იტალიის თასი. 1/8-ფინალი: "ლაციო" და "პარმა" მომდევნო ეტაპზე

AutoSharing Option
"მილანის" შემდეგ, იტალიის თასის 1/4-ფინალის საგზური "პარმამ" და "ლაციომ" მოიპოვეს. "ენიო ტარდინიზე" ერთმანეთის პირისპირ კრიზისში მყოფი გუნდები წარდგნენ და როგორც ჩანს, გადამწყვეტი ფაქტორი საშინაო არენამ ითამაშა. "პარმამ" უპირატესობით წარმართა "კალიარისთან" შეხვედრა და საბოლოოდ - 2:1 გაიმარჯვა.

ემილიელთა რიგებში გაბრიელ პალეტა და ანდრეა რისპოლი გამოირჩნენ, სარდინიელთაგან კი ერთადერთი გოლი მარკო საუმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ საუმ ტრავმა მოირჩინა და მეორე ნახევრიდან ჩაერთო თამაშში. მოკლედ, მომდევნო ეტაპზე "პარმა" გავიდა და "იუვენტუსი"-"ვერონას" წყვილში გამარჯვებულს გაეჯიბრება.

კიდევ უფრო საინტერესო მატჩი შედგა ტურინში, სადაც "ტორინომ" "ლაციოს"
უმასპინძლა. რომაელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შესანიშნავ ფორმაში არიან და პოზიციის დათმობას არც სამომავლოდ აპირებენ.

"ბიანკოჩელესტემ" დამაჯერებლად სძლია მეტოქეს და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც "მილანთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. ტურინელთა კარი სეიდუ კეიტამ, მიროსლავ კლოზემ და კრისტიან ლედესმამ დალაშქრეს, ერთადერთი საპასუხო გოლი კი ხოსე მარტინესის ანგარიშზეა. ამრიგად, "ლაციო" სამ ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას: სერია A-ში, ევროპალიგასა და იტალიის თასზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული