* სეიდუ დუმბიამ "რომაში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
* არგენტინელმა ფრანკო ვასკესმა "პალერმოს" მოაგებინა და განაცხადა, რომ მისი ოცნება იტალიის ნაკრებში თამაშია.
ტური "ფიორენტინას" მორიგი გამარჯვებით დაიწყო, რასაც "ნაპოლის" წაფორხილება მოჰყვა. დანარჩენი მატჩები კვირას გაიმართა, თუმცა ჩვენ შაბათით დავიწყოთ - ჭადრაკში ცნობილია სიცილიური დაცვა, თუმცა ამ ტურში სიცილიური შეტევა ვიხილეთ, რომელმაც "ნაპოლი" აზარალა.
"ნაპოლი" კუნძულზე შეაჩერეს
ბოლო ტურებში "ნაპოლი" შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა და შედეგებიც კარგი ჰქონდა, მაგრამ ჩავიდა სიცილიაზე და წააგო კიდეც. სწორედ არასტაბილურობაა, თუ სკუდეტოს მოგება გსურს, "პალერმოს", "სამპდორიას", "ჯენოას", "უდინეზეს", "ტორინოს", "ვერონას" და მსგავს გუნდებს სტაბილურად უნდა მოუგო როგორც შინ, ისე გასვლაზე, მაგრამ ეს მხოლოდ "ვეკია სენიორას" გამოსდის.
"პალერმომ" ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. ნეაპოლელებმა ვერაფერი მოუხერხეს ფრანკო ვასკესს, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა - გოლი შეაგდო და ორი საგოლე პასი გააკეთა. მოკლედ, ვასკესმა გაარღვია "ნაპოლი" და მანოლო გაბიადინის დაგვიანებულმა გოლმა უკვე ვეღარაფერი შეცვალა - 3:1.
მატჩის შემდეგ რაფაელ ბენიტესი იმედგაცრუებული იყო: "თამაში ჩვენი კარნახით დაიწყო, ბურთს ვაკონტროლებდით და ვუტევდით, მაგრამ კონტრშეტევა გამოგვეპარა და საბედისწერო გოლი გავუშვით. ამის შემდეგ მეტოქემ უპირატესობა იგდო ხელთ და ყველაფერი გამოუვიდა. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რასაც არ ველოდი. გუნდი კარგ ფორმაში იყო და ეს ჩავარდნა ლოგიკაში არ ჯდება. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს".
"ფიორენტინა" აღარ ხუმრობს
ამასობაში, "ფიორენტინა" მოღონიერდა, კერკეტი "სასუოლო" მისსავე მოედანზე დაამარცხა და მესამე ადგილზე მყოფ "ნაპოლის" მიუახლოვდა. რაც მთავარია, ფლორენციელები შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ და იგრძნობა, რომ მომატების რესურსი აქვთ. ვინჩენცო მონტელამ 4-3-3 ტაქტიკა გამოიყენა და შეტევის წინა ხაზზე შემდეგი ტრიო გაამწესა: მოჰამედ სალაჰი, ხუმა ბაბაქარი და ალესანდრო დიამანტი. სამივემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა - დიამანტი ხშირად ჩადიოდა სიღრმეში და იქიდან იწყებდა შეტევებს, სალაჰმა სადებიუტო გოლი შეაგდო, ბაბაქარმა კი სულაც დუბლი შეასრულა. თადარიგში დარჩა მარიო გომესი, რომელიც ასევე კარგ ფორმაშია.
მოკლედ, "ფიორენტინამ" იფრინა და ბევრის მძლეველი "სასუოლო" ხელმოცარული დატოვა. მატჩის შემდეგ მონტელამ შეგირდები შეაქო და შემდეგი დაამატა:
"ჩვენი მიზანი უცვლელია: ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. ეს ურთულესი ამოცანაა, რადგან სამეულში უძლიერესი გუნდები არიან, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. დღეს საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ მომატება შეგვიძლია. სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთში ვპროგრესირებთ და ეს ძალიან კარგია".
"მილანი" ვერც "ემპოლის" უგებს
"მილანის" კრიზისს ბოლო არ უჩანს, ფილიპო ინძაგის გუნდმა ამჯერად "ემპოლისთან" შეირცხვინა თავი. "როსონერიმ" მხოლოდ ქულა აიღო და თუ თამაშის მიმდინარეობას გავიხსენებთ, სულაც არ იყო მოგების ღირსი. პირიქით, სტუმრები გაცილებით მწვავედ უტევდნენ და გატანის მეტი შანსიც ჰქონდათ.პირველი ტაიმის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, როდესაც ჟერემი მენეზი მეტოქის საჯარიმოს მიუახლოვდა, მარცხნივ ჯაკომო ბონავენტურა მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი მატია დესტროს იდეალურად უპასა და გაიხსნა კიდეც ანგარიში, 1:0.
სტუმრებმა მეორე ნახევარში გაათანაბრეს, როდესაც მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულ ბურთს მასიმო მაკარონემ დაჰკრა თავური და ბადეში გაახვია - 1:1.
მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთი რჩებოდა, როდესაც დიეგო ლოპესმა საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და წითელი ბარათი მიიღო, "მილანი" კი ათი ფეხბურთელით დარჩა. მალევე, გაბრიელ პალეტა დაშავდა და მოედნიდან ხელით გაიყვანეს. ინძაგის ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდა და "როსონერიმ" ცხრა ფეხბურთელით ჩაამთავრა თამაში.
ბუნებრივია, დასკვნითი წუთები სტუმართა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი აღარ შექმნილა. ფრემ სტუმრები გაახარა, "მილანის" მდგომარეობა კი კიდევ უფრო დამძიმდა.
მეორეც საბრძოლველი ექნებათ?
თუ ასე გაგრძელდა, პირველობისთვის ბრძოლა ნაადრევად დასრულდება. "რომა" არასტაბილურად ასპარეზობს, ქულებს ანიავებს და სულ უფრო შორდება სანუკვარ მიზანს. იტალიაში უკვე აღარც სჯერათ, რომ რუდი გარსიას გუნდს სკუდეტოს მოპოვება შეუძლია - "გაძეტა დელო სპორტის" ვერდიქტით, პროგრამა-მაქსიმუმი მეორე ადგილია და დედაქალაქელებს ესეც საბრძოლო ექნებათ."რომა" ვალდებული იყო, რომ საკუთარ მოედანზე "პარმა" დაემარცხებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. გარსიას გუნდს ვერც კოტდივუარელმა თავდამსხმელებმა: სეიდუ დუმბიამ და ჟერვინიომ უშველეს.
ეგ კი არა, "პარმას" სასარგებლოდ რომ მსაჯს 100%-იანი თერთმეტმეტრიანი დაენიშნა, შესაძლოა, ემილიელებს სამი ქულა წაეღოთ შინ. მოკლედ, "რომამ" ვერ ივარგა და კიდევ ერთხელ გააწბილა გულშემატკივარი.
სამაგიეროდ, "ინტერმა" ჩაატარა სეზონის საუკეთესო შეხვედრა, "ატალანტას" გადაურბინა და მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა აქტივში. მოგებაცაა და მოგებაც, 4:1 ნაკლებად მოსალოდნელი იყო.
დიდი ანგარიშით მოიგო "ჯენოამაც", რომელსაც შესანიშნავად მოერგო "მილანიდან" წაყვანილი მბაიე ნიანგი - მის ანგარიშზე დუბლია.
არადა, ნიანგს კრიზისში მყოფ "როსონერიში" თამაში, პრაქტიკულად, არ უწევდა. მოგების გემო გაიხსენა "ლაციომ", რამაც სამეულისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გაამძაფრა.
სერია A. XXIII ტური
14 თებერვალი
სასუოლო-ფიორენტინა 1:3
გოლები: 0:1 სალაჰი (30), 0:2 ბაბაქარი (32), 0:3 ბაბაქარი (62), 1:3 ბერარდი (67)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, კანავარო, ლონგი (80. მისიროლი) - მანიანელი, ბრიგი (63. ფლოკარი), ბიონდინი - სანსონე (74. ფლორო ფლორესი), ბერარდი, ძაძა
ფიორენტინა (4-3-3): ტატარუშანუ - რიჩარდსი, გონსალო, სავიჩი, ალონსო - კურტიჩი, პისარო, ფერნანდესი (68. აკვილანი) - დიამანტი, სალაჰი (82. ილიჩიჩი), ბაბაქარი (72. ჯილარდინო)
გაფრთხილება: კანავარო, ლონგი, ძაძა - სავიჩი, ალონსო
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 17-20; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 6-12 (5-7); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 15 000
პალერმო-ნაპოლი 3:1
გოლები: 1:0 ლაზაარი (14), 2:0 ვასკესი (36), 3:0 რიგონი (65), 3:1 გაბიადინი (82)
პალერმო (4-3-2-1): სორენტინო - რისპოლი, ტერცი, ანდელკოვიჩი, ლაზაარი - რიგონი, ბოლცონი, ბარეტო (86. მატო) - კუაიზონი (69. ჩოჩევი), ვასკესი (78. ბელოტი) - დიბალა
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, ბრიტოსი, ალბიოლი, სტრინიჩი - დავიდ ლოპესი (69. გარგანო), ფრელო - კალეხონი, ჰამშიკი (54. გაბიადინი), დე გუზმანი - იგუაინი (74. საპატა)
გაფრთხილება: რისპოლი, რიგონი, ბოლცონი - ფრელო, იგუაინი
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 3-6 (1-2); ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 17 000
15 თებერვალი
მილანი-ემპოლი 1:1
გოლები: 1:0 დესტრო (40), 1:1 მაკარონე (68)
მილანი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - რამი, პალეტა, ალექსი (8. ბოკეტი), ანტონელი - პოლი, დე იონგი - ბონავენტურა, მენეზი, ჰონდა (79. ჩერჩი) - დესტრო (85. აბიატი)
ემპოლი (4-3-1-2): სეპე - უსაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი - ვესინო (54. ვერდი), ვალდიფიორი, კროჩე (82. სინიორელი) - ზელინსკი - მაკარონე, პუჩარელი (64. ტავანო)
გაფრთხილება: პალეტა, რამი, ანტონელი - ტონელი, ვერდი
გაძევება: დიეგო ლოპესი (83. მილანი)
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 22-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 5-11 (2-3); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 30 000
ატალანტა-ინტერი 1:4
გოლები: 0:1 შაჩირი (2-პენ.), 1:1 მორალესი (27), 1:2 გუარინი (37), 1:3 გუარინი (63), 1:4 პალასიო (72)
ატალანტა (4-4-1-1): სპორტიელო - მაზიელო, სტენდარდო, ბენალუანი, ბელინი - გომესი (58. ბაზელი), კარმონა, ჩიგარინი (75. ემანუელსონი), ძაპაკოსტა - მორალესი (46. დენისი) - პინილია
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, რანოკია, ჟუანი, სანტონი - გუარინი, მედელი, ბროზოვიჩი (82. კუზმანოვიჩი) - შაჩირი (68. კოვაჩიჩი) - პოდოლსკი, პალასიო (76. ერნანესი)
გაფრთხილება: მორალესი, კარმონა, პინილია - ჟუანი, შაქირი
გაძევება: ბენალუანი (52. ატალანტა)
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 6-11 (2-7); ბურთის ფლობა: 29%-71%
მაყურებელი: 25 000
ჯენოა-ვერონა 5:2
გოლები: 1:0 აგოსტინი (10-საკ. კარში), 2:0 ნიანგი (12), 2:1 ტონი (20), 3:1 ნიანგი (30), 3:2 ტონი (57), 4:2 ბერტოლაჩი (65), 5:2 პეროტი (86)
ჯენოა (3-4-3): პერინი - რონკალია, დე მაიო, იძო - ბერდიხი (65. ლაქსალტი), ბერტოლაჩი, კუცკა, ედენილსონი - ნიანგი (74. პავოლეტი), პეროტი, იაგო (88. მანდრაგონა)
ვერონა (4-3-3): ბენუსი - პიზანო, მორასი (40. სორენსენი), მარკეში, აგოსტინი - გრეკო, პანაიოტისი, ალფრედსონი (74. იონიცა) - ხრისტოდოლოპულოსი, ტალები (82. ლოპესი), ტონი
გაფრთხილება: კუცკა, ლაქსალტი - პიზანო, გრეკო, პანაიოტისი, სორენსენი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 26-30; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 11-8 (6-6); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 22 000
რომა-პარმა 0:0
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ფლორენცი, იანგა-მბივა, მანოლასი, კოული - კეიტა, დე როსი (58. ვერდე), ნაინგოლანი - ჟერვინიო, ლიაიჩი (77. პარედესი), დუმბია (85. სანაბრია)
პარმა (4-4-1-1): მირანტე - კასანი (90. ფედალი), მენდესი, ლუკარელი, კოსტა - ვარელა (78. პალადინო), მარიგა (87. ლოდი), მაური, როდრიგესი - ნოჩერინო - ბელფოდილი
გაფრთხილება: ლუკარელი, კოსტა, მარიგა, მაური (პარმა)
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 7-14; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 12-4 (4-0); ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 35 000
ტორინო-კალიარი 1:1
გოლები: 0:1 დონსა (34), 1:1 ელ ქადური (35)
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - პერესი, ელ ქადური (85. გაცი), ვივესი, ბენასი (71. გონსალესი), დარმიანი - მარტინესი (59. მაქსი ლოპესი), კვალიარელა
კალიარი (4-3-2-1): ბრკიჩი - დესენა, როსეტინი, კაპუანო, აველარი - კონტი, დონსა, ეკდალი - კოსუ (74. ჟოაო პედრო), საუ (85. ლონგო) - კოპი (85. მპოკუ)
გაფრთხილება: ბოვო, გლიკი, ელ ქადური - როსეტინი, კონტი, ჟოაო პედრო
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 14-8 (7-3); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 18 000
უდინეზე-ლაციო 0:1
გოლი: 0:1 კანდრევა (23-პენ.)
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - პირისი, დანილო, ვაგუე - ვიდმერი, ალანი, ბადუ, ფერნანდესი (61. გილიერმე), გაბრიელ სილვა (53. ევანჯელისტა) - ტერო (77. აგუირე), დი ნატალე
ლაციო (4-3-3): ბერიშა - ბასტა, დე ვრი, მაურისიო, რადუ - ონაზი (46. კატალდი), ბილია, პაროლო - კანდრევა (71. კეიტა), ანდერსონი, კლოზე (75. პერეა)
გაფრთხილება: ვაგუე, ალანი - რადუ, კანდრევა, ონაზი, ანდერსონი, კატალდი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 10-7 (6-2); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 18 000
კიევო-სამპდორია 2:1
გოლები: 1:0 ისკო (2), 2:0 მეჯორინი (39), 2:1 მურიელი (90)
კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი (77. გამბერინი), ცეზარი, დაინელი, ზუკანოვიჩი - ისკო, ბირსა, ჰეტემაი, სკელოტო (67. მატიელო) - ბოტა, მეჯორინი (60. პალოსკი)
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - ვსზოლეკი, სილვესტრი, რომანიოლი, მესბა - დუნკანი, პალომბო, ასკუა - კორეა (46. მურიელი) - ბერგესიო, ეტოო
გაფრთხილება: ბიძარი, ჰეტემაი, ბოტა - მესბა, რომანიოლი, ასკუა
კუთხური: 2-11; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 6-9 (3-2); ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 10 000
ჩეზენა-იუვენტუსი 2:2
გოლები: 1:0 ჯურიჩი (17), 1:1 მორატა (27), 1:2 მარკიზიო (33), 2:2 ბრიენცა (70)
ჩეზენა (4-3-1-2): ლეალი - პერიკო (60. ნიცა), კრაინჩი, ლუკინი, რენძეტი - ჯორჯი (83. კარბონერო), დე ფეუდისი, ზე ედუარდო - ბრიენცა - ჯურიჩი (83. ალეჰანდრო), დეფრელი
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ოგბონა, ევრა - მარკიზიო, პირლო, პოგბა (75. პერეირა) - ვიდალი (88. კომანი) - მორატა, ლორენტე (88. პეპე)
გაფრთხილება: პერიკო, ნიცა - ლიხტშტაინერი, ბონუჩი
შენიშვნა: ვიდალმა ვერ გაიტანა პენალტი (82)
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11-10 (6-4); ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 24 000
ბომბარდირები: 14 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 13 - მაურო იკარდი (ინტერი); 12 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), ჟერემი მენეზი (მილანი); 11 - პაულო დიბალა (პალერმო)
მომდევნო ტური
20 თებერვალი:
იუვენტუსი-ატალანტა
21 თებერვალი:
სამპდორია-ჯენოა
22 თებერვალი:
მილანი-ჩეზენა, ემპოლი-კიევო, ლაციო-პალერმო, ვერონა-რომა, პარმა-უდინეზე, ფიორენტინა-ტორინო
23 თებერვალი:
ნაპოლი-სასუოლო, კალიარი-ინტერი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"