სერია A: ვინ დარჩება სამეულს მიღმა?

AutoSharing Option
* "ატალანტას" არგენტინელი ფორვარდი ხერმან დენისი "ემპოლის" მცველ ლორენცო ტონელისთვის სახეში ხელის გარტყმისთვის 5 თამაშით მოკვეთეს.

* გასულ ტურში ანდრეა პირლომ საჯარიმო დარტყმით ჩემპიონატებში 27-ე გოლი გაიტანა და სინიშა მიხაილოვიჩის რეკორდს (28 გოლი) მიუახლოვდა.

* "ტორინომ" "იუვენტუსს" 1995 წლის მერე პირველად მოუგო.

სერია A-ს 32-ე ტური განსაკუთრებულად საინტერესო გამოვიდა, რადგან სატურნირო ცხრილში უკიდურესად დაიძაბა ვითარება. სულ რაღაც ორი კვირის წინ ვამბობდით, რომ ის სამეულები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის საგზურებს მოიპოვებდნენ, გამოკვეთილი იყო, მაგრამ თურმე ჯერ ყველაფერი წინ ყოფილა. ეგ
კი არა, გასავარდნ ზონაშიც კი გაჩნდა ინტრიგა და ამ ყველაფერზე ქვემოთ ვისაუბრებთ...

ჩემპიონთა ლიგის ზონა
32-ე ტური ძალიან საინტერესო მატჩით დასრულდა, რომელშიც "ნაპოლიმ" "სამპდორიას" უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა - 4:2. მართალია, გენუელებმა სწრაფი გოლი შეაგდეს და დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

შესანიშნავად ითამაშა ნეაპოლელთა შემტევმა ტრიომ ლორენცო ინსინიეს, მანოლო გაბიადინის და გონსალო იგუაინის შემადგენლობით. მოკლედ, "ნაპოლიმ" ისარგებლა რომაულ გუნდთა წაფორხილებით და მათ წამოეწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის ბრძოლა ძალიან დაიძაბა.

ამ დროისთვის "ლაციო" მეორე ადგილზეა და "რომას" ერთი ქულით, ხოლო "ნაპოლის" სამი ქულით უსწრებს - წინ კიდევ 6 ტურია და დარჩენილ შეხვედრებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ამ სამი გუნდიდან ერთი ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩება, ერთი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს, ხოლო ყველაზე წარმატებული პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. სამეულს მიღმა დარჩენა ნამდვილი კატასტროფა იქნება "რომასთვის", რომელსაც წესით, სკუდეტოსთვის უნდა ებრძოლა და დღეს სულ სხვა ამოცანის წინაშე დგას. არადა, რუდი გარსიას გუნდი საშინელ ფორმაშია და თუ ასე გააგრძელა, სწორედაც რომ დარჩება სამეულს მიღმა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ "ნაპოლი" "ჯალოროსის" ორი ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა.

დარჩენილ 6 ტურში ორი განსაკუთრებულად საინტერესო მატჩია - რომაული დერბი და "ნაპოლი"-"ლაციოს" დაპირისპირება. ამ ორ პაექრობაში უშუალო კონკურენტების ჯახს ვიხილავთ და ალბათ, სწორედ იქ გადაწყდება ყველაფერი. მით უმეტეს, დერბი ბოლოსწინა ტურშია, "ნაპოლი"-"ლაციოს" დაპირისპირება კი სულაც ბოლო ტურში შედგება.

ზოგადად, ყველაზე რთული კალენდარი მაინც "ლაციოს" აქვს - დარჩენილი 6 მატჩიდან სტეფანო პიოლის 4 ურთულესი პაექრობა ელის: დერბიზე და "ნაპოლისთან" ჯახზე უკვე ვთქვით და ამას "ინტერის" მასპინძლობა და "სამპდორიასთან" სტუმრობა უნდა დავამატოთ.

ამ ფონზე, შინ "კიევოსთან" ქულების დაკარგვა დაუშვებელი იყო, თუმცა, ვნახოთ, შესაძლოა, "ბიანკოჩელესტემ" დაშვებული შეცდომა გაცილებით ძლიერ გუნდებთან ჭიდილში გამოასწოროს. ერთი სიტყვით, წინ დიდი ბრძოლებია და სამი გუნდის უშეღავათო კონკურენციის მომსწრენი ვხდებით...

ევროპალიგის ზონა
აქაც, თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, რადგან "ნაპოლი", "სამპდორია" და "ფიორენტინა" კონკურენტებს გვარიანად უსწრებდნენ, მაგრამ ბოლო ტურებში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. "ფიორენტინამ" და "სამპდორიამ" დათმეს პოზიციები და მათ "ჯენოა" და "ტორინო" "კუდზე დაასხდნენ".

არც ისე შორსაა "ინტერი", რომელსაც ასევე აქვს ექვსეულში შესვლის პრაქტიკული შანსი და თქვენ წარმოიდგინეთ, არც "მილანია" უსაშველოდ დაშორებული ექვსეულს. თუმცა, ამ ეტაპზე მოვეშვათ "როსონერის", რადგან ამ გუნდში სერიოზული პრობლემებია და პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, რომ ფილიპო ინძაგის გუნდი ევროზონას შესწვდეს - ამიტომ სხვა გუნდებზე გავამახვილოთ ყურადღება...

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და დიდი ალბათობით, მინიმუმ მეოთხე ადგილს არ ჩამოსცდება. ანუ დარჩენილი 2 ადგილისთვის ერთბაშად 5 გუნდი იბრძვის: "ფიორენტინა", "სამპდორია", "ჯენოა", "ტორინო" და "ინტერი". ამ გუნდებს შორის ქულათა სხვაობა, მაქსიმუმ, ხუთია და ადვილი წარმოსადგენია, თუ რა საინტერესო ბატალიები გველოდება წინ.

მართალია, "ფიორენტინას" ჩავარდნა აქვს, მაგრამ თუ კალენდარს გადავხედავთ, ყველაზე იოლი მატჩები სწორედ ვინჩენცო მონტელას გუნდს ელის. ერთი ეგაა, ფლორენციელებს "იუვენტუსთან" მოუწევთ გასვლითი მატჩის ჩატარება, დანარჩენი შეხვედრები კი აუტსაიდერებთან და ცხრილის შუაში გაჭედილ გუნდებთან აქვთ. შედარებისთვის, "სამპდორიას" "იუვენტუსთან" და "ლაციოსთან" მოუწევს ჭიდილი.

მართალია, საკუთარ კედლებში, მაგრამ ამ გუნდებთან სამი ქულის მოპოვება ურთულესი იქნება. "ინტერი" "ლაციოს" ესტუმრება, "იუვეს" მიიღებს და შემდეგ "ჯენოას" ეწვევა, რაც ასევე არ იქნება იოლი გასეირნება. აი, ყველაზე რთული კალენდარი კი სწორედ "ჯენოას" აქვს, რომელსაც დარჩენილი 6 მატჩიდან 4 ურთულესი აქვს - "რომასთან" და "მილანთან" გასვლა, ხოლო "ტორინოსთან" და "ინტერთან" - შინ. შედარებით იოლი ჩანს "ტორინოს" კალენდარი: "ჯენოასთან" და "მილანთან" კი უწევთ ჭიდილი, მაგრამ დარჩენილ შეხვედრებს, მეტწილად, აუტსაიდერებთან ატარებენ. ბევრი რამ ურთიერთშეხვედრებში გადაწყდება და ასეთი ორი მატჩია: "ტორინო"-"ჯენოა" და "ჯენოა"-"ინტერი".

მოკლედ, აქაც ძალიან დაიძაბა ვითარება და კაცმა არ იცის, რომელი გუნდები მოიპოვებენ ევროპალიგის საგზურს. კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე სერია A-დან მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილებზე გასული გუნდები მოხვდებიან.

წესით, ერთი საგზური იტალიის თასის გამარჯვებულისთვის უნდა მიეცათ, მაგრამ ფინალში "იუვენტუსი"-"ლაციო" არიან გასულნი და ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგას უმიზნებენ. ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს მარათონი და როგორ გადანაწილდება ევროსაგზურები...

7 საგზური ევროთასებზე?
რაც დრო გადის, სულ უფრო იკვეთება, თუ რა შემთხვევაში ეყოლება იტალიას მომდევნო სეზონში 7 გუნდი ევროთასებზე. ამისთვის საჭიროა, რომ ევროპალიგის მიმდინარე გათამაშება მოიგოს იტალიურმა გუნდმა და ეს გუნდი სერია A-ს მიმდინარე გათამაშების საუკეთესო 6-ეულში ვერ მოხვდეს. რადგან "ნაპოლის" 6-ეულიდან ამოგდება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, რჩება ერთადერთი შანსი - "ფიორენტინამ" მოიგოს ევროპალიგა და პარალელურად, სერია A დაასრულოს მეშვიდე ადგილზე ან კიდევ უფრო ქვემოთ.

გასავარდნი ზონა
გასავარდნ ზონაში სამეული ჯერ ისევ გამოკვეთილია, მაგრამ ბოლო ტურმა მაინც გაამწვავა ვითარება. "კალიარის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფანტასტიკური დებიუტი ჰქონდა ჯანლუკა ფესტას, რომლის გუნდმაც გასვლაზე "ფიორენტინა" დაამარცხა და "ატალანტას" 6 ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა.

ამ ფორის აღმოფხვრა ურთულესი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. მით უმეტეს, "ატალანტას" უფრო რთული კალენდარი აქვს და დიდი შანსია, მეტი ქულა დაკარგოს, ვიდრე "კალიარიმ". ბერგამოელებს "ლაციოსთან", "ჯენოასთან" და "მილანთან" მოუწევთ ჭიდაობა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შეხვედრებში 3 ქულა აიღონ. აი, სარდინიელებს კი, მეტწილად, უმოტივაციო მეტოქეებთან აქვთ სათამაშო.

ცხელი დერბი
32-ე ტურმა სატურნირო ინტრიგა თითქმის ყველა ფრონტზე გაამწვავა, მაგრამ სხვა საინტერესო თემებზეც ღირს ყურადღების გამახვილება. მაგალითად, უჩვეულოდ ცხელი გამოვიდა ტურინული დერბი და მის გარშემო განვითარებული მოვლენები - თვითონ თამაში უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - ცნობისთვის, "ტორინომ" პირველად სძლია "იუვეს" ბოლო 20 წელიწადში.

არანაკლებ საინტერესოდ ვითარდებოდა მოვლენები მატჩის დაწყებამდე, მატჩის მსვლელობისას ტრიბუნებზე და მატჩის შემდეგ, ქალაქის ქუჩებში...

თამაშის დაწყებამდე "ტორინოს" გულშემატკივრები "იუვენტუსის" ავტობუსს თავს დაესხნენ, სხვადასხვა საგანი ესროლეს და მინა ჩაუმსხვრიეს - საბედნიეროდ, მწვრთნელ-ფეხბურთელებიდან არავინ დაშავებულა. "იუვეს" ულტრასებმა შური სტადიონზე იძიეს და "ტორინოს" ულტრასებით გაძეძგილ სექტორში ასაფეთქებელი პეტარდა ჩააგდეს, რასაც რამდენიმე ადამიანის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა. მატჩის შემდეგ ქომაგთა დაპირისპირებამ ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა და იქ კიდევ დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

მოკლედ, ტურინული დერბი ძალიან ცხელი გამოდგა - არადა, აქამდე აღნიშნული დაპირისპირება შედარებით მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და ექსცესებს ნაკლებად ჰქონდა ადგილი.

შეუჩერებელი ტონი
უცნაური მატჩი შედგა "სტადიო მარკანტონიო ბენტეგოდიზე", სადაც "ვერონამ" "სასუოლოს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წუთებზე კაცნაკლული დარჩა, მაინც გაიმარჯვა - 3:2. თანაც, "ვერონას" მეკარე გაუძევეს, "სასუოლომ" უდიდესი უპირატესობა მიიღო, რითიც ვერ ისარგებლა.

თუმცა ჩვენ ლუკა ტონიზე უნდა შევაჩეროთ ყურადღება, 37 წლის ფორვარდზე, რომელსაც უკვე 17 გოლი დაუგროვდა სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში და ბომბარდირთა დავაში კარლოს ტევესს უწევს კონკურენციას.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ტონი საუკეთესო იტალიელი ფორვარდია და ცოტა ახალგაზრდა რომ იყოს, "სკუადრა აძურაში" შეუცვლელი ფიგურა იქნებოდა. "სასუოლოს" ტონიმ ორი გოლი გაუტანა, მატჩის შემდეგ კი "ვერონას" მწვრთნელმა ანდრეა მანდორლინიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ძალიან გთხოვთ, რომ არ წაიყვანოთ ლუკა ტონი დოპინგ-ტესტზე, რადგან დიდ შარში გავყოფთ თავს. ეს კაცი აშკარად დანამატებს იღებს, რადგან სხვაგვარად ასე ვერ ითამაშებდა. ლუკა არანორმალურია და ამას დიდი ხანია, ვამბობ".

ინძაგის დე იონგმა უპასუხა
გუშინდელ ნომერში გაუწყეთ, რომ "უდინეზესთან" განცდილი მარცხის შემდეგ "მილანის" მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ ფეხბურთელები გააკრიტიკა, ერთ-ერთი მოთამაშისგან კი პასუხი მიიღო, რომელიც ასე ჟღერდა: "ჩვენ კი არა, შენ არ ხარ ღირსი, რომ ისეთ დიდ გუნდს წვრთნიდე, როგორიც "მილანია"...

როგორც გაირკვა, ეს ფეხბურთელი ნაიჯელ დე იონგი ყოფილა, რომელიც ღიად დაუპირისპირდა მწვრთნელს და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მომხდარის გამო ბოდიში ჯერაც არ მოუხდია. ეგ კი არა, დე იონგს რამდენიმე ფეხბურთელმა დაუჭირა მხარი და "მილანი", ფაქტობრივად, ორად გაიხლიჩა. ლომბარდიულ გრანდში ურთულესი ვითარებაა და ჯერჯერობით, არც გამოსავალი ჩანს.

4 ნომერი ძანეტის
"ინტერის" პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი ჟურნალისტებს შეხვდა და განაცხადა, რომ ამიერიდან, გუნდის 4-ნომრიან მაისურს აღარავინ მოირგებს და ის სამუდამოდ გადაეცემა ხავიერ ძანეტის. შეგახსენებთ, რომ ძანეტი 19 წლის განმავლობაში იცავდა "ინტერის" ღირსებას და ამ პერიოდში 615 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ძანეტიმ ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ძალიან ამაყი ვარ, რომ თითქმის მთელი კარიერა "ინტერში" გავატარე. აქ ჩემი სახლია და როდესაც კლუბის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემომთავაზეს, ერთი წუთითაც არ მიფიქრია. იმითაც ვამაყობ, რომ 4-ნომრიანი მაისური სამუდამოდ მისახსოვრეს, ასეთ რამეზე ვერც კი ვიოცნებებდი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული