წინ კიდევ 8 ტურია, გადამწყვეტი მატჩები, იქამდე კი უკვე განვლილი შევაფასოთ და გაჩენილ კითხვებს გავცეთ პასუხი...
სამეულები გამოიკვეთა
სერია A-ს სატურნირო ცხრილში სამი სამეული უნდა გამოვყოთ: პირველი სამეული, ანუ ჩემპიონთა ლიგის ზონა; მეორე სამეული, ანუ ევროპალიგის ზონა და მესამე სამეული, ანუ გასავარდნი ზონა. თუ სატურნირო ცხრილს ჩახედავთ, სამივე სამეული გამოკვეთილია და დიდი შანსია, ჩემპიონატის დასრულებამდე მასში ცვლილებები აღარ შევიდეს. მაგალითად, მესამე ადგილზე მყოფი
ზოგადად, ევროპალიგაზე სერია A-დან მხოლოდ ორი გუნდი გადის და მესამე საგზური იტალიის თასის გამარჯვებულს ან ფინალისტს ეძლევა - მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ თასის ფინალში "იუვენტუსი" და "ლაციო" გავიდნენ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდებიან - ევროპალიგას ის ერთი საგზურიც სერია A-დან დაემატება.
ჩავხედოთ გასავარდნ ზონასაც - მე-18 ადგილზე მყოფ "ჩეზენას" "ატალანტამდე" მთელი შვიდი ქულა აშორებს და ელიტაში დასარჩენად სწორედ ამ ფორის აღმოფხვრა ევალება, რაც რთულად წარმოსადგენია. მოკლედ, სამეულები გამოკვეთილია, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ სადღაც რაღაც შეიცვალოს...
ყველაზე დიდი ინტრიგა
სკუდეტოს ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "იუვენტუსი" ზედიზედ მეოთხედ გახდება ქვეყნის ჩემპიონი. სამაგიეროდ, დიდი ინტრიგაა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი გუნდი მოიპოვებს მეორე ადგილს, ეს პოზიცია კი ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე და არა საკვალიფიკაციო ციკლის გავლით. მაგალითად, მიმდინარე სეზონში ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე "ნაპოლის" უნდა ეთამაშა, მაგრამ შესარჩევში ბილბაოს "ატლეტიკთან" დამარცხდა და მთელი წლის შრომა წყალში ჩაყარა - ამიტომ მეორე ადგილს დიდი პრივილეგია აქვს და ამისთვის ნამდვილად ღირს ბრძოლა.
მეორე ადგილზე ამ დროისთვის "ლაციოა" და "რომას" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს - დღეს "ბიანკოჩელესტე" უკეთეს ფორმაშია და მიჯრით რვა მატჩი აქვს მოგებული, მაგრამ სამაგიეროდ, "რომას" უფრო იოლი კალენდარი აქვს. უახლოეს ტურში "ლაციო" "იუვენტუსს" ეთამაშება და იქვე შეიძლება, რომ გუნდებმა ადგილები გაცვალონ, ბრძოლა კი, ალბათ, ბოლო ტურამდე გაგრძელდება.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 24 მაისს დაგეგმილი რომაული დერბი - ეს მატჩი ბოლოსწინა ტურში შედგება და ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ატმოსფერო იქნება "სტადიო ოლიმპიკოზე". ესეც ყველაზე დიდი ინტრიგა: მეორე ადგილისთვის ბრძოლა, დედაქალაქური გუნდების კონკურენცია და დერბი ბოლოსწინა ტურში - რა უნდა იყოს ამაზე უფრო მძაფრი და საინტერესო?!
ინფანტინოს განმარტება
როგორც ცნობილია, სერია A-დან ჩემპიონთა ლიგაზე სამი საუკეთესო გუნდი გადის, მაგრამ არის შანსი, რომ მომდევნო სეზონში აპენინელებს ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ოთხი გუნდი ჰყავდეთ - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროპალიგის გათამაშებას ან "ნაპოლი" მოიგებს, ან "ფიორენტინა" და შესაბამისად, ამ გზით მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს. გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ალბათობით, ვერც "ნაპოლი" და ვერც "ფიორე" სერია A-ს სამეულში ვერ შევლენ, მათი ევროპული წარმატება იტალიური გუნდების რაოდენობას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ოთხამდე გაზრდის.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ, ვთქვათ, "ნაპოლი" ევროპალიგას მოიგებს და ამავდროულად, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას ევროპალიგის ზონაში დაასრულებს? - ამ შემთხვევაში, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე გავა და ბევრმა ჩათვალა, რომ ევროპალიგის საგზურს სერია A-ს მეშვიდე ადგილზე გასული გუნდიც მიიღებს - მაგალითად, "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა სწორედ ამის იმედი გამოთქვა და შემდეგი განაცხადა:
"თუ "ნაპოლი" ან "ფიორენტინა" ევროპალიგას მოიგებს და ჩემპიონთა ლიგაზე გავა, თავის მხრივ კი, სერია A-ში სეზონს ევროპალიგის ზონაში დაასრულებს, მაშინ მომდევნო სეზონში ევროასპარეზზე იტალიის მეშვიდე გუნდიც გავა და სწორედ ეს პოზიცია უნდა დავიკავოთ ჩვენ".
გალიანის იმედებს ცივი წყალი უეფას ტექნიკურმა დირექტორმა ჯანი ინფანტინომ გადაასხა, როდესაც შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ბევრი კითხვა დაგროვდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი გუნდი გადის სერია A-დან ევროთასებზე და რა შემთხვევაში ეყოლება ევროარენაზე სერია A-ს შვიდი გუნდი? - პირდაპირ გეტყვით, რომ ამის ალბათობა ძალიან დაბალია, ადრიანო გალიანის მოსაზრება კი - მცდარი.
იტალიას ევროასპარეზზე ექვსი ადგილი ეკუთვნის და ეს კვოტა შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპალიგას ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს გუნდი, რომელიც სერია A-ს მეშვიდე ადგილზე ან კიდევ უფრო დაბალ საფეხურზე დაასრულებს.
წარმოუდგენელია, რომ "იუვენტუსმა" სეზონი მეშვიდე ადგილზე დაამთავროს და იმის შანსიც მიზერულია, რომ ასე დაბლა "ნაპოლი" ან "ფიორენტინა" დაეშვას - ასე რომ, იტალია ევროპაზე, დიდი ალბათობით, მეშვიდე გუნდს ვერ გაიყვანს".
როგორც ჯანი ინფანტინომ განმარტა, თითქმის გამორიცხულია, რომ იტალიამ ევროარენაზე ექვს გუნდზე მეტი გაიყვანოს და თუ "ნაპოლი" ან "ფიორენტინა" ევროპალიგას მოიგებენ, მაშინ მომდევნო სეზონში სერია A-ს ამ ტურნირზე მხოლოდ ორი გუნდი ეყოლება.
ოპტიმისტები
და მაინც, "ნაპოლის" მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ მისი გუნდი სამეულში შეაღწევს; ადრიანო გალიანისაც სჯერა, რომ "მილანს" ექვსეულში შესვლა შეუძლია; "კალიარი" და "ნაპოლიც" იმედოვნებენ, რომ ჯერ ყველაფერი დაკარგული არაა - ქვემოთ, რამდენიმე საინტერესო კომენტარს გავეცნოთ...რაფაელ ბენიტესი ("ნაპოლის" მწვრთნელი): "მართალია, მესამე ადგილზე მყოფ "რომას" მთელი შვიდი ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ წინ კიდევ რვა ტურია და ამ ფორის აღმოფხვრა ნამდვილად შეიძლება. მთავარია, დარჩენილ შეხვედრებში ქულები აღარ დავკარგოთ და ამისთვის მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. ვაპირებდი თუ არა "ნაპოლის" დატოვებას? - მქონდა ასეთი განზრახვა, მაგრამ პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იქნებოდა. ჩვენი მისია ევროპალიგის მოგება და ჩემპიონატის სამეულში დასრულებაა, საამისოდ კი ყველაფერს გავაკეთებთ".
ადრიანო გალიანი ("მილანის" ვიცე-პრეზიდენტი): "თუ ევროპალიგის საგზურის მოპოვება გვსურს, ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე უნდა დავასრულოთ, რისი ალბათობაც დაბალია, მაგრამ ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. ვფიქრობ, სეზონს მაჟორულ ნოტზე დავასრულებთ, დასკვნით მატჩებს მაღალ დიონეზე ჩავატარებთ და შესაძლოა, შევაბიჯოთ კიდეც ექვსეულში. სანამ ამის მათემატიკური შანსი გვექნება, ვიბრძოლებთ და არ დავნებდებით. ზედიზედ ორი სეზონი ევროტურნირების გარეშე ჩვენთვის დიდი დარტყმა იქნება და ამიტომ დარჩენილ მატჩებში მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ".
ზდენეკ ზემანი ("კალიარის" მწვრთნელი): "რვა ტურში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და მეც მაქვს იმის იმედი, რომ "კალიარი" გადარჩება. მძიმე სეზონია, ქულების მოპოვება გვიჭირს, მაგრამ გვაქვს იმის რესურსი, რომ მეორე სუნთქვა გაგვეხსნას. საწვრთნელ ბაზაზე საგანგებო შეკრება გვქონდა, ერთი მიზნის ქვეშ გავერთიანდით და ვფიქრობ, რომ ამ ჭაობიდან ამოვალთ. "კალიარი" ელიტაში უნდა დარჩეს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე მოხდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"