ჯოვანი ტრაპატონი: სამ გუნდზე ვფიქრობ...

AutoSharing Option
ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი "რაი სპორტს" ესტუმრა და ჟურნალისტებს აქტუალურ თემებზე საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.

საუბრის დიდი ნაწილი სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას, ტურინის "იუვენტუსს" და ევროთასებზე იტალიური გუნდების შანსებს დაეთმო...

უფრო დაბალანსებული
წინა წლებთან შედარებით, სერია A-ს მიმდინარე გათამაშება უფრო დაბალანსებულია. ვფიქრობ, სკუდეტოსთვის სამი გუნდი იბრძოლებს: "იუვენტუსი", "რომა" და "ინტერი". დედაქალაქელები მომწონდნენ იმისთვის, რომ "იუვეს" ღირსეული კონკურენცია გაუწიონ და თანაც, ამ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა ძალიან მომწონს.

ედინ ჯეკო და მოჰამედ სალაჰი სწორედ ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც "რომას" მნიშვნელოვნად გააძლიერებენ. რაც
შეეხება "ინტერს", ამ გუნდმა შემადგენლობა ორი მესამედით შეცვალა და ვფიქრობ, რომ მკვეთრად გაძლიერდა. "ნერაძურიმ" სეზონი წარმატებით დაიწყო და ეს არაა შემთხვევითი.

ცრუ განგაში
ბევრი მიიჩნევს, რომ "იუვენტუსი" დასუსტდა და სკუდეტოსთვის ვეღარ იბრძოლებს, მაგრამ მე განსხვავებული მოსაზრება მაქვს. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, ტურინელებმა საჭირო ფეხბურთელები გადაიბირეს და ვფიქრობ, რომ მალე დაძლევენ ჩავარდნას.

"იუვენტუსი" არანაკლებ ძლიერი იქნება, ვიდრე გასულ სეზონში და არა მარტო სკუდეტოსთვის იბრძოლებს, ჩემპიონთა ლიგასაც დაუმიზნებს. ძალიან მომწონს მასიმილიანო ალეგრი, რომელიც ჩემ თავს მაგონებს ახალგაზრობაში. მაქსმა კარგად იცის როგორ დაალაგოს გუნდი და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ახალწვეულებს. ვფიქრობ, რომ "იუვენტუსი" ფავორიტია ყველა იმ ტურნირზე, რომელშიც ასპარეზობს.

მოლოდინი
გასული სეზონი იტალიური გუნდებისთვის შედარებით წარმატებული გამოდგა და ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. მართალია, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაზე ასპარეზობა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ წინ მთელი სეზონია და ყველაფერი შეიცვლება.

"იუვენტუსი" "მანჩესტერ სიტის" სტუმრობს და ეს შესანიშნავიო შანსია იმისთვის, რომ "ვეკია სენიორამ" ჩავარდნა დაძლიოს და საკუთარი ძალების ირწმუნოს. მალე, სხვა გუნდებიც ჩაერთვებიან ევროასპარეზზე და იმედია, რომ ჩემი ოპტიმისტური მოლოდინი გამართლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული