თვითონ ბუფონს, თავის დროზე, ახალ ძენგას ეძახდნენ, ძენგას კი ახალ დინო ძოფს - აპენინებზე მეკარეებში არასდროს უჭირდათ და ეს ტენდენცია გრძელდება. სირიგუ უკვე 27 წლისაა, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის, პსჟ-ის ძირითადი მეკარეა და ბრწყინვალედ ასპარეზობს, მაგრამ ჯერ ვერ ეღირსა იტალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ფეხის მოკიდებას - მიზეზი გასაგებია, ბუფონი ისევ
ბუფონი სხვა სიმაღლეა
როდესაც 18-19 წლის ვიყავი და ჯანლუიჯი ბუფონს მადარებდნენ, ბედნიერი ვიყავი. ჯიჯი ჩემი კუმირი იყო და ბევრ რამეში ვბაძავდი კიდეც. მას შემდეგ თითქმის ათი წელი გავიდა და როდესაც დღესაც ბუფონს მადარებენ, ძალიან ვბრაზდები. აღარ ვარ იმ ასაკში, რომ სხვას შემადარონ, თუნდაც ისეთ ლეგენდარულ მეკარეს, როგორიც ბუფონია. თანაც, მე კარგად ვიცი, ვინ არის ბუფონი და ვინ ვარ მე - კარგი მეკარე ვარ, ის კი ლეგენდაა, რომლის მსგავსი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ცოტა იყო. ამიტომ, სანამ ჯიჯი კარში დგას, ის უალტერნატივო იქნება.
ეროვნული ნაკრები
ისევ ბუფონზე მომიწევს ლაპარაკი, რადგან იტალიის ეროვნულ ნაკრებში მისი შემცვლელი ვარ. ჩემი ვალია, რომ იქ ვიყო, სადაც "აძურას" დავჭირდები და არ აქვს მნიშვნელობა, მომიწევს თუ არა თამაში. ალბათ, ძირითადში მოხვედრის შანსი მაშინ მომეცემა, როდესაც ჯიჯი კარიერას დაასრულებს. ვიცი, რომ ბუფონს 40 წლამდე სურს თამაში და მინდა მას დიდი წარმატებები ვუსურვო. იტალიის ნაკრებში ბუფონის შემდეგაც მძაფრი კონკურენცია იქნება, რადგან ბევრი ძლიერი მეკარე გვყავს. მარტო მატია პერინი რად ღირს, რომელზეც უკვე ნადირობენ გრანდები. ხომ ხედავთ, როგორ ასპარეზობს "ჯენოა"? - დიდწილად, ეს პერინის დამსახურებაა.
პსჟ და სამომავლო გეგმები
პსჟ ევროპული ფეხბურთის გრანდია, აქ უამრავი ვარსკვლავი თამაშობს, მე კი მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ვარ. შესაბამისად, პარიზში თავს ბედნიერად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ. კლუბის მესვეურების, მწვრთნელის და გულშემატკივრების მხრიდან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ და მეტი არც არაფერი მჭირდება. ამასთან, პარიზში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, რადგან აქ არავინ ზედმეტად არ შეგაწუხებს. მთავარი განსხვავება პალერმოს და პარიზს შორის? - როდესაც "პალერმოში" ვთამაშობდი, სტადიონი იშვიათად ივსებოდა, მაგრამ ქუჩებში მშვიდად სეირნობა შეუძლებელი იყო - ტიფოზები მუდამ თავს დამტრიალებდნენ. რაც შეეხება პარიზს, ხანდახან მიკვირს, თუ საიდან მოდიან სტადიონზე ჩვენი გულშემატკივრები და ხომ არ ცხოვრობენ ისინი სხვა ქალაქში?! - პარიზში ჯერ არავის გავუჩერებივარ, ამ ქალაქში თითქოს ფეხბურთი არავის აინტერესებს, მაგრამ თამაშზე სტადიონი ყოველთვის ივსება.
საფრანგეთში თავს საუცხოოდ ვგრძნობ, რადგან სიმშვიდეს არაფერი მირჩევნია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"