სავარაუდო ტრანსფერი: მურიელი გაბიადინის შემცვლელად?

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ მედიაში მანოლო გაბიადინის "სამპდორიადან" "ნაპოლიში" გადასვლას გადაწყვეტილად მიიჩნევენ. მაგალითად, "კორიერე დელო სპორტი" იუწყება, რომ მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და რამდენიმე დღეში 23 წლის ფორვარდი გენუიდან ნეაპოლში გადაბარგდება.

აპენინელი ჟურნალისტები გაბიადინის შესაძლო შემცვლელზეც წერენ და გვამცნობენ, რომ დიდი ალბათობით, "სამპას" მაისურს ლუის მურიელი მოირგებს. 23 წლის თავდამსხმელის გადაბირებას გენუელები გასულ ზაფხულსაც ცდილობდნენ, მაგრამ "უდინეზეს" მესვეურებს სატრანსფერო ფასზე ვერ შეუთანხმდნენ.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, გენუელებს ლუისის ყიდვა სურთ, თუმცა შესაძლოა საიჯარო კონტრაქტი გაფორმდეს. "სამპდორიას" პრეზიდენტი მზად არის, მურიელის სანაცვლოდ 7
მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ფრიულელებს 10 მილიონი სურთ. ამიტომ ალტერნატიულ ვარიანტად იჯარა განიხილება.

ამ თემაზე კომენტარი "უდინეზეს" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ გააკეთა:

"მურიელის მიმართ "სამპდორია" მართლაც იჩენს ინტერესს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, მისი წასვლა გადაწყვეტილი სულაც არაა. კოლუმბიელი უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა და თანაბრად ნაყოფიერია როგორც სიღრმიდან თამაშისას, ისე შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში; კარგად ხედავს მოედანს და კარშიც შესანიშნავად ურტყამს. ასე რომ, ლუისის მიმართ ინტერესი არ მიკვირს. პირადად მე, მურიელის შენარჩუნებას ვისურვებდი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული