იტალია. სერია A. XIX ტურის წინ: ჯახი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში, წინა უქმეების ბატალიებზე დღემდე წერენ, თუმცა შუა კვირაში თასის პაექრობები გაიმართა და აგერ, ახალი ტურიც მოგვადგა კარს.

მთავარი მატჩი რომში გაიმართება, სადაც "ლაციო" "ნაპოლის" უმასპინძლებს..

მესამე ადგილისთვის
"სტადიო ოლიმპიკოზე" ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები წარდგებიან. "ლაციო" მესამე ადგილზეა მოკალათებული, თუმცა "ნაპოლი" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება და თუ რომში მოიგებს, შეაბიჯებს კიდეც ჩემპ;იონთა ლიგის ზონაში.

ორივე გუნდი მოსაგებად ემზადება, რაზეც მწვრთნელების კომენტარები მეტყველებს, თუმცა სანამ სიტყვას მათ გადავცემდეთ, ორიოდე სიტყვით შემადგენლობებზეც ვთქვათ.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, სტეფანო პიოლი 4-3-3 ტაქტიკაზე უარს იტყვის და გუნდს 4-2-3-1 სქემაზე გადააწყობს - შეტევის წინა ხაზზე ფილიპ ჯორჯევიჩს ვიხილავთ, მის უკან კი სტეფანო მაური, ფელიპე ანდერსონი და ანტონიო კანდრევა გაირჯებიან.

რაფაელ ბენიტესი საყვარელ ტაქტიკას არასდროს ღალატობს და ამჯერადაც 4-2-3-1-ს დაეყრდნობა - წინ გონსალო იგუაინი, უკნიდან კი დრის მერტენსი, ხოსე კალეხონი და მარეკ ჰამშიკი.

სტეფანო პიოლი ("ლაციოს" მწვრთნელი):
"რომაული დერბის შემდეგ, კიდევ ერთი ურთულესი მატჩი გველოდება. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და ამიტომ, შეტევაზე გავაკეთებთ აქცენტს. ამასთან, დაცვაში გმართებს სიფხიზლე, რადგან "ნაპოლი" კონტრშეტევაზე ძალიან სახიფათოა. ფელიპე ანდერსონი? - მესმის მისი ოჯახური მდგომარეობა, მაგრამ გუნდს სჭირდება და აუცილებლად ითამაშებს".

რაფაელ ბენიტესი ("ნაპოლის" მწვრთნელი):
"ტურინის "იუვენტუსთან" დასანანი მარცხი ვიწვნიეთ და ხასიათი რომში უნდა გამოვიკეთოთ. "ლაციოსთან" თამაში არანაკლებ რთული იქნება, მაგრამ შეგვწევს ძალა, რომ სახლში სამი ქულით დავბრუნდეთ. იქნება თუ არა ძირითადში მანოლო გაბიადინი? - მასზე დიდ იმედს ვამყარებ, თუმცა ჯერ ახალ გარემოსთან ადაპტაციას გადის. ძირითად შემადგენლობას მატჩის დღეს დავაყენებ".

სავარაუდო შემადგენლობები
ლაციო (4-2-3-1): ბერიშა - ბასტა, დე ვრი, კანა, რადუ - პაროლო, ბილია - კანდრევა, მაური, ანდერსონი - ჯორჯევიჩი
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, კულიბალი, ალბიოლი, მესტო - გარგანო, დავიდ ლოპესი - კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი - იგუაინი

ლიდერები
საინტერესო ჯახია სიცილიაზე, სადაც "პალერმო" "რომას" უმასპინძლებს. კუნძულელები კარგ ფორმაში არიან, ევროსაგზურისთვის იბრძვიან და იოლად არაფერს დათმობენ, თანაც, საკუთარ მოედანზე. ერთი სიტყვით, რუდი გარსიას გუნდს მორიგი გამოცდა ელის და სწორედ ასეთ მატჩებში უნდა დაამტკიცოს, რომ სკუდეტოს მოპოვება შეუძლია.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, გარსია შეტევაში ადემ ლიაიჩს, ხუან იტურბეს და მატია დესტროს გაამწესებს, რომაული დერბის გმირი ფრანჩესკო ტოტი კი თადარიგში მოიაზრება.

"პალერმო" ორი ფორვარდით შეუტევს და ორივე არგენტინელია: ფრანკო ვასკესი და პაულო დიბალა.

ეს ის თამაშია, რომლის პროგნოზირება ურთულესია და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...

"იუვენტუსი" "ვერონას" უმასპინძლებს და ამ შემთხვევაში, ფავორიტი გამოკვეთილია. ტურინული გრანდი სამი ქულის მოსაპოვებლად ემზადება, მასიმილიანო ალეგრი კი ექსპერიმენტებს მოერიდება - ისევ კარლოს ტევესი და ფერნანდო ლორენტე წინა ხაზზე და ისევ ნაცადი ოთხეული შუა ხაზში: ანდრეა პირლო, პოლ პოგბა, კლაუდიო მარკიზიო და არტურო ვიდალი.

იტალია. სერია A. XIX ტური
შაბათი. 17 იანვარი
ემპოლი-ინტერი 21.00
დისკვალიფიკაცია: მარიო რუი - ჟუანი
ტრავმა: გუარენტე - ნაგატომო
ბოლო 6 შეხვედრა
0-5-1 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +2=1-13, (13-39)

პალერმო-რომა 23.45
დისკვალიფიკაცია: დე როსი, ნაინგოლანი (რომა)
ტრავმა: უჩანი, ჟერვინიო, კეიტა, ბალცარეტი, კასტანი, სანაბრია
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 3-3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +7=3-10, (28-35)

კვირა. 18 იანვარი
ლაციო-ნაპოლი 15.30
დისკვალიფიკაცია: მარკეტი - ბრიტოსი
ტრავმა: ედერსონი, გონსალესი, სიანი, ბრაავჰეიდი, ჯენტილეტი, ლულიჩი - ცუნიგა, მუჩი, ინსინიე, გულამი
ბოლო 6 შეხვედრა
3-3-0 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +12=7-10, (46-38)

მილანი-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: დე შილიო - ბელინი
ტრავმა: ვან გინკელი, ჰონდა - კერუბინი, ესტიგარიბია, რაიმონდი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 1-4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +18=7-5, (52-23)

ჩეზენა-ტორინო 18.00
დისკვალიფიკაცია: გლიკი (ტორინო)
ტრავმა: მარილუნგო, ტაბანელი, ლუკინი, ალმეიდა - ამაური, ბარეტო
ბოლო 6 შეხვედრა
0-1-5 1-4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +2=4-4, (7-9)

კიევო-ფიორენტინა 18.00
დისკვალიფიკაცია: სავიჩი (ფიორენტინა)
ტრავმა: რადოვანოვიჩი - როსი, ბერნარდესკი, ლუპატელი, ბაბაქარი, აკვილანი, ლაძარი, ნეტო
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +5=2-15, (20-33)

ჯენოა-სასუოლო 18.00
დისკვალიფიკაცია: პეროტი, დე მაიო - ვრსალკო, კანავარო
ტრავმა: მარკეზე, მატრი, ტინო კოშტა - პეგოლო, ტაიდერი, პელუზო
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=0-1, (4-4)

პარმა-სამპდორია 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბიაბიანი, კოდა, ასკუა, ბელფოდილი, ხორკერა - მესბა, ფორნაზიერი
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +13=8-9, (38-37)

უდინეზე-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: ვიდმერი (უდინეზე)
ტრავმა: პინცი, გეიხო, ბადუ, ვაგუე, ევანჯელისტა, საპატა - კრანიო, კოსუ, იბარბო, ბალცანო
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +18=6-6, (53-31)

იუვენტუსი-ვერონა 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბარცალი, ასამოა, რომულო - იონიცა, ობადი, იანკოვიჩი, გომესი, ხრისტოდოლოპულოსი
ბოლო 6 შეხვედრა
3-3-0 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +9=2-1, (18-10)

ბომბარდირები:
11 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 10 - მაურო იკარდი (ინტერი); 9 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), პაულო დიბალა (პალერმო), ჟერემი მენეზი (მილანი); 8 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული