იტალია. სერია A. XXIV ტური: ხუთი მილიონი რიგითი "პარმას" გადასარჩენად [VIDEO]

AutoSharing Option
* გენუური დერბი ყინვის და კოკისპირული წვიმის გამო გადაიდო.

* "პარმამ" "უდინეზეს" ფინანსური პრობლემების გამო ვერ უმასპინძლა.

* "პარმას" ფედერკალჩო და "ლეგა კალჩო" 5 მილიონი ევროთი დაეხმარებიან, რათა გუნდმა სეზონი ჩაამთავროს.

24-ე ტური უჩვეულოდ ადრე, პარასკევს კი დაიწყო, მაგრამ როდის დასრულდება, კაცმა არ იცის. გენუური დერბი უამინდობის გამო გადაიდო, "პარმამ" კი "უდინეზეს" უსახსრობის გამო ვერ უმასპინძლა. დიახ, ემილიელებმა სტადიონზე უსაფრთხოების ზომები ვერ დაიცვეს და "ლეგა კალჩომ" თამაში გაურკვეველი ვადით გადადო...

პირლოს მორიგი შედევრი
"იუვენტუსი"-"ატალანტას" შეხვედრა მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა,
რასაც ბევრი არ მოელოდა. ბერგამოელებმა მთელი მატჩის განმავლობაში ანერვიულეს ტურინელი გულშემატკივრები და ქულის აღება ნამდვილად შეეძლოთ.

პირველი ტაიმის შუაწელს, სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს, რასაც ჯულიო მილიაჩოს თავური და გოლი მოჰყვა - 1:0. ბერგამოელებს იქამდეც შეეძლოთ ანგარიშის გასხნა, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონი მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ.

ტაიმის დასკვნითი ნაწილი მასპინძლების იყო - ფერნანდო ლორენტემ მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და გაქვითა ანგარიში, 45-ე წუთზე კი ანდრეა პირლომ დაახლოებით 35 მეტრიდან გაისროლა და ულამაზესი გოლი გაიტანა - 2:1. პირლომ მორიგი შედევრი გამოაცხო და როგორც შემდეგ გაირკვა, გამარჯვების გოლი შეაგდო.

საგულისხმოა, რომ 4 წლის წინ მასიმილიანო ალეგრიმ პირლოს ასაკი, სათამაშო ტემპი და რიტმი დაუწუნა, რის შემდეგაც "მილანიდან" "იუვენტუსში" გაუშვა - დღეს, უკვე 35 წლის პირლო "ვეკია სენიორას" გამარჯვებებს ჭედავს, რომელსაც იგივე ალეგრი უდგას სათავეში.

მატჩის შემდეგ ალეგრიმ ასეთი კომენტარი გააკეთა: "არ უნდა ველოდოთ, რომ ყველა შეხვედრას სამი ბურთის სხვაობით მოვიგებთ, რადგან ჩვენ წინააღმდეგ თითოეული გუნდი გაორმაგებული ძალით თამაშობს. "ატალანტა" კარგად იცავდა თავს და სახიფათო იყო კონტრშეტევებზე, თუმცა გამარჯვება უფრო ძლიერს დარჩა.

"ჩეზენასთან" მობილიზება გვაკლდა, ბერგამოელებთან კი, ამ მხრივ, ყველაფერი რიგზე იყო. წინ ჩემპიონთა ლიგის ურთულესი პაექრობაა და მასზე უნდა გადავერთოთ. ჩვენი გუნდი კარგ ფორმაშია, მაგრამ დორტმუნდის "ბორუსიამაც" დაიწყო მოგებები და წესით, ორი დიდებული მატჩი უნდა ვიხილოთ. ვფიქრობ, დუელის ბედი განმეორებით შეხვედრაში, ბოლო წუთებზე გადაწყდება".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"პარმა" ხელოვნურ სუნთქვაზე
როგორც თავშივე აღვნიშნეთ, 24-ე ტურის ორი მატჩი გადაიდო, ერთი უამინდობის და მეორე, "პარმას" პრობლემების გამო. "ჯენოას" და "სამპდორიას" დაპირისპირება ძლიერმა წვიმამ და ქარმა გადადო, "სტადიო მარასის" მინდორი მთლიანად დაიტბორა და იქ ბურთის გორება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო.

მოკლედ, გენუას სტიქია არ ეშვება და ამჯერად, უამინდობას გენუური დერბი შეეწირა. თუმცა ლიგურიელებს რა უჭირთ - "პარმამ" იკითხოს, რომელიც უმძიმეს ფინანსურ კრიზისშია და ამის გამო "უდინეზეს" ვერ უმასპინძლა. სერია A-ს თავისი მოთხოვნები აქვს, ემილიელებმა კი უსაფრთხოების ნორმები ვერ დაიცვეს და სტადიონის პერსონალი ვერ დაიქირავეს. კლუბის ბიუჯეტში 0 ევროა, ვალები კი დაახლოებით 95 მილიონ ევროს შეადგენს.

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელდა ცნობები, რომ "პარმა" მოიხსნა სერია A-ს გათამაშებიდან და ყველა დარჩენილ შეხვედრაში 0:3 ჩაეთვლება წაგება. ამასთან, აქამდე გამართული პაექრობების შედეგები უცვლელი დარჩება. ითქვა ისიც, რომ ემილიური კლუბი ბანკროტად გამოცხადდა და მომდევნო სეზონიდან სერია D-ში იასპარეზებს. თუმცა, ამ თემაზე კომენტარი თვით იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"ურთულესი ვითარებაა და "პარმა" მართლაც დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ გაკოტრდეს და სერია A-დან მოიხსნას, თუმცა ჯერ ეს არ მომხდარა და ჩემი თხოვნაა, რომ ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს. "ლეგა კალჩო" და იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ერთობლივად გამოვყოფთ 5 მილიონ ევროს, რათა კლუბმა არსებობა არ შეწყვიტოს და სეზონი ჩაამთავროს. ასეთ შემთხვევაში, ემილიელები გაკოტრებას და სერია D-ში დაქვეითებას გადარჩებიან. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ 5 მილიონი კლუბს მხოლოდ ზაფხულამდე თუ ეყოფა და შემდეგ ფინანსების მოძიებაა საჭირო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "პარმა" გადარჩეს".

მოკლედ, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და "ლეგა კალჩო" "პარმას" გადასარჩენად დაირაზმნენ, მაგრამ რობერტო დონადონის გუნდი 5 ქულის დაკლებას, ალბათ, ვერ ასცდება. თუმცა, ქულებს ვინ ჩივის, ეს ტრადიციული და ერთ დროს ძალიან ძლიერი გუნდი არსებობისთვის იბრძვის.

"რომას" კაპიტულაცია?
მომდევნო ტურში "რომა" "იუვენტუსს" მასპინძლობს და ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ნამდვილად დასანანია, რომ ამ ორ გუნდს შორის ქულათა სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. ტურინული გრანდი წინ მიიწევს, "რომამ" კი თითქოს კაპიტულაცია გამოაცხადა და ამით მოახლოებულ პაექრობას ინტრიგა დაუკარგა. ლიდერის და მისი მდევრის მატჩი ყურადღების ცენტრში იქნება, მაგრამ თუნდაც პირველ წრეში, სულ სხვა მუხტი და ინტრიგა იყო. გახსოვთ, ალბათ, რომ იმ სკანდალურ შეხვედრაში "იუვემ" "რომა" მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 3:2.

ამჯერად, "რომამ" "ვერონას" ვერ დააკლო ვერაფერი და მხოლოდ ქულას დასჯერდა. სტუმრები კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ ბურთის კონტროლში და გახსნეს კიდეც ანგარიში, მაგრამ ვერონელები კონტრშეტევებზე იკბინებოდნენ და ერთი გოლი მათაც დაიმსახურეს - შედეგად, 1:1 და "რომას" ფრეების სერიაც გრძელდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამასობაში, "ლაციომ" მოიგო მნიშვნელოვანი შეხვედრა და მესამე ადგილზე მყოფ "ნაპოლის" მიუახლოვდა. რომაელები აგებდნენ "პალერმოსთან", მაგრამ სტეფანო მაურის და ანტონიო კანდრევას გოლებით მოიგეს.

როგორც იქნა, "მილანმაც" მოიპოვა სამი ქულა, მაგრამ "ჩეზენას" საკუთარ მოედანზე ძლევა ფილიპო ინძაგის გუნდს საგმირო საქმედ ვერ ჩაეთვლება - მით უმეტეს, "როსონერიმ" დიდი ვერაფერი თამაში აჩვენა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იტალია. სერია A. XXIV ტური
20 თებერვალი
იუვენტუსი-ატალანტა 2:1
გოლები: 0:1 მილიაჩო (25), 1:1 ლორენტე (39), 2:1 პირლო (45)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი - მარკიზიო, პირლო, პოგბა (65. ლიხტშტაინერი) - პერეირა - ტევესი (89. კომანი), ლორენტე (74. მორატა)
ატალანტა (4-4-1-1): სპორტიელო - სკალონი, მაზიელო, ბელინი, დრამე - ემანუელსონი, მილიაჩო, ჩიგარინი, ძაპაკოსტა (51. დალესანდრო) - ბაზელი (83. გომესი) - დენისი (51. ბოაკე)
გაფრთხილება: პადოინი, მარკიზიო, ლიხტშტაინერი, მორატა, პერეირა - ბელინი, მილიაჩო, ბაზელი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 10-6 (4-2); ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 38 000

21 თებერვალი
სამპდორია-ჯენოა გადაიდო

22 თებერვალი
პარმა-უდინეზე გადაიდო

მილანი-ჩეზენა 2:0
გოლები: 1:0 ბონავენტურა (22), 2:0 პაცინი (90-პენ.)
მილანი (4-3-1-2): აბიატი - ბონერა, რამი, ბოკეტი, ანტონელი - პოლი, დე იონგი, მონტოლივო (80. ვან გინკელი) - ბონავენტურა - მენეზი (86. ჩერჩი), დესტრო (63. პაცინი)
ჩეზენა (4-3-1-2): ლეალი - ნიცა (66. კაპელი), ვოლტა, ლუკინი, რენძეტი - ჯორჯი, დე ფეუდისი (74. კარბონერო), ზე დუარდო (42. მუდინგაი) - ბრიენცა - ჯურიჩი, დეფრელი
გაფრთხილება: ბოკეტი - ლუკინი, ვოლტა, ნიცა, მუდინგაი, კარბონერო
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 13-26; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11-4 (2-2); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 30 000

ემპოლი-კიევო 3:0
გოლები: 1:0 რუგანი (22), 2:0 მაკარონე (46), 3:0 მაკარონე (67)
ემპოლი (4-3-1-2): სეპე - უსაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი - ვესინო (83. სინიორელი), ვალდიფიორი, კროჩე - საპონარა (58. საპონარა) - მაკარონე (74. მჭედლიძე), ტავანო
კიევო (4-4-2): ბიძარი - სკელოტო, გამბერინი, დაინელი, ზუკანოვიჩი - ისკო, რადოვანოვიჩი (65. ფეტფატციდისი), ჰეტემაი, ბირსა (46. პალოსკი) - ბოტა, მეჯორინი (64. პელისიერი)
გაფრთხილება: რადოვანოვიჩი, ბოტა (კიევო)
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 0-8; კარში დარტყმა: 11-9 (5-3); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 15 000

ვერონა-რომა 1:1
გოლები: 0:1 ტოტი (26), 1:1 იანკოვიჩი (38)
ვერონა (4-3-3): ბენუსი - პიზანო, მორასი, მარკესი, ბრივიო - იონიცა (69. ობადი), პანაიოტისი, ალფრედსონი - იანკოვიჩი (69. გრეკო), ტალები (84. ხრისტოდოლოპულოსი), ტონი
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ფლორენცი (40. ტოროსიდისი), ასტორი, მანოლასი, კოული - კეიტა, ნაინგოლანი, პიანიჩი (83. ვერდე) - ჟერვინიო, ლიაიჩი, ტოტი (66. დუმბია)
გაფრთხილება: იანკოვიჩი, ტონი, ტალები - კოული, მანოლასი, ნაინგოლანი
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 11-8; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 6-12 (2-7); ბურთის ფლობა: 23%-77%
მაყურებელი: 22 000

ლაციო-პალერმო 2:1
გოლები: 0:1 დიბალა (26), 1:1 მაური (33), 2:1 კანდრევა (78)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - კავანდა, დე ვრი, მაურისიო, რადუ - კატალდი, ბილია (60. ლედესმა), პაროლო - კანდრევა (81. ონაზი), მაური, კლოზე (74. კეიტა)
პალერმო (3-5-1-1): სორენტინო - ტერცი, გონსალესი, ანდელკოვიჩი - ლაზაარი (69. დაპრელა), მორგანელა (85. რისპოლი), მატო, ბარეტო, კუაიზონი (75. ბელოტი) - ვასკესი - დიბალა
გაფრთხილება: რადუ, მაურისიო, პაროლო - მატო, კუაიზონი, რისპოლი
გაძევება: ბარეტო (90. პალერმო)
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 19-18; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 16-8 (8-6); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 30 000

ფიორენტინა-ტორინო 1:1
გოლები: 1:0 სალაჰი (85), 1:1 ვივესი (87)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, ბასანტა - როზი (56. ხოაკინი), ბადელი, აკვილანი, ბასანტა - დიამანტი (66. სალაჰი), ილიჩიჩი - ბაბაქარი (78. ჯილარდინო)
ტორინო (3-5-2): პადელი - მაკსიმოვიჩი, იანსონი, მორეტი - პერესი, ფარნერუდი (86. ამაური), ვივესი, ბენასი (75. გაცი), მოლინარო - ლოპესი, კვალიარელა (66. მარტინესი)
გაფრთხილება: დიამანტი - მორეტი, პერესი, ვივესი, ბენასი
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 16-8(4-5); ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 30 000

23 თებერვალი
ნაპოლი-სასუოლო 22:00
კალიარი-ინტერი 00:00

ბომბარდირები: 14 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 13 - მაურო იკარდი (ინტერი); 12 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), ჟერემი მენეზი (მილანი), პაულო დიბალა (პალერმო)

მომდევნო ტური
28 თებერვალი:
ატალანტა-სამპდორია, კიევო-მილანი

1-ლი მარტი:
კალიარი-ვერონა, პალერმო-ემპოლი, სასუოლო-ლაციო, ჯენოა-პარმა, ჩეზენა-უდინეზე, ინტერი-ფიორენტინა, ტორინო-ნაპოლი

2 მარტი:
რომა-იუვენტუსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული