"მილანის" ბოსებმა ფილიპო ინძაგის სამი თამაში მისცეს

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "მილანმა" ზედიზედ მეორე საშინაო მატჩი წააგო (ეს ბოლო 37 წელიწადში პირველად მოხდა) და კიდევ უფრო გაირთულა სატურნირო მდგომარეობა. "როსონერი" მერვე ადგილზეა და მესამე ადგილზე მყოფ "ნაპოლის" მთელი 7 ქულით ჩამორჩება.

ქულებს რომ თავი დავანებოთ, "როსონერი" თამაშით არ იმსახურებს სამეულში ყოფნას და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "მილანის" მესვეურებმა ფილიპო ინძაგის სამი მატჩი მისცეს იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პოსტის დატოვება მოუწევს. ითქვა ისიც, რომ ინძაგის სავარაუდო შემცვლელი ლუჩანო სპალეტია, რომელიც აგერ,
უკვე რა ხანია, საინტერესო შეთავაზებას ელის.

აქვე ვთქვათ, რომ "მილანს" წინ საკმაოდ რთული მატჩები ელოდება - მომდევნო ტურში "ლაციოს" ესტუმრება, შემდეგ "პარმას" მიიღებს, რასაც "იუვენტუსთან" გასვლითი მატჩი მოჰყვება. მოკლედ, ორი ურთულესი გასვლა, რომლებმაც შეიძლება შეიწიროს კიდეც პიპოს სკამი. თავად მწვრთნელი ოპტიმისტურადაა განწყობილი და შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"უნდა დავიკაპიწოთ ხელები და ბევრი ვიმუშაოთ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. რაღაც მოიშალა იმ მექანიზმში, რომელმაც "ნაპოლისთან" და "რომასთან" ტოლ-სწორად თამაშის საშუალება მოგვცა. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია უკეთ თამაში და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბევრი შრომაა საჭირო და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ კრიზისს თავს დავაღწევთ და სულ მალე გაცილებით უკეთ ავთამაშდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული