ერიკ ტოჰირი: მილანის "ინტერი" "სან სიროს" იყიდის

AutoSharing Option
* "სან სირო" მილანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და "მილანი" და "ინტერი" იქ იჯარით თამაშობენ.

* სტადიონი 1926 წელს გაიხსნა. "მილანი" იქ სწორედ ამ წლიდან თამაშობს, "ინტერი" 1947 წლიდან.

* თავიდან სტადიონი 26 ათას ადამიანს იტევდა, 1995 წელს ის 100 ათასს იტევდა, 2008 წლიდან კი - 81,3 ათასს. "მილანის" ახალი სტადიონი 48 ათას მაყურებელს დაიტევს.

ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ "მილანის" მესვეურები ახალ სტადიონს აშენებენ, რომელიც 2018 წელს გაიხსნება. ახალი არენა 48 000 გულშემატკივარს დაიტევს და თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.

ამასთან, სტადიონის
მიმდებარე ტერიტორიაზე კომპლექსი გაშენდება ორი სათადარიგო არენით, მუზეუმით, საპარკინგე სივრცეებით და ა.შ. მოკლედ, "მილანს" ახალი სახლი ექნება და რას აპირებს "ინტერი"? - როგორც გაცხადდა, "ნერაძურის" მესვეურებმა ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონის შესყიდვა გადაწყვიტეს და ამ საკითხზე უკვე დაიწყეს მოლაპარაკება ქალაქ მილანის მუნიციპალიტეტთან.

შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მეაცას სახელობის არენა, იგივე "სან სირო", ქალაქის საკუთრებაა და ორივე მილანური გრანდი მის იჯარაში გარკვეულ თანხას იხდის. ერთი სიტყვით, "ინტერმა" ახალი სტადიონის აგებას სან სიროს ყიდვა ამჯობინა და ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა. აქვე ვთქვათ, რომ "ინტერის" ტიფოზები ამ ფანტასტიკურ არენას "ჯუზეპე მეაცად" მოიხსენიებენ და არა "სან სიროდ" - ალბათ, ეს სახელი 2018 წლიდან მოეხსნება კიდეც.

2016 წელს "სან სიროზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა ჩატარდეს და იქამდე არენაზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდება - ეს არ იქნება სრულფასოვანი რეკონსტრუქცია, თუმცა სტადიონი საგრძნობლად გალამაზდება.

როგორც "ინტერის" მესვეურები აცხადებენ, მათ გეგმებში სტადიონის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია შედის და ეს პროცესი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ უნდა დაიწყოს. რეკონსტრუქცია ტევადობაზეც აისახება - ამჟამად "ჯუზეპე მეაცა" 80 ათასზე ოდნავ მეტ გულშემატკივარს იტევს და "ინტერის" მესვეურებს მისი შემცირება სურთ. ამ თემაზე მილანური გუნდის პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა უკვე გააკეთა მოკლე კომენტარი:

"ძალიან კარგია, რომ "მილანი" ახალი სტადიონის აშენებას აპირებს, რადგან ასე უნდა ვითარდებოდეს საფეხბურთო კლუბი. ჩვენი სურვილი "სან სიროზე" დარჩენაა, იმ სტადიონზე, სადაც "ინტერის" ისტორია დაიწერა. ვეცდებით, გამოვისყიდოთ არენა და შემდეგ განვაახლოთ. ეს ჩვენი პრიორიტეტული მიზანია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული