ორშაბათს, გვიან საღამოს, "ნაპოლიმ" "სასუოლოს" უმასპინძლა, "ინტერი" კი "კალიარის" ესტუმრა და სწორედ ამ პაექრობებზე გავამახვილოთ ყურადღება. წუხელ ამათ გენუის დერბი დაემატა, რომელიც წყალდიდობის გამო რამდენიმე დღის შემდეგ გაიმართა.
არ არის იგუაინი? არის საპატა!
მწვრთნელები ყველა შეხვედრის წინ ამბობენ, რომ წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდებათ, მაგრამ "ნაპოლისთვის" "სასუოლოსთან" პაექრობა მართლა განსაკუთრებული იყო. საქმე იმაშია, რომ წინა დღით "რომამ" კიდევ ორი ქულა დაკარგა და მოგების შემთხვევაში, მეორე ადგილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს იძლევა, მესამეადგილოსანი პლეი ოფში ითამაშებს და თუ რა შეიძლება მოხდეს იქ, ნეაპოლელებმა ყველაზე უკეთ იციან - შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რაფაელ ბენიტესის გუნდი სწორედ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობდა და ბილბაოს "ატლეტიკთან" დამარცხდა.
მოკლედ, "სასუოლოსთან" მატჩი ძალზე მნიშვნელოვანი იყო - თანაც, ამ გამარჯვებით ნეაპოლელებმა კიდევ უფრო გაიმყარეს პოზიცია მესამე ადგილზე და "ლაციო" მთელი 5 ქულით ჩამოიტოვეს. შუა კვირაში "ნაპოლიმ" ევროპალიგაზე "ტრაბზონსფორი" გაანადგურა, მშვენიერი განწყობა შეიქმნა და ამად იყო, რომ "სტადიო სან პაოლო" თითქმის პირთამდე შეივსო.
მატჩის მიმოხილვას აღარ შევუდგებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ საუკეთესო შთაბეჭილება დატოვა დიუვან საპატამ. გონსალო იგუაინის არყოფნაში, ცენტრფორვარდის პოზიციაზე სწორედ კოლუმბიელი ირჯებოდა და მატჩის გმირადაც მოგვევლინა - 61-ე წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა, ათიოდე წუთში კი მარეკ ჰამშიკს საგოლე პასი გაუკეთა. გატანა სტუმრებსაც შეეძლოთ, მაგრამ თამაში მთლიანობაში მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. მატჩის შემდეგ ბენიტესმა შემდეგი განაცხადა:
"დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა ეს დიდ შრომად დაგვიჯდა. მეტოქე ორგანიზებულად იცავდა თავს და სახიფათო იყო კონტრშეტევებზე. "სასუოლო" ფიზიკურად ძლიერი გუნდია და საქმე ამანაც გაართულა. მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ შეგირდთა გარჯით, რადგან სასურველ შედეგს მივაღწიეთ. მარეკ ჰამშიკმა კარგად ითამაშა, დიუვან საპატა კი მართლაც შეუდარებელი იყო. თუმცა საპატამ კარგად იცის, რომ ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად ეს საკმარისი არაა".
ფერიცვალება
"ინტერმა" მიჯრით მესამე მატჩი მოიგო და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. დღეს ევროპალიგის საგზურის მოპოვება გაცილებით რეალური ჩანს, ვიდრე სამი კვირის წინ. რობერტო მანჩინის გუნდმა უპირატესობით წარმართა "კალიარისთან" პაექრობა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სტუმართაგან თავი მატეო კოვაჩიჩმა და მაურო იკარდიმ გამოიჩინეს, რასაც სარდინიელებმა ერთი გოლით უპასუხეს - თუმცა, იქაც თავი მილანელმა გამოიჩინა - სამუელ ლონგომ ძლიერი დარტყმით ბურთი ძელს გაარტყა, ასხლეტილი კი მეკარე ხუან კარიცოს მოხვდა თავში და ისე შეგორდა ბადეში. მოკლედ, 2:1 "ინტერის" სასარგებლოდ და კარგი ნახტომი სატურნირო ცხრილში.
მატჩის შემდეგ მანჩინიმ ასეთი კომენტარი გააკეთა: "ორი ბურთის სხვაობით ვიგებდით და შეგვეძლო, მესამეც გაგვეტანა, მაგრამ აქეთ გავუშვით და ბოლოს ბევრიც ვინერვიულეთ. თითქოს "ინტერის" ხვედრია, რომ მაშინაც უნდა ვინერვიულოთ, როდესაც საამისოდ საქმე არ გვაქვს. მთლიანობაში, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ზედიზედ მესამე მატჩი მოვიგეთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"