სილვიო ბერლუსკონი "მილანს" აზიელებზე ყიდის

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, სილვიო ბერლუსკონი, როგორც იქნა, დათანხმდა "მილანის" გაყიდვას და აქციათა 75% ჩინელი ინვესტორების ჯგუფს დაუთმო.

"ლა რეპუბლიკა" სხვა ინფორმაციას ავრცელებს და გვამცნობს, რომ ლომბარდიულ გრანდს ტაილანდელი ბიზნესმენი ბი ტეჩაუბოლი ყიდულობს და ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. რა ხდება რეალურად "მილანში" და რას უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში? - ეს თემა იტალიურ სპორტულ პრესაში აქტიური განხილვის საგანია...

კვირის მოლოდინში
"ლა რეპუბლიკას" მტკიცებით, კვირას ბი ტეჩაუბოლი, რომელსაც იტალიაში მისტერ ბის ეძახიან, მილანში იქნება და კლუბის აქციათა 20%-ს ოფიციალურად შეიძენს. ამასთან, ერთი წლის
განმავლობაში მის ფლობელობაში აქციათა კიდევ 45% გადავა, რაც უკვე საკონტროლო პაკეტია. ამ თემაზე თავად მისტერ ბის კომენტარი ვრცელდება:

"კვირას მილანში ვიქნები, სილვიო ბერლუსკონის შევხვდები და ხელშეკრულებაც გაფორმდება. დღეს მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ, დეტალებზე კი იტალიაში ვისაუბროთ. დიდი გეგმები მაქვს და ამაში მალე დარწმუნდებით".

ტეჩაუბოლი დიდ გეგმებზე საუბრობს, მაგრამ ჯერჯერობით, მასთან შეთანხმებას არ ადასტურებენ "მილანის" მესვეურები - კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ ვიცნობთ ბი ტეჩაუბოლს და მასთან გვქონდა საუბარი, თუმცა ის, რომ კლუბის აქციები უკვე გაყიდულია ან შეთანხმება მიღწეული, სიმართლეს არ შეესაბამება. ის აპირებს მილანში ჩამოსვლას და სილვიო ბერლუსკონისთან საუბარს, მაგრამ რა მოჰყვება ამ შეხვედრას, რთული სათქმელია. დღეს ამაზე მეტ ინფორმაციას არ ვფლობ".

გალიანიმ შეთანხმება უარყო, მაგრამ მისი კომენტარის შინაარსი კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს მიღწეული შეთანხმების შესახებ - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სენიორ ადრიანომ კატეგორიულად არ გამორიცხა კლუბის აქციების უცხოელი ინვესტორისთვის შესაძლო მიყიდვა. როგორც ჩანს, ბერლუსკონი მართლაც ფიქრობს "მილანის" გაყიდვას და მისტერ ბის სიტყვებშიც არის სიმართლის მარცვალი.

ტაილანდი VS ჩინეთი
ბუნებრივია, ამ თემას ეხმიანება ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა "გაძეტა დელო სპორტი", რომელიც ადასტურებს, რომ კვირას მილანში მნიშვნელოვანი ამბები მოხდება და შესაძლოა, სილვიო ბერლუსკონიმ მართლაც გაყიდოს კლუბის აქციები.

"გაძეტას" მტკიცებით, ლომბარდიის დედაქალაქში ჩავა, როგორც მისტერ ბი, ისე ჩინელი ინვესტორების ჯგუფი, რომლებიც მზად არიან, კლუბის აქციათა 75% იყიდონ და ამისთვის 1,2 მილიარდი ევრო დახარჯონ.

თანხა მართლაც კოლოსალურია და მისი ნაწილი კლუბს მოხმარდება. "გაძეტა დელო სპორტი" გვამცმობს, რომ ბერლუსკონი კვირას ორივე მხარეს შეხვდება და შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს; ტაილანდი VS ჩინეთი - ასე ასათაურებს ავტორიტეტული გამოცემა სტატიას და პროგნოზსაც აკეთებს, რომლის მიხედვითაც, მეტი შანსი მაინც ტეჩაუბოლს აქვს.

საქმე იმაშია, რომ ბერლუსკონის აქციების მინიმუმ 35%-ის შენარჩუნება სურს და ასეთ გარიგებაზე დღეს სწორედ ტაილანდელია მზად, ჩინელებს კი 75% სურთ და ერთი წლის თავზე, დარჩენილი 25%-ის მიღებაც. ამ თემაზე "გაძეტა" დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის და გავეცნოთ მას...

მილანურ-ტაილანდური მენეჯმენტი
"გაძეტა დელო სპორტი" გვამცნობს, რომ სილვიო ბერლუსკონის აქციათა 35%-ის შენარჩუნება უნდა და მისი მოთხოვნაა, რომ კლუბის მართვის პროცესში აქტიურად იყოს ჩართული.

ანუ ის არ აპირებს მასიმო მორატივით განზე გადგომას და მისი ეს მოთხოვნა მისტერ ბისთვის მისაღებია. შესაბამისად, კლუბის მენეჯმენტი ერთობლივად უნდა იყოს დაკომპლექტებული - ერთი მხრივ, ტაილანდელის ხალხი და მეორე მხრივ, ბერლუსკონის ხალხი.

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ტეჩაუბოლის კადრად ითვლება პაოლო მალდინი და ამის შესახებ მისტერ ბიმ არაერთხელ განაცხადა - მას პაოლოს სპორტულ დირექტორად დანიშვნა სურს, ეს პოსტი კი ამ დროისთვის "მილანში" საერთოდ არ არსებობს და ფუნქციები ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის აქვს შეთავსებული.

თავის მხრივ, ბერლუსკონის სურვილია, რომ სენიორ ადრიანომ გააგრძელოს კლუბში საქმიანობა და არც მისი ქალიშვილის, ბარბარა ბერლუსკონის პოზიცია შეირყეს. შეთანხმების შემთხვევაში, კლუბის პრეზიდენტი ბი ტეჩაუბოლი იქნება, ხოლო სილვიო ბერლუსკონი საპატიო პრეზიდენტის პოსტზე გადავა.

მართალია, ტაილანდელი იმდენ ფულს არ იხდის, რამდენსაც ჩინელები, მაგრამ ბერლუსკონის სწორედ მისტერ ბისთან შესაძლო თანამშრომლობა ხიბლავს და შესაბამისად, ამის ალბათობა საკმაოდ დიდია. ერთი სიტყვით, "მილანში" საინტერესო ცვლილებებია მოსალოდნელი და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული