპოლის" მეტი შეუძლია და შესაძლებლობებს სრულად ვერ ავლენს. თავად ბენიტესი ოპტიმიზმს ინარჩუნებს:
"ბევრ კომპონენტში საუკეთესო შედეგი გვაქვს და ეს ოპტიმისტურად განმაწყობს. არ შეიძლება, რომ თამაშში 20 მომენტი შექმნა, მეტოქე შენს ნახევარზე 3-ჯერ გადმოვიდეს და მატჩი ფრედ დასრულდეს. შესაძლოა, რამდენიმე შეხვედრაში არ გაგიმართლოს, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. "ნაპოლის" შესწევს იმის ძალა, რომ სამეულში იყოს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"