იტალიის თასი. 1/2-ფინალი: "ლაციომ" თასზეც ივარგა

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის ფინალში ერთმანეთს "იუვენტუსი" და "ლაციო" დაუპირისპირდებიან, მატჩი კი რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება.

მეორე ფინალისტი "ნაპოლი"-"ლაციოს" წყვილში გამოვლინდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველ შეხვედრაში სასურველ შედეგს ნეაპოლელებმა მიაღწიეს, საბოლოო გამარჯვება მაინც სტეფანო პიოლის გუნდს დარჩა.

დიახ, ოთხშაბათს "სტადიო სან პაოლოზე" საპასუხო მატჩი შედგა, რომელშიც მინიმალური ანგარიშით რომაელებმა გაიმარჯვეს; ერთადერთი და გამარჯვების გოლი კი სენად ლულიჩის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე იხეირა და მატჩის გმირად მოგვევლინა. ლულიჩმა მართლაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ერთხელ ცარიელი კარიდანაც გამოაძრო ბურთი და "ნაპოლის"
თამაშის გადარჩენის ბოლო შანსი მოუსპო.

მატჩი ძალიან დაძაბული იყო და ორმხრივ იერიშებში წარიმართა, მომენტები კი ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა. მთლიანობაში, "ლაციო" უფრო მიზანდასახული ჩანდა, უფრო სწორი ფეხბურთი ითამაშა და მოიგო კიდეც. ნამატჩევს, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ფეხბურთელები მკაცრად გააკრიტიკა და დაემუქრა კიდეც:

"ის, რაც ბოლო თამაშებში ხდება, ჩემთვის ყოვლად გაუგებარია. როგორც ჩანს, ბევრს არ ესმის, თუ რას ნიშნავს "ნაპოლის" მაისურით თამაში და ასეთებს გუნდის დატოვება მოუწევთ. იტალიის თასი ხელიდან გავუშვით და ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვკარგავთ, რასაც გულშემატკივრების ლოგიკური ობსტრუქცია მოჰყვა.

დაღამებამდე უნდა ვივარჯიშოთ, თავი უნდა მოვიკლათ, რათა ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეთ. სეზონის დარჩენილი მატჩები უნდა მოვიგოთ, რადგან შეცდომის უფლება აღარ გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული ზომების მიღება მომიწევს".

სრულიად საპირისპირო განწყობაა "ლაციოს" ბანაკში - გუნდს რომის აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა, გუშინდელ ვარჯიშს კი 5 ათასამდე ტიფოზი დაესწრო, რომლებმაც ბაზაზე პეტარდები დაანთეს, ბევრი იმღერეს და საწვრთნელი პროცესისთვის უჩვეული გარემო შექმნეს. "ლაციო" თასის ფინალშია, სერია A-ში კი სამეულშია და მეორე ადგილზე მყოფ "რომას" "კუდზე აზის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული