"მილანი" არ იყიდება

AutoSharing Option
ბოლო დღეებში, აქტიურად ვრცელდება ცნობები, რომ შესაძლოა, სილვიო ბერლუსკონიმ "მილანი" ტაილანდელ ბიზნესმენებს მიჰყიდოს. ითქვა ისიც, რომ აზიელები მზად არიან, იტალიურ კლუბში 1 მილიარდი ევრო გადაიხადონ. იყო მეორე ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც, ბერლუსკონი კლუბის 30%-ს 300 მილიონ ევროდ გაყიდის.

მოკლედ, არაერთი ცნობა გავრცელდა, მაგრამ თავად ბერლუსკონიმ ყველაფერი უარყო - განცხადება, დონ სილვიოს კომპანიის, "ფინინვესტის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა - "მილანის" აქციათა სრულ პაკეტს სწორედ ეს კომპანია ფლობს:

"საფეხბურთო კლუბ "მილანის" შეძენით არაერთი კომპანია და კერძო პირია დაინტერესებული, მაგრამ არც ერთ მათგანთან მოლაპარაკება არ
მიმდინარეობს. კომპანია "ფინინვესტი" არ აპირებს კლუბის გაყიდვას არც ახლო და არც შორეულ მომავალში".

20 თებერვალს, სილვიო ბერლუსკონი "მილანის" სათავეში მისვლის 29-ე წლისთავს აღნიშნავს და აქედანვე ამბობს, რომ 30-ე საიუბილეო წელს გრანდიოზულ წვეულებას მოაწყობს. ბერლუსკონიმ იქვე განმარტა, რომ ამაყობს კლუბის ახალი ოფისით და მოუთმენლად ელოდება ახალი სტადიონის აშენებას - "მილანის" გაყიდვაზე კი არც კი უფიქრია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული