სერია A. პირველი წრის შეჯამება: გმირები, ანტიგმირები და არამარტო...

AutoSharing Option
კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდეთ წლევანდელი სერია A-ს განვლილ ბატალიებს და პირველი წრე შევაჯამოთ. გამოვარჩიოთ ფეხბურთელები ან მწვრთნელები: ვინც გულშემატკივარი სასიამოვნოდ გააოცა და პირიქით, იმედი გაუცრუა...

5 გმირი
მასიმილიანო ალეგრი
როდესაც "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ანტონიო კონტემ დატოვა და მის ნაცვლად მასიმილიანო ალეგრი დაინიშნა, გულშემატკივრებმა ლამის გლოვა გამოაცხადეს - წარმატებული "იუვე" მათთვის კონტესთან ასოცირდებოდა, ალეგრის კვალიფიკაცია კი ეჭვს ბადებდა. თუმცა სენიორ მასიმილიანომ საქმეს თავი კარგად გაართვა - მისი გუნდი სათავეში უდგას სატურნირო ცხრილს და როგორც ბევრი აღნიშნავს, კიდევ უკეთესად ასპარეზობს, ვიდრე გასულ სეზონში.
ალეგრი თანაბარი წარმატებით იყენებს რამდენიმე ტაქტიკურ მონახაზს, რაც "ვეკია სენიორას" თამაშს უფრო მრავალფეროვანს ხდის.

სტეფანო პიოლი
სეზონის წინ "ლაციოსგან" არავინ არაფერს ელოდა, მაგრამ საშობაო პაუზას გუნდი მესამე ადგილზე შეხვდა. ამ პროგრესის მთავარ შემოქმედად გუნდის მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი უნდა მივიჩნიოთ. "ბიანკოჩელესტე" შემტევ, სწრაფ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს - პიოლი მეტწილად 4-3-3 ტაქტიკას ირჩევს, რაც ამართლებს კიდეც. სენიორ სტეფანოს ხელში ბრწყინვალედ ათამაშდა ფილიპ ჯორჯევიჩი, რომელიც თვით მიროსლავ კლოზეს უწევს კონკურენციას. "ლაციო" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, რასაც არავინ ელოდა.

სინიშა მიხაილოვიჩი
კიდევ ერთი მწვრთნელი, რომლის გუნდიც იმაზე გაცილებით უკეთ ასპარეზობს, ვიდრე ველოდით. გასულ სეზონთან შედარებით, "სამპდორია", პრაქტიკულად, არ გაძლიერებულა, მაგრამ თამაშს მოუმატა. გენუელებმა რამდენიმე ბრწყინვალე შეხვედრა გამართეს, განვლილი 16 ტური სტაბილურად ჩაატარეს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. ქებათა ქება მიხაილოვიჩს, რომელმაც გუნდი ერთი მიზნის ქვეშ გააერთიანა და სწორ, გამართულ, ეფექტურ ფეხბურთს ათამაშებს.

რაჯა ნაინგოლანი
როდესაც "რომას" სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ რაჯა ნაინგოლანი გადაიბირა, მკაცრად გააკრიტიკეს - იტალიური სპორტული პრესა ამტკიცებდა, რომ დედაქალაქელებმა ბელგიელში არაადეკვატურად დიდი თანხა გადაიხადეს. "გაძეტა დელო სპორტის" შეფასებით, განვლილ 16 ტურში ნაინგოლანი საუკეთესო ნახევარმცველია იტალიის ჩემპიონატში, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. რუდი გარსიას უყვარს როტაცია და ხშირად ცვლის ფეხბურთელებს, მაგრამ რაჯას ეს ყველაზე ნაკლებად ეხება. ხშირად ნახავთ თადარიგში დანიელე დე როსის, მირალემ პიანიჩს, სეიდუ კეიტას, მაგრამ არა რაჯა ნაინგოლანს - შუა ხაზში ის "ჯალოროსის" მთავარი ვარსკვლავია.

კარლოს ტევესი
"იუვენტუსის" მთავარი ფორვარდი კარლოს ტევესი კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა. განვლილ 16 ტურში 10 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას. ტევესი ეფექტურია ჩემპიონთა ლიგაზეც, სამიოდე დღის წინ გამართულ სუპერთასის პაექრობაში კი დუბლი შეასრულა.
მოკლედ, ტევესი "იუვენტუსისთვის" ფასდაუდებელი ფეხბურთელი და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, მთავარი დამრტყმელი ძალაა. ნაინგოლანის არ იყოს, როტაცია არც მასზე ვრცელდება - ტევესი მუდმივად სასტარტო შემადგენლობაშია და ასე იქნება სეზონის მეორე ნახევარშიც.

5 იმედგაცრუება
ინტერი
სატურნირო ცხრილში "ინტერს" მეთერთმეტე ადგილი უკავია, რასაც გულშემატკივრები ნამდვილად არ ელოდნენ. შესაძლოა, ყველაზე თავგადაკლულ ტიფოზებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ მათი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, მაგრამ რეალურად, ამის ალბათობა მიზერულია. ვალტერ მაცარიმ ვერ გაამართლა და ის რობერტო მანჩინით ჩაანაცვლეს, თუმცა ჯერჯერობით, ვერც მის მიერ დამოძღვრილი "ინტერი" ბრწყინავს. შედეგად, "ნერაძურის" ბოლო საშინაო შეხვედრას ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე მხოლოდ 36 000 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ბოლო წლების ანტირეკორდია. მანჩინი გვპირდება, რომ მეორე წრეში ვითარება გამოსწორდება, მაგრამ ჯერჯერობით, "ინტერი" სეზონის ერთ-ერთი იმედგაცრუებაა.

პარმა
კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც გააწბილა გულშემატკივარი. ემილიელები ბოლო ადგილზე არიან სატურნირო ცხრილში და არც იმის ნიშნები ჩანს, რომ მეორე წრეში ვითარება გამოსწორდება. ფინანსური დარღვევების გამო გუნდს ერთი ქულა დააკლეს და შესაძლოა, სასჯელი კიდევ უფრო გამკაცრდეს. რობერტო დონადონის სადავეები ხელიდან გაექცა - რა ტაქტიკა-შემადგენლობაც არ უნდა დააყენოს, მუდმივად დამარცხებული გამოდის. ხშირ როტაციას შედეგი არ მოაქვს და თუ ასე გაგრძელდა, მომდევნო სეზონში "პარმას" სერია B-ში ვიხილავთ.

ფერნანდო ტორესი
მართალია, ფერნანდო ტორესი უკვე დიდი ხანია ვეღარ ბრწყინავს, მაგრამ "მილანის" გულშემატკივრები მის ტრანსფერს მაინც დიდი სიხარულით შეხვდნენ. თითქოს ტორესს სჭირდებოდა "მილანი" და "მილანს" ტორესი, მაგრამ ჯერჯერობით რომანი არ შედგა, ესპანელმა ათ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და თავი ვერაფერში წარმოაჩინა. იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ტორესი უკვე შეადარეს "მილანის" სხვა ესპანელ თავდამსხმელებს, რომლებმაც წლების წინ ასეთივე ფიასკო განიცადეს - ლაპარაკია ხავი მორენოსა და ხოსე მარიზე. შესაძლოა, ტორესმა ამავე ზამთარს დატოვოს ლომბარდიული გრანდი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეცდება, სეზონის მეორე ნახევარში მაინც წარმოაჩინოს თავი.

ნემანია ვიდიჩი
"ინტერის" გულშემატკივრებს ნემანია ვიდიჩის განსაკუთრებულად ეიმედებოდათ, მაგრამ სერბი მცველი იტალიურ ფეხბურთს საერთოდ ვერ მოერგო. სეზონის სტარტზე რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და შემდეგ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც გუნდს რობერტო მანჩინი ჩაუდგა სათავეში. ახალმა მწვრთნელმა პირდაპირ განაცხადა, რომ ვიდიჩის სათამაშო კონდიცია არ აკმაყოფილებს და მას განაცხადშიც კი ვერ მოუძებნა ადგილი. მოკლედ, ნემანია "ინტერში" ჩაიკარგა და რთული სათქმელია - რა იქნება მომავალში.

ეშლი კოული
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც ინგლისიდან იტალიაში ჩავიდა და თავი ვერაფრით წარმოაჩინა. "რომას" მარცხენა ფრთა სწორედ ეშლი კოულს უნდა გაეკონტროლებინა, მაგრამ ბრიტანელი სათადარიგოთა სკამს ხეხავს, ძირითადში კი ბერძენი ჰოლებასი ასპარეზობს. ეს უკანასკნელი ისე კარგად ათამაშდა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, თუნდაც მეორე წრეში დათმოს ადგილი, კოული კი უნივერსალი არასდროს ყოფილა, სხვა პოზიციაზე რომ ივარგოს. ამბობენ, კოულს იტალიის დატოვება სურსო, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა.

5 აღმოჩენა
ჯენოა
სატურნირო ცხრილის მიხედვით, "ჯენოა" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, არადა, სეზონის წინ გუნდს დაქვეითების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად მიიჩნევდნენ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან გენუელები ვარსკვლავური შემადგენლობით ვერ დაიკვეხნიან. მაგალითად, შეტევის წინა ხაზზე სასტარტოში პეროტი და იაგო ასპარეზობენ, რომელთა ვინაობა აქამდე არავინ იცოდა. ცენტრფორვარდი ხან ალესანდრო მატრია, ხან მაურისიო პინილია, მაგრამ გოლების სიუხვით ვერც ისინი დაიკვეხნიან. "ჯენოა" ერთ მუშტად შეკრული გუნდია, რაშიც ლომის წილი მთავარ მწვრთნელ ჯამპიერო გასპერინის მიუძღვის.

პაულო დიბალა
"პალერმოს" ახალგაზრდა არგენტინელი ფორვარდი სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. როგორც სიცილიური კლუბის პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი აცხადებს, ის ბევრად უფრო ნიჭიერია, ვიდრე ედინსონ კავანი და სულ მალე მისი სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევრო იქნება. ვნახავთ, რა იქნება მომავალში, მაგრამ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი რომ შესანიშნავად ჩაატარა, ცხადზე უცხადესია. სატურნირო ცხრილში "პალერმოს" მოულოდნელად მაღალი, მეათე ადგილი უკავია და ამაში დიბალას დიდი წვლილი მიუძღვის.

ჟერემი მენეზი
ჟერემი მენეზი რომ ნიჭიერი ფეხბურთელია, იტალიაში ჯერ კიდევ "რომაში" ასპარეზობიდან იცოდნენ, მაგრამ "მილანს" თუ ასე კარგად მოერგებოდა, რთულად წარმოსადგენი იყო. ფრანგი შემტევი ლომბარდიული გრანდის მთავარი დამრტყმელი ძალაა და ალბათ, ასე იქნება სეზონის მეორე ნახევარშიც. თუ აქამდე ჟერემი გარემარბის პოზიციაზე ირჯებოდა, "მილანში" ცენტრფორვარდად იქცა და გოლებიც ბლომად გააქვს. რამდენიმე მართლაც ეფექტური ბურთი შეაგდო, "პარმას" წინააღმდეგ კი ნამდვილი შედევრი შექმნა. მენეზი უდავოდ სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა.

დანიელე რუგანი
იტალიური საფეხბურთო სამყაროს ყურადღება დანიელე რუგანიმ სერია B-ში ასპარეზობისას მიიქცია, მაგრამ ელიტაში თუ ასე თამამად შეაბიჯებდა და იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურს მოირგებდა, ნაკლებად მოსალოდნელი იყო. ამიტომ "ემპოლის" ცენტრალური მცველი სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა. ცნობისთვის, 20 წლის რუგანი "იუვენტუსის" საკუთრებაა და ტურინული გრანდის მესვეურები არ მალავენ, რომ მის დაბრუნებას მომდევნო სეზონიდან აპირებენ. "სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ რუგანი ქებით ცაში აიყვანა და განაცხადა, რომ დანიელე იტალიური ფეხბურთის მომავალია.

ეუსებიო დი ფრანჩესკო
მიმდინარე სეზონში "სასუოლო" ნეიტრალურ გულშემატკივართა განსაკუთრებულ სიმპათიას იმსახურებს, რაც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ეუსებიო დი ფრანჩესკოს დამსახურებაა. "ნერივერდე" გახსნილ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რომელსაც შედეგი მოაქვს. მოკრძალებული შესაძლებლობების გუნდი ცხრილში მეთორმეტე ადგილზეა და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელიტარულ ლიგას არ დატოვებს. "სასუოლოს" განაცხადში მხოლოდ ოთხი ლეგიონერია და ხშირად გუნდის ძირითად შემადგენლობაში თერთმეტი იტალიელი ირჯება - ამიტომ აპენინებზე ამ გუნდს ძალიან აფასებენ და გულშემატკივრობენ.

ტენდენციები
- უკვე მეორე სეზონია ჩემპიონობისთვის ორი გუნდი: "იუვენტუსი" და "რომა" იბრძვის. მიმდინარე ჩემპიონატს ეკვატორი ჯერ არ გადაულახავს და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკუდეტოს ან "ბიანკონერი", ან "ჯალოროსი" მოიპოვებს.

- მიმდინარე სეზონში იტალიელი მწვრთნელები აქტიურად იყენებენ გამთამაშებლის პოზიციას. როგორც "გაძეტა დელო სპორტი" წერს, კალჩოში ტრეკვარტისტას (გამთამაშებელი) როლი ძველ დიდებას იბრუნებს. ალეგრიმ "იუვენტუსი" 4-3-1-2 სქემაზე გადააწყო და პლეიმეიქერად რობერტო პერეირას ათამაშებს, ხშირად კი ამ პოზიციაზე არტურო ვიდალი ირჯება. როგორც ამბობენ, კლუბის სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას სწორედ გამთამაშებლის გადაბირებას აპირებს. "ინტერში" ეს როლი მატეო კოვაჩიჩს აკისრია, განსაკუთრებულ ყურადღებას კი "ემპოლის" ნიჭიერი პლეიმეიქერი სიმონე ვერდი იპყრობს.

- იტალიური საკლუბი ფეხბურთის კრიზისზე ბევრი იწერება და არცაა დასამალი, რომ კალჩოს საუკეთესო დროება არ უდგას, მაგრამ მეორე მხრივ, იტალია ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც ევროტურნირებზე გუნდი არ დაუკარგავს. მართალია, "ნაპოლი" და "რომა" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ, მაგრამ ევროპალიგაზე გადაინაცვლეს და რჩებათ შანსი, საერთაშორისო ასაპარეზზე გაიბრწყინონ. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, იტალიელები უდანაკარგოდ მიიწევენ წინ.

პირველი წრის სიმბოლური ნაკრები
(4-3-3)

პერინი (ჯენოა) - აბატე (მილანი), ბონუჩი (იუვენტუსი), რუგანი (ემპოლი), ანტონელი (ჯენოა) - პოგბა (იუვენტუსი), პირლო (იუვენტუსი), ნაინგოლანი (რომა) - კანდრევა (ლაციო), ტევესი (იუვენტუსი), მენეზი (მილანი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული