ჯოვანი ტრაპატონი: იტალიურ ფეხბურთში ყველაფერი არასწორად კეთდება

AutoSharing Option
ჯოვანი ტრაპატონი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. მისი ტიტულების შესახებ აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ განსაკუთრებული წარმატებით ტურინის "იუვენტუსში" იმუშავა.

ბევრმა არ იცის, რომ 75 წლის ტრაპატონი დღეს ვატიკანის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია. დიახ, ასეთი ნაკრები არსებობს და პერიოდულად ამხანაგურ მარტჩებსაც მართავს - თუმცა, არც ფიფას წევრია და შესაბამისად, არც ოფიციალურ ტურნირებში იღებს მონაწილეობას.

ვატიკანის ნაკრებში ძირითადად შვეიცარიელები თამაშობენ, რომლებსაც რომის პაპის და ქალაქის დაცვა ევალებათ.

თუმცა, დღეს ვატიკანზე და მის საფეხბურთო ნაკრებზე ნამდვილად არ მოგითხობთ
- ჯოვანი ტრაპატონის უნდა დავუბრუნდეთ, რომელიც იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს საინტერესო თემებზე ესაუბრა.

მწვრთნელთა ორი კატეგორია
თანამედროვე ფეხბურთში მწვრთნელები ურთულეს პირობებში მუშაობენ, რადგან სამი-ოთხი წარუმატებელი მატჩი და შეიძლება, კარისკენ მიგითითონ. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დღეს მწვრთნელები ორ კატეგორიად იყოფიან:

გათავისუფლებული მწვრთნელები და მწვრთნელები, რომლებსაც მალე გაათავისუფლებენ. არადა, რაც არ უნდა ძლიერი იყოს სპეციალისტი, მას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ გუნდს თავისი ხელი დაატყოს.

თანაც, ახალი ტენდენციის მიხედვით, ევროპულ გრანდებში დამწყებ მწვრთნელებს ნიშნავენ, რომლებსაც იქამდე არავითარი გამოცდილება არ ჰქონდათ. ფიქრობენ, რომ ყველა პეპ გვარდიოლა გამოდგება და სადებიუტო სეზონში გრანდიოზულ შედეგებს მიაღწევს. ასე არაა და ვერც იქნება, მაგრამ კლუბების მესვეურებს თავგზა აერიათ.

ჩემ ახალგაზრდობაში, მწვრთნელს მინიმუმ ერთ სეზონს აცდიდნენ, დღეს კი შეიძლება დაგნიშნონ და ორ კვირაში გაგათავისუფლონ. განსაკუთრებით აქტუალური ეს პრობლემა იტალიაშია, რაც ძალიან აზარალებს ჩვენ ფეხბურთს.

სრული ქაოსი
გადახედეთ სერია A-ს ბომბარდირთა სიას და ნახავთ, რომ იქ მოწინავე პოზიციებზე არგენტინელები არიან. ამ დროს, ჩირო იმობილე, გრაციანო პელე, მარიო ბალოტელი და სხვა იტალიელი ფორვარდები უცხოეთში ასპარეზობდნენ.

გარდა იმისა, რომ ჩვენს კლუბებს ფინანსური კრიზისი აქვთ, არსებულ რესურსაც არასწორად იყენებენ. მეტი შანსი უნდა მიეცეთ ადგილობრივ ფეხბურთელებს, საფეხბურთო სკოლებიდან წამოსულ კადრებს. ამ დროს, კლუბების სელექციონერები მოდებულნი არიან მსოფლიოს და დაბალი დონის უამრავი ფეხბურთელი ჩამოჰყავთ.

90-იან წლებში, იტალიურ ფეხბურთში უდიდესი ფული ტრიალებდა, მაგრამ როდესაც ეს თანხები გაქრა, სრულ ქაოსში აღმოვჩნდით - ჩვენ არ ვიცით, როგორ გავაკეთოთ კარგი გუნდი კოლოსალური დანახარჯების გარეშე. შეხედეთ მადრიდის "ატლეტიკოს", რომლისგანაც მაგალითი უნდა ავიღოთ.

რა შეიცვალა ფეხბურთში?
ჩემ დროს, გრანდები უფრო იოლად უგებდნენ შედარებით სუსტ გუნდებს, დღეს კი საერთო დონე გათანაბრებულია. ხშირად ამბობენ, რომ Dდღეს გაცილებით სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ, ვიდრე 30 წლის წინ, მაგრამ მთლად ასეც არ არის საქმე - ჩემი "იუვენტუსი" ძალიან მობილური, მოქნილი და სწრაფი გუნდი იყო, რომელიც ამ კომპონენტებში ნებისმიერ თანამედრიოვე გრანდს დაუდგებოდა. მახსოვს, არაერთი დიდი გუნდი წარსულიდან, რომლებიც რეაქტიულ ფეხბურთს თამაშობდნენ და არც დღეს დაიკარგებოდნენ.

მთლიანობაში, ფეხბურთი ვითარდება, რადგან სულ უფრო მასობრივი ხდება - გავიგე, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 209 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, რაც წარმოუდგენელია. როდესაც მე ვთამაშობდი ფეხბურთს, შესარჩევ ეტაპებზე ასიოდე ქვეყანა იყო ჩაბმული. ფეხბურთი ვითარდება და ეს ძალიან კარგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული