სერია A. XXVII ტური: ჩაიხლართა და თანაც, როგორ [VIDEO]

AutoSharing Option
* "რომამ" ჩემპიონატში პირველად წააგო შინ.
* "რომა" გოლების 45%-ს სტანდარტული მდგომარეობებიდან უშვებს, რაც ჩემპიონატში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია.
* სინიშა მიხაილოვიჩმა სამწვრთნელო კარიერაში პირველად დაამარცხა "რომა".
* "მილანმა" ამ სეზონში 21 ქულა დაკარგა მას მერე, რაც მატჩს იგებდა. აქედან 15 ქულა 2015 წელზე მოდის.
* "მილანმა" ამ სეზონში 9 გოლი გაუშვა თავური დარტყმით.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 27-ე ტური ორშაბათის სამი პაექრობით დასრულდა და სამივემ დიდი ინტერესი გამოიწვია.

რადგან სკუდეტოს ბედი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, მთავარი ინტრიგა ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის
საგზურებს უკავშირდება - განვლილ თამაშებში სწორედ ევროსაგზურებისთვის მებრძოლმა გუნდებმა იასპარეზეს და შესაბამისად, თითოეულ ქულას ოქროს ფასი ჰქონდა...

ბოლოს გატეხილი "მილანი"
"ფიორენტინა"-"მილანის" შეხვედრაში მასპინძლები აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ სამი ქულის მოპოვება ძალიან გაუჭირდათ. პირველ ტაიმში "როსონერი" უპირატესობას ფლობდა, მეორე ნახევრის სტარტზე კი სულაც გოლი შეაგდო და დაწინაურდა.

თავი მატია დესტრომ გამოიჩინა, რომელმაც ჯაკომო ბონავენტურას უხეირო დარტყმის შემდეგ ბურთს მიმართულება შეუცვალა და ბადეში გაახვია. ფლორენციელებმა 83-ე წუთზე გაათანაბრეს, როდესაც გონსალო როდრიგესმა თავური დარტყმით იხეირა; მატჩის მიწურულს კი ხოაკინ სანჩესმა ასევე თავით შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

მთლიანობაში, "მილანმა" უკეთ ითამაშა, ვიდრე წინა შეხვედრებში, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია - ფილიპო ინძაგის გუნდი ისევ აგებს და ევროსაგზურის მოპოვების შანსი, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს. რაც შეეხება "ფიორენტინას", ვინჩენცო მონტელას შეგირდებს სამ ფრონტზე უწევთ ბრძოლა, ურთულესი კალენდარი აქვთ და ყველა შეხვედრას ერთნაირად მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებენ - მიუხედავად იმისა, რომ ფლორენციელები ვერ ბრწყინავდნენ, უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს და მთავარიც ეს არის.

ფილიპო ინძაგი (მილანი): "დღეს ისეთი "მილანი" ვიხილე, როგორიც სეზონის სტარტზე იყო და რომელიც გამარჯვებას იმსახურებდა. დიახ, უნდა მოგვეგო, მაგრამ ფრესაც ვერ მივაღწიეთ. ეს ფეხბურთია და დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. ჩემი სურვილია, რომ დავრჩე და "მილანში" კიდევ 30 წელი ვიმუშაო, მაგრამ თუ გამიშვებენ, ჩემი გზით წავალ, სადმე სხვაგან ვიმუშავებ და ბედს ვცდი. შეგირდების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაქსიმუმი გააკეთეს და მეტს იმსახურებდნენ".

ვინჩენცო მონტელა (ფიორენტინა): "რთული მატჩი იყო. შეგვეძლო წაგვეგო კიდეც, მაგრამ საბოლოოდ, სწორედ ჩვენ დაგვრჩა სამი ქულა. "მილანი" სახიფათო იყო კონტრშეტევებზე, მაგრამ ბოლოს კონცენტრაცია დაკარგა და დაისაჯა. ფილიპო ინძაგის მძიმე პერიოდი უდგას, მაგრამ მჯერა, რომ ამ ვითარებიდან უფრო ძლიერი გამოვა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანდერსონის ბენეფისი
სეზონის დასკვნით ფაზას "ლაციო" ოპტიმალურ ფორმაში შეხვდა, თამაშს თამაშზე იგებს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა მოკალათებული. ეგ კი არა, "რომას" წამოეწია და არაა გამორიცხული, უკვე მომდევნო ტურში მეორე ადგილზე აინაცვლოს. როგორც ჩანს, "ბიანკოჩელესტეს" ისიც უწყობს ხელს, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით, ევროთასებზე არ ასპარეზობს და მთელი კონცენტრაცია სერია A-ზე აქვს გადატანილი.

სტეფანო პიოლის შეგირდები "ტორინოს" ესტუმრნენ და კერკეტ მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. ორივე შედეგიანი დარტყმა ფელიპე ანდერსონის ანგარიშზეა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და გოლებსაც უხვად იტანს. ბრაზილიელმა ჯერ ბრწყინვალე რეიდი დააგვირგვინა უზუსტესი დარტყმით, ხოლო შემდეგ მარცხენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და რეკოშეტის დახმარებით, ბურთი ბადეში გაახვია.

შედეგად, 2:0 რომაელთა სასარგებლოდ და სამი ქულით ჩამოტოვებული "ნაპოლი", მასთან ერთად კი, "სამპდორია", რომელზეც ქვემოთ კიდევ ვისაუბრებთ...

სტეფანო პიოლი (ლაციო): "მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება და თითოეულ ტურში ბევრი რამ იცვლება. ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვართ, მაგრამ ჯერჯერობით, ცხრილზე ფიქრი არ შეიძლება. კონკრეტულ თამაშზე უნდა ვიფიქროთ და სამი ქულისთვის ვიბრძოლოთ, დანარჩენი კი მაისში გამოჩნდება. ფელიპე ანდერსონი? - ბრწყინვალე ფეხბურთელია, შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ თამაშს იგებს და აგებს გუნდი".

მეხუთე პრეტენდენტი
"სამპდორიამ" ხუთამდე გაზარდა იმ გუნდების რაოდენობა, რომლებიც ამ დროისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის იბრძვიან. "იუვენტუსი" რომ მომდევნო სეზონშიც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს, ცხადზე უცხადესია, დარჩენილი ორი საგზურისთვის კი სწორედ ხუთი გუნდი იბრძვის.

თავი ქუდში აღარც "რომას" აქვს, რომელსაც "ლაციო", "ნაპოლი", "ფიორენტინა" და "სამპდორია" მიუახლოვდნენ. შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე იტალიამ ოთხი გუნდი გაიყვანოს და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროპალიგის მიმდინარე გათამაშებას სერია A-ს ბინადარი მოიგებს და ამასთან, ეს გუნდი იტალიის ჩემპიონატში სამეულს მიღმა დარჩება - ასეთი შეიძლება იყოს "რომა", "ფიორენტინა" და "ნაპოლი". მოკლედ, სერია A-ს დასკვნითი ნაწილი ძალიან საინტერესო იქნება, ჩვენ კი "რომა"-"სამპდორიას" მატჩზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა...

თამაში რომაელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და სახიფათო მომენტებიც უფრო გენუელთა კართან იქმნებოდა, მაგრამ გოლები სწორედ სტუმრებმა გაიტანეს - ჯერ ლორენცო დე სილვესტრიმ აჯობა მცველებს, რთულ ვითარებაში დაიმორჩილა ბურთი, ერთ მეურვეს ოსტატურად აუარა გვერდი და ზუსტი დარტყმით მეკარე უშანსოდ დატოვა.

მეორე გოლი ლუის მურიელის ანგარიშზეა, რომელმაც შესანიშნავი რეიდი გამოაცხო, პირველი დარტყმა გაუცუდდა, მაგრამ მეორე შანსი მიეცა და აღარ გაუშვა ხელიდან - 0:2. აღსანიშნავია, რომ კარგი შთაბეჭდილება დატოვა სამუელ ეტო'ომ, რომელმაც მარცხენა ფლანგი აიკლო და მასპინძელთა მცველებს მოსვენებას არ აძლევდა.

ისიც ვთქვათ, რომ 81-ე წუთზე მსაჯმა სეიდუ კეიტა გააძევა და "ჯალოროსიმ" თამაში ათი ფეხბურთელით ჩაამთავრა. მატჩის შემდეგ გენუელებმა ნამდვილი ფიესტა გამართეს, ყურადღების ცენტრში კი კლუბის პრეზიდენტი მასიმო ფერერო იყო...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუდი გარსია (რომა): "ცუდად არ გვითამაშია, ბევრი მომენტიც შევქმენით, მაგრამ გოლი ვერაფრით გავიტანეთ. მეტოქემ სულ სამი მომენტი შექმნა და ორჯერ გაიტანა. დასანანი მარცხია, მაგრამ ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ - ჯერ არაფერია დაკარგული, ისევ მეორე ადგილზე ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონატი ამავე პოზიციაზე დავასრულოთ".

სინიშა მიხაილოვიჩი (სამპდორია): "ეს იყო დიდი გამარჯვება, რომელიც დავიმსახურეთ. მატჩის წინ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ წაგების შიშის გარეშე ეთამაშათ. ეს იყო რისკი, რომელიც გამართლებული გამოდგა. პირველ წრეში "რომას" უგოლოდ დავუზავდით და მაშინ ვთქვი, რომ შესანიშნავად ვითამაშეთ; დღეს კი, უბრალოდ, საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული