ტურინის "იუვენტუსი" ბეწვის ხიდზე

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ერთ-ერთ ვარჯიშზე კარლოს ტევესმა ტრავმა მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა. ერთი ხანობა, ტურინული გრანდის ბანაკი პანიკამ მოიცვა, თუმცა მალევე გაცხადდა, რომ 31 წლის ფორვარდი მსუბუქად დაშავდა და საწვრთნელ პროცესს სამ-ოთხ დღეში დაუბრუნდება.

შესაბამისად, ტევესი იტალიის თასის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს "ფიორენტინასთან" და შესაძლოა, სერია A-ს უახლოეს ტურში არ მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, ამ ორ თამაშს ვინ ჩივის, როდესაც შეიძლებოდა, რომ კარლოსს გაცილებით მძიმე ტრავმა მიეღო.

დაახლოებით ანალოგიური ისტორია იყო კლაუდიო მარკიზიოსთან დაკავშირებით და მაშინ ტურინელებმა კიდევ უფრო დიდი შიში ჭამეს. ამჯერად, თავად
კარლოს ტევესმა დაამშვიდა გულშემატკივრები:

"ფეხში ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, კუნთის მსუბუქ დაჭიმულობასთან გვქონია საქმე და საგანგაშო არაფერია. შესაძლოა, ერთი ან ორი თამაშის გამოტოვება მომიწიოს და შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები. წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები გვაქვს, ტრავმებს მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ".

პრობლემა
ტევესი და მარკიზიო გადარჩნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო დროს ტურინელები მუდმივ შიშში არიან. ისიც გავიხსენოთ, რომ პოლ პოგბამ მძიმე ტრავმა მიიღო, დაახლოებით 50 დღე მოუწევს ლაზარეთში ყოფნა და დიდია იმის შანსი, რომ მიმდინარე სეზონში ვეღარც ითამაშოს.

პოგბას ტრავმის შემდეგ მარკიზიოს დაშავებას იტალიაში ნამდვილი შოკი მოჰყვა - ბევრმა "იუვენტუსის" სალიგო ამბიციებს ხაზი გადაუსვა, რადგან ტურინულ გრანდში ორი წამყვანი ნახევარმცველის სრულფასოვნად შეცვლის რესურსი, უბრალოდ, არ აქვთ.

საბედნიეროდ, მარკიზიო გადარჩა, მაგრამ ფაქტია, რომ პიემონტელები ბეწვის ხიდზე გადიან - გუნდს, რომელიც სამ ფრონტზე იბრძვის გამარჯვებისთვის და თვით ჩემპიონთა ლიგაში სურს წარმატების მიღწევა, გაცილებით სოლიდური სათადარიგოთა სკამი უნდა ჰქონდეს.

ვიალის აზრით
ამ მოსაზრებას "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი ჯანლუკა ვიალი იზიარებს:
"ძალიან მინდა, რომ "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინოს და ფინალში გავიდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის ალბათობა მცირეა. "ვეკია სენიორა" საუკეთესოა იტალიაში, მაგრამ ევროარენაზე წარმატების მისაღწევად კიდევ რაღაც აკლია. თუ უფრო კონკრეტულად გაინტერესებთ, ეს გრძელი სათადარიგოთა სკამია.

პოლ პოგბას დაშავება ტურინელთათვის აუნაზღაურებელი დანაკლისია და პერიოდულად, სხვა წამყვან ფეხბურთელებსაც აწუხებთ ტრავმები. მაშინ, როდესაც "რეალის", "ბარსელონას" და "ბაიერნის" მწვრთნელები მუდმივ როტაციას მიმართავენ, "იუვენტუსი" მთელი სეზონია, ერთი შემადგენლობით გადის ფონს, ფეხბურთელები დაღლილები არიან და ამად არის, რომ ხან კუნთი სტკივათ და ხან მყესი ეჭიმებათ. მასიმილიანო ალეგრისაც შეუძლია, რომ ცოტა მეტად დაზოგოს ფეხბურთელები, როდესაც სკუდეტო, პრაქტიკულად, ჯიბეში უდევს".

ვიალის მოსაზრებას დაეთანხმა "იუვეს" ყოფილი მწვრთნელი მარჩელო ლიპი: "ზაფხულში ტურინული გრანდის მესვეურებმა აუცილებლად უნდა იაქტიურონ სატრანსფერო ბაზარზე და რამდენიმე უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გადაიბირონ. თუ სათადარიგოთა სკამზე ისეთი ფეხბურთელები სხედან, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს ღირსეულად ვერ შეცვლიან, ჩემპიონთა ლიგის მოგება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.

"იუვენტუსი" ძლიერი გუნდია, სწორად ვითარდება, ახალ საფეხურზე ასვლა კი შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერებას მოყვება. ეს იქნება ნამდვილი პროგრესი და ის, რაც "ვეკია სენიორას" ძველ დიდებას დაუბრუნებს. დღეს "იუვე" ბეწვის ხიდზე გადის და მუდმივ შიშშია, რომ ვინმე არ დაშავდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი "იუვე", ნამდვილი "იუვე"!
აზრზე არ ვარ, რამ შემაყვარა ეს ოხრები ასე... :)))
ჩემი ბავშვობის ბოდვა და სიყვარულია ტურინული გრანდი!
ლევანი
09:45 08-04-2015
0

სიახლეები პოპულარული