იტალიის ნაკრები: ანტონიო კონტე ჭკუიდან შეშალეს

AutoSharing Option
აპენინური სპორტული პრესის ყურადღების ცენტრში კოვერჩიანოს საწვრთნელი ბაზა რჩება, სადაც იტალიის ეროვნული ნაკრები ორი მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება.

პირველი მატჩი "სკუადრა აძურას" ბულგარეთთან უწევს და თანაც, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით - ამიტომ მთელი ყურადღება ამ პაექრობისკენაა მიმართული. რა ტაქტიკა-შემადგენლობით დაუპირისპირდება "აძურა" ბულგარეთს? - ამ თემაზე ქვემოთ ვისაუბრებთ და ვერც ორიუნდების თემას ავცდებით...

კონტეს ვარიანტები
ანტონიო კონტეს ხელში იტალიის ნაკრები ხან 4-4-2 ტაქტიკით თამაშობს, ხან 3-5-2-ით და ხანაც 4-3-3-ით - საინტერესოა, ამჯერად რომელ სქემას აირჩევს "სკუადრა აძურას" თავკაცი, იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს კი
თავიანთი ვარაუდები აქვთ.

მაგალითად, "გაძეტა დელო სპორტი" მიიჩნევს, რომ გამოძახებული ფეხბურთელებიდან გამომდინარე, კონტე უფრო 3-5-2 ტაქტიკას უმიზნებს, თუმცა ბუნებრივია, ბევრ რამეს საწვრთნელი პროცესი გამოაჩენს.

თუ კონტემ 3 მცველით ითამაშა, უკან ანდრეა ბარძალის, ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის გაამწესებს, ფლანგებზე, დიდი ალბათობით, მატეო დარმიანს და მანუელ პასკუალს დაეყრდნობა, თუმცა ამ უკანასკნელს ემილიანო მორეტის და ლუკა ანტონელის სახით კონკურენტები ჰყავს.

საყრდენ ხაზს მარკო ვერატი, მარკო პაროლო და კლაუდიო მარკიზიო გაამაგრებენ, შეტევაში კი სიმონე ძაძას ის ფორვარდი შეუწყვილდება, რომელიც ვარჯიშებზე თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს. უფრო მეტი შანსი მაინც მანოლო გაბიადინის და ანტონიო კანდრევას აქვთ; კანდრევა გამოკვეთილი ფორვარდი არაა და სიღრმიდან უყვარს თამაში, რაც გასვლაზე თამაშისას შესაძლოა, ოპტიმალური ვარიანტიც კი იყოს. თადარიგში მოიაზრება ჩირო იმობილე, რომელსაც კონტე კი სწყალობს, მაგრამ ბოლო პერიოდში, დორტმუნდის "ბორუსიაში" თამაში, პრაქტიკულად, არ უწევს.

თუ კონტე 4-4-2 ან 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს, მაშინ დაცვის ცენტრს ლეო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი გაამაგრებენ, ფლანგებზე კი არჩევანი მატეო დარმიანს, ლუკა ანტონელის, ემილიანო მორეტის და მანუელ პასკუალს შორის გაკეთდება. სამი ნახევარმცველის შემთხვევაში, პაროლოს, ვერატის და მარკიზიოს ყველაზე მეტი შანსი აქვთ და თუ კონტემ მაინც 4-4-2 სქემით ითამაშა, მეოთხე შუახაზელი ან მირკო ვალდიფიორი იქნება, ან ფრანკო ვასკესი. პალერმოელი უფრო შემტევია, ემპოლელი კი სიღრმიდან თამაშობს. ძირითადში მოხვედრის ნაკლები შანსი აქვთ რობერტო სორიანოს და ანდრეა ბერტოლაჩის.

შეტევაში კონტეს დიდი არჩევანი აქვს და პროგნოზების კეთება მეტად რთული საქმეა. სიმონე ძაძას შანსები ყველაზე ძვირად ფასობს, მასთან ტანდემში ან ტრიოში კი შესაძლოა თითოეული ამათგანი ვიხილოთ: მარტინს ედერი, გრაციანო პელე, ჩირო იმობილე, ანტონიო კანდრევა, მანოლო გაბიადინი.
და მაინც, როგორ პროგნოზს აკეთებს "გაძეტა დელო სპორტი"? - გავეცნოთ სავარაუდო შემადგენლობას

იტალია (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - დარმიანი, ვერატი, პაროლო, მარკიზიო, პასკუალი - კანდრევა, ძაძა

ისევ ორიუნდები...
ანტონიო კონტემ იტალიის ეროვნულ ნაკრებში არგენტინელი ფრანკო ვასკესი და ბრაზილიელი მარტინს ედერი გამოიძახა, რამაც აპენინებზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და სკანდალში გადაიზარდა. თავიდან კონტე რობერტო მანჩინიმ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "სკუადრა აძურაში" მხოლოდ იტალიელები უნდა ასპარეზობდნენ, მოგვიანებით კი მანჩინის სხვებმაც მიბაძეს და კონტეს შეუტიეს. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ედერის და ვასკესის ნაკრებიდან გაძევება მოითხოვეს. ანტონიო კონტე იძულებული გახდა, რომ ამ თემაზე საგანგებო კომენტარი გაეკეთებინა:

"არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი მიიწვია. თანაც, ჩვენ ორიუნდებს ვიწვევთ, რომლებსაც იტალიური ფესვები აქვთ. გაესაუბრეთ ფრანკო ვასკესს, რომელსაც დედა იტალიელი ჰყავს და თავს ნამდვილ იტალიელად მიიჩნევს. იგივე შემიძლია ვთქვა მარტინს ედერზე, რომელიც ენთუზიაზმით არის აღსავსე.

სხვა ქვეყნებში ამისგან პრობლემას არავინ ქმნის, ჩვენთან კი მთავარი სალაპარაკო თემა ორიუნდების გამოძახებაა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე 700-მა ფეხბურთელმა ითამაშა და აქედან 88 ნატურალიზებული იყო, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. ჩვენ არავისთვის მიგვიცია ფეხბურთელისთვის იტალიის მოქალაქეობა მხოლოდ იმისთვის, რომ "აძურაში" ეთამაშა, მაგრამ ვინც ისედაც არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ნება მომეცით, რომ გამოვიძახო და საქმეში ვნახო. ამ თემაზე ლაპარაკი უკვე ჭკუიდან მშლის; დროა, საქმეზე გადავერთოთ".

ამ თემას იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მარჩელო ლიპი გამოეხმაურა, რომელმაც 2006 წელს "სკუადრა აძურასთან" ერთად მუნდიალი მოიგო, მის გუნდში კი არგენტინელი მაურო კამორანეზი ასპარეზობდა:

"სირცხვილია, რომ ამაზე საერთოდ ვლაპარაკობთ, რადგან საქმე ორიუნდებს ეხებათ და არა ისეთ უცხოელებს, რომლებსაც ჩვენ ქვეყანასთან საერთო არაფერი აქვთ. ლიონელ მესის ან კრიშტიანო რონალდოს რომ იტალიური ფესვები ჰქონოდათ და "აძურაში" მიეწვიათ, ხმას არავინ ამოიღებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ედერი და ვასკესი ბევრს არ მოსწონს. პირადად მე, კონტეს მხარს ვუჭერ და ძალიან მინდა, რომ უახლოეს შეხვედრებში სწორედ ედერმა და ვასკესმა გამოიჩინონ თავი".

მაჯო წავიდა, ბარძალი წავა...
ანტონიო კონტეს განაცხადში კრისტიან მაჯო არ ფიგურირებს, რომელმაც ეროვნული ნაკრების დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება:

"ეროვნულ გუნდში დაუვიწყარი წლები გავატარე და ცხოვრების ბოლომდე ვიამაყებ, რომ "სკუადრა აძურას" მაისური მეცვა. ჩემთვის რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მივხვდი, რომ დროა, სანაკრებო კარიერა დავასრულო. უკვე 33 წლის ვარ, "აძურაში" კი კონკურენცია ისედაც დიდია და უმჯობესია, გზა ახალგაზრდებს დავუთმო. მინდა, ანტონიო კონტეს დიდი წარმატება ვუსურვო და მჯერა, რომ ეს ასეც იქნება".

33 წლისაა "იუვენტუსის" მცველი ანდრეა ბარძალი და სანაკრებო კარიერის დასრულებას ისიც აპირებს, მხოლოდ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ: "მიხარია, რომ კვლავ ეროვნულ გუნდში ვარ, რადგან ეს განსაკუთრებული გრძნობა და ემოციაა. იმედია, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ და შემდეგ კონტინენტის პირველობასაც მოვიგებთ, რადგან ეს ჩემი ბოლო სანაკრებო ტურნირი იქნება. დიახ, ევროფორუმის შემდეგ ნაკრებს დავემშვიდობები, რადგან დროა, გზა ახალგაზრდებს დავუთმო. იტალიაში ბევრი ნიჭიერი მცველია, რომლებიც დიდ ფეხბურთს ითამაშებენ".

ბოლოს იტალიის ნაკრების 28 წლის დებიუტანტს, მირკო ვალდიფიორის გადავცეთ სიტყვა, რომელიც ემოციებს ვერ მალავს: "იტალიის არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ მითამაშია და ეროვნული გუნდის მწვრთნელსაც არასდროს მოუქცევია ყურადღება - ამიტომ თავი სიზმარში მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ დღეს აქ ვარ, კოვერჩიანოს ბაზაზე. განსაკუთრებული მადლობა "ემპოლის", გუნდს, რომელმაც ყველაფერი მომცა და ოცნება ამისრულა. ჩემი კუმირი ანდრეა პირლოა და იმედი მაქვს, რომ მომავალში მის მხარდამხარ ვითამაშებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული