"რომას" რომში სტადიონის აშენების უფლება მისცეს

AutoSharing Option
ქალაქ რომის მუნიციპალიტეტის სხდომამ იტალიური საფეხბურთო სამყაროს განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან ერთ-ერთი საკითხი "რომასთვის" მიწის ნაკვეთის გამოყოფა და სტადიონის ასაშენებლად საგანგებო უფლების გაცემა გახლდათ.

საბოლოოდ, საკითხი დადებითად გადაწყდა და "რომამ" მიიღო უფლება, რომ ახალი სტადიონი ააშენოს.

ამ თემაზე საგანგებო კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ გააკეთა:

"ეს არის ისტორიული დღე, რომელიც ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს ძალიან გაახარებთ. როგორც იქნა, მივიღეთ უფლება, რომ ახალი სტადიონი ავაშენოთ და სამომავლოდ, ჩვენმა გუნდმა საკუთარ არენაზე იასპარეზოს. რადგან წინ აღარაფერი გვიდგას, პროცესი ძალიან მალე
დაიწყება. სტადიონის მაკეტი და სხვა დეტალები უახლოეს დღეებში გაცხადდება. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ იქნება მხოლოდ საფეხბურთო არენა, ეს იქნება დიდი სპორტულ-გასართობი კომპლექსი, რომელშიც 1.2 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩაიდება".

როგორც ჯეიმს პალოტამ განმარტა, უშუალოდ სტადიონის ბიუჯეტი 300 მილიონი ევროა, დანარჩენი თანხა კი სწორედ გასართობი კომპლექსის ინფრასტრუქტურას მოხმარდება. სტადიონის გარშემო ატრაქციონები, კინოთეატრი, სპორტული მუზეუმი და სხვა გასართობი ობიექტები იმუშავებს.

თანხის დიდი ნაწილი ისეთ პროექტებს მოხმარდება, როგორიცაა სტადიონთან ავტობუსის გაჩერების პროექტირება და ტრამვაის ხაზის მიყვანა; აღნიშნულ პროექტებში "რომას" ფინანსურად ქალაქის მერიაც დაეხმარება. როგორც პალოტა აცხადებს, გუნდს საშინაო თამაში, კარგ შემთხვევაში, კვირაში ერთხელ უწევს, სტადიონს კი ასე თავის შენახვა გაუჭირდება - "რომას" პრეზიდენტის გათვლებით, გასართობი კომპლექსი კვირაში 7 დღე იმუშავებს და კომერციულად მომგებიანი იქნება.

საინტერესოა, რომ "რომას" ახალი სტადიონი, თავისი გასართობი კომპლექსით, გარეუბან ლაციოსთან ძალიან ახლოს აშენდება, იქ კი, ძირითადად, ამავე დასახელების გუნდის გულშემატკივრები სახლობენ. ამ თემაზე პალოტამ საგანგებო კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"როგორც იქნა, გამოგვიყვეს მიწის ნაკვეთი და მასზე უარს ვერ ვიტყოდით მხოლოდ იმიტომ, რომ ლაციოსთან ახლოს არის. ადგილი ხელსაყრელია, იოლად მისასვლელი და ამიტომ ყველას მოგვეწონა. არა მგონია, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნას - დარწმუნებული ვარ, ახალ სტადიონზე ტიფოზები თავს კომფორტულად იგრძნობენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული