ფილიპო ინძაგი წავა, საკითხავია, როდის...

AutoSharing Option
"მილანმა" ვერც "ვერონას" სძლია და იტალიური სპორტული პრესა მოიცვა ცნობებმა ფილიპო ინძაგის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

ისიც ითქვა, რომ ინძაგის ან მაურო ტასოტი შეცვლის, ან კრისტიან ბროკი. აქვე ვთქვათ, რომ ტასოტი უკვე წლებია, "მილანის" მწვრთნელად მუშაობს და მუდმივად თანაშემწეა, ბროკი კი "როსონერის" ახალგაზრდულ გუნდს უდგას სათავეში.

"ლა რეპუბლიკას" და "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, სილვიო ბერლუსკონი გუშინ გვიან საღამოს უნდა შეხვედროდა ადრიანო გალიანის და სწორედ იქ უნდა გარკვეულიყო მწვრთნელის ბედი. ამ გადაწყვეტილებას მთელი იტალიური საფეხბურთო სამყარო ელოდა, მაგრამ როგორც
მოგვიანებით გაცხადდა, შეხვედრა არ შედგა. სილვიო ბერლუსკონის წარმომადგენელმა ამ თემაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"შეხვედრა არ შედგა, რადგან სილვიო ბერლუსკონის ურჩევნია, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოს. ყველაფერი კარგად უნდა აიწონოს, რომ გუნდისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. უახლოეს დღეებში, ბერლუსკონი შეხვდება გალიანის და ყველაფერს გავიგებთ".

პრესასთან კომენტარი თავად ინძაგიმ გააკეთა და არსებულ კრიზისზე ისაუბრა:

"კარგად მესმის გულშემატკივრების, რომლებიც აღშფოთებულნი არიან გუნდის ასპარეზობით. "ვერონასთან" უნდა მოგვეგო, მაგრამ 95-ე წუთზე სულელური გოლი გავუშვით და ისევ დავკარგეთ ქულები.

როდესაც ბურთი ბადეში გაეხვა, გონება დამიბნელდა. რა არის არსებული კრიზისის მიზეზი? - ერთი მიზეზი არ არსებობს და ამიტომ ამ თემაზე ვრცელი საუბარი გამიჭირდება. საკუთარი თავის რწმენა დავკარგეთ, თითქოს აღარ გვჯერა, რომ მოვიგებთ და ეს ძალიან ცუდია. ერთი წარმატებული მატჩი შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს და ამიტომ მომდევნო ტურის პაექრობას განსაკუთრებულად ველოდები.

"ფიორენტინასთან" გასვლაზე წარმატებით თამაში დიდი სტიმული იქნება - არ უნდა წავაგოთ და მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშოთ. რაც შეეხება ჩემ შესაძლო გათავისუფლებას, კლუბის მესვეურებზეა დამოკიდებული - სანამ "მილანის" მწვრთნელი ვარ, იქამდე საქმეს პირნათლად შევასრულებ".

ინძაგის კომენტარს "მილანის" ყოფილი მწვრთნელი, ლეგენდარული არიგო საკი გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"ინძაგის ახლოს ვიცნობ, უდიდეს პატივს ვცემ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ. თუმცა ის არ აღმოჩნდა მზად "მილანის" გასაწვრთნელად, რაც მის კომენტარებშიც ნათლად ჩანს. ფილიპომ იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი ფლორენციაში არ წააგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრეზე აქედანვე თანახმაა. "მილანი" დიდი გუნდია და ეს დიდი გუნდი ყველა თამაშზე მოსაგებად უნდა გადიოდეს".

დაბრუნდება ანჩელოტი?
იტალიური სპორტული პრესა დიდი ხანია თანხმდება, რომ ფილიპო ინძაგი, მაქსიმუმ, სეზონის ბოლომდე დარჩეს დაკავებულ პოსტზე და ზაფხულში მას ყველა შემთხვევაში შეცვლიან. პიპოს შესაძლო შემცვლელად ხან ლუჩანო სპალეტის ასახელენ, ხან ჩეზარე პრანდელის, უფრო ხშირად კი ვინჩენცო მონტელას, რომელიც "ფიორენტინაში" წარმატებით მუშაობს. იყო იურგენ კლოპის ვარიანტიც, რომელმაც თითქოს ამოწურა შესაძლებლობები დორტმუნდის "ბორუსიაში".

ორი დღეა, მედიაში საინტერესო მოსაზრება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, "მილანის" მესვეურებს კარლო ანჩელოტის დაბრუნება სურთ.

კარლეტო მადრიდის "რეალში" წარმატებით მუშაობს, მაგრამ გასული სეზონისგან განსხვავებით, წელს ჩავარდნები აქვს, რაც ბადებს ეჭვს მისი ესპანეთიდან შესაძლო აბარგების შესახებ. მით უმეტეს, ანჩელოტის 9 მილიონი ევრო აქვს ხელფასი და თუნდაც მცირე ჩავარდნას იტალიელს, ალბათ, არავინ აპატიებს. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ფლორენტინო პერესს ძალიან მოსწონს რაფაელ ბენიტესი და რადგან ეს უკანასკნელი სეზონის ბოლოს ნეაპოლიდან აბარგებას აპირებს, მასთან შეთანხმების მიღწევა არ უნდა იყოს რთული საქმე.

მეორე ვერსიით, "რეალის" მომავალი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იქნება, რომელიც "სამეფო კლუბის" ახალგაზრდულ გუნდს, "რეალ კასტილიას" უდგას სათავეში. მოკლედ, არაა გამორიცხული, ზაფხულში ანჩელოტიმ "რეალი" დატოვოს და ასეთ შემთხვევაში, არც მისი "მილანში" დაბრუნება იქნება გასაკვირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული