სერია A: რას უნდა ველოდოთ ზაფხულში

AutoSharing Option
სეზონის ფინიში ახლოვდება და იტალიურ საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ზაფხულში მოსალოდნელ ტრანსფერებსა და ზოგადად, ცვლილებებზე.

ყურადღების ცენტრში რჩება "მილანი", სადაც რევოლუციაა მოსალოდნელი; "ინტერი", რომელიც იაია ტურეს თამადობით, რამდენიმე ექსტრა-კლასის ფეხბურთელის დამატებას ლამობს და რა თქმა უნდა, "იუვენტუსი", რომელიც ფულის ნაკლებობას არ უჩივის და ამბობენ, რომ ორი ტრანსფერი უკვე გაჩარხა კიდეც. გადავავლოთ თვალი ყველაზე აქტუალურ თემებს...

გადაწყდა: დიბალა "იუვენტუსში"
"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომდევნო სეზონიდან პაულო დიბალა "იუვენტუსის" ღირსებას დაიცავს. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, შეთანხმებას მხარეები "რეალი"-"იუვენტუსის" შემდეგ
დაადასტურებენ, კონტრაქტს კი ხელი მოგვიანებით მოეწერება, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.

ითქვა ისიც, რომ დიბალას სანაცვლოდ "იუვენტუსი" "პალერმოს" 32 მილიონ ევროს გადაუხდის და თუ არგენტინელი პირველივე სეზონში გარკვეული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს და გოლებს გაიტანს, სიცილიელები კიდევ 8 მილიონს მიიღებენ. ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუ რა რაოდენობის მატჩებსა და გოლებზეა ლაპარაკი და არც ის ვიცით, რამდენწლიან კონტრაქტს გააფორმებს პაულო ტურინულ გრანდთან.

აქვე ვთქვათ, რომ "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "იუვენტუსი" ედინსონ კავანისაც შეუთანხმდა და გადაწყვეტილია, რომ 28 წლის ურუგვაელი ფორვარდიც ტურინულ გრანდში გააგრძელებს კარიერას. მოკლედ, "იუვე" შეტევას სერიოზულად აძლიერებს და ეს ლოგიკურიც არის, რადგან მიმდინარე სეზონში, მასიმილიანო ალეგრის შედარებით მწირი არჩევანი მაინც წინა ხაზში აქვს.

უცნაური ძამპარინი
კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდეთ პაულო დიბალას, რომელსაც დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში ვეღარ ვიხილავთ მოედანზე. პარასკევს, "პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

"მწვრთნელს ვთხოვე, რომ მიმდინარე სეზონში პაულო დიბალა აღარ ათამაშოს, რადგან შარის თავი არ მაქვს და მირჩევნია, ჯანმრთელი იჯდეს სათადარიგოთა სკამზე. პაულოს ტრანსფერი უახლოეს 10 დღეში გადაწყდება და ტრავმა რომ მიიღოს, ფასი საგრძნობლად დაეცემა. ევროსაგზურს ვერ შევწვდებით, დაქვეითება ჩვენ არ გვემუქრება და დიბალას გოლები არაფერში მჭირდება".

მაურიციო ძამპარინის სიტყვები ბევრმა ხუმრობად ჩათვალა, მაგრამ გასულ უქმეებზე, "პალერმო"-"ატალანტას" პაექრობამ მართლაც დიბალას გარეშე ჩაიარა. აი, ასეთი უცნაური კაცია ძამპარინი...

ბოლო ამბები მილანიდან
ტაილანდელი ბიზნესმენი ბი ტეჩაუბოლი იტალიელ ჟურნალისტებს ცოტა ხნით დაემშვიდობა და დაჰპირდა მათ, რომ სამ-ოთხ კვირაში ყველა ფორმალობა მოგვარდებოდა და მისი სახით, "მილანს" ახალი მეპატრონე ეყოლებოდა. როდესაც მისტერ ბი ამას ამბობდა, იქვე იყო სილვიო ბერლუსკონი და მანაც დაამატა, რომ ამიერიდან, კლუბის აღორძინებაზე ისინი ერთად იზრუნებდნენ. გასარკვევი მხოლოდ ის გახლდათ, თუ ვის დარჩებოდა კლუბის აქციათა 51%, ანუ საკონტროლო პაკეტი... რა მოხდა მას შემდეგ და როგორ განვითარდა პროცესები?..

ბი ტეჩაუბოლმა ტაილანდში რამდენიმე განცხადება გააკეთა და არ დამალა, რომ მისი სურვილი მარკო ვერატის, ედინსონ კავანის, რადამელ ფალკაოს და ანხელ დი მარიას გადაბირება გახლავთ - იქვე დაამატა, რომ სიამოვნებით იხილავდა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის. შემდეგ მისტერ ბი "ბარსელონა"-"ბაიერნის" თამაშს დაესწრო და იქაც გამოიჩინა თავი, როდესაც მოკლე კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა: "თუ პეპ გვარდიოლა "ბაიერნს" დატოვებს, მას აუცილებლად შევთავაზებ "მილანში" მუშაობას".

მოკლედ, მისტერ ბი გააქტიურდა, მაგრამ ეს ამბავი არ მოეწონა სილვიო ბერლუსკონის, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ იტალიურ თოქ-შოუში შემდეგი განაცხადა:

"ჩემს ოჯახს არ შეუძლია "მილანისთვის" იმ თანხების გამოყოფა, რომელიც გუნდს ძველ დიდებას დაუბრუნებს და ამიტომ დავთანხმდი კლუბის აქციათა ნაწილის გაყიდვას. ეს მტკივნეული პროცესია, რადგან "მილანი" ჩემი სულის ნაწილია.

აქციებს მივყიდი მას, ვინც გარანტიას მომცემს, რომ "მილანს" მწვერვალზე დაბრუნებს. კლუბს ვერ მივყიდი იმას, ვისაც წუთიერი პოპულარობის მოპოვება სურს და რეალურად, თვითონაც არ იცის, რას აპირებს მომავალში. რაც შეეხება მისტერ ბის, მის ადგილას ნაკლებს ვილაპარაკებდი და თანაც "მილანის" სახელით, რადგან ჯერ კონტრაქტი არ გაფორმებულა. მეტი თავშეკავება მართებს, რომ ჩვენ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში არ შევიდეს. ჩვენ დავმეგობრდით, ყველაფერი კარგად მიდის და მინდა, რომ ასევე გაგრძელდეს".

ამასობაში, სილვიო ბერლუსკონიმ ჩინელ ინვესტორებთან გამართა შეხვედრა, ორიოდე დღის წინ კი სულაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, ანუ ქვეყნის პირველ პირთან ჰქონდა საუბარი და როგორც ამბობენ, მასთან "მილანის" თემაც განიხილა. თურმე, სი ცზიმპინი "როსონერის" მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით ყოფილა განსმჭვალული და დიდი სურვილი გამოთქვა, რომ ამ კლუბში სწორედ ჩინური ინვესტიცია ჩაიდოს.

როგორც "გაძეტა" წერს, ბერლუსკონის და ცზიმპინის შეხვედრა ამ უკანასკნელის ინიციატივა ყოფილა, ამ ყველაფრის უკან კი ჩინელი ბიზნესმენების ძალიან გავლენიანი ჯგუფი დგას, რომლებსაც უნდათ კიდეც "მილანის" აქციების შეძენა. ვნახოთ, ჩაუშლიან თუ არა ჩინელები გეგმებს ბი ტეჩაუბოლს და რით დასრულდება მთელი ეს ორომტრიალი...

რაიოლა: ზლატანი არ დაბრუნდება
ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობენ ზლატან იბრაჰიმოვიჩის "მილანში" შესაძლო დაბრუნების შესახებ. ითქვა ისიც, რომ ლომბარდიელები 33 წლის შვედ ფორვარდს 3-წლიან კონტრაქტს და სეზონში 7 მილიონ ევროს სთავაზობენ. ამ თემაზე კომენტარი იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"არ ვიცი, საიდან ვრცელდება ასეთი ცნობები, მაგრამ ფაქტია, რომ ზლატანი მილანში დაბრუნებაზე არ ფიქრობს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პსჟ-ის მესვეურები არ აპირებენ მასთან განშორებას. ჯერჯერობით, არც "მილანის" მესვეურებს გამოუჩენიათ ინტერესი და გაუგებარია, ვის სჭირდება ასეთი ჭორების გავრცელება. იბრაჰიმოვიჩის "მილანში" დაბრუნება, პრაქტიკულად, გამორიცხულია".

"ინტერი" და ტურე
თვეებია, რაც იტალიურ სპორტულ პრესაში იაია ტურეს "ინტერში" შესაძლო გადაბარგების ამბავი იწერება. ორიოდე დღის წინ "კორიერე დელო სპორტმა" გვაუწყა, რომ შეთანხმება შედგა და 31 წლის ნახევარმცველი მილანურ გრანდში გააგრძელებს კარიერას. ამ თემაზე "ნერაძურის" მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მის გუნდს და მთლიანად იტალიურ ფეხბურთს სწორედ ისეთი ჩემპიონები სჭირდება, როგორიც ტურეა.

მოკლედ, "ინტერისტებმა" ტურეს ტრანსფერი იზეიმეს, მაგრამ გუშინ მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, "მანჩესტერ სიტის" მესვეურები მზად არიან, "იუვენტუსს" პოლ პოგბას სანაცვლოდ, 60 მილიონი ევრო და სწორედ იაია ტურე შესთავაზონ. როგორც ჩანს, ტურეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი და მილანელებს მთავარი სამუშაო წინ ელით. ისიც ვთქვათ, რომ ამ ზაფხულს, "ინტერის" მესვეურთა პრიორიტეტული მიზნები მაურო იკარდის და სამირ ჰანდანოვიჩის შენარჩუნება იქნება.

"ლაციომ" ბორინის დაუმიზნა
"რაი სპორტთან" საუბარში "ლაციოს" სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ არ დამალა, რომ ზაფხულში მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანი ფაბიო ბორინის გადაბირება იქნება. 24 წლის თავდამსხმელი ვერაფრით მოერგო ინგლისის პრემიერლიგას, კერძოდ, "ლივერპულს" და თავადაც განაცხადა, რომ სიამოვნებით დაბრუნდება იტალიაში.

ტარეს დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტთა მტკიცებით, "ლაციო" მზადაა, ბორინის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რომაელები ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ.

ამასობაში, სტეფან დე ვრიმ გამოთქვა "ლაციოში" დარჩენის სურვილი და განაცხადა, რომ რომში თავს ბედნიერად გრძნობს. 23 წლის ჰოლანდიელმა მცველმა დასძინა, რომ განურჩევლად იმისა, მოიპოვებს თუ არა "ბიანკოჩელესტე" ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საგზურს, ის გუნდის შეცვლას არ აპირებს და სურს, რომში კიდევ არაერთი წელი ითამაშოს.

გაძლიერება უფულოდ
"რომას" პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზაფხულში გუნდის გაძლიერებას, ძირითადად, თავისუფალი აგენტებით შეეცდებიან. მისტერ ჯეიმსის თქმით, "ჯალოროსის" ჰყავს ისეთი შემადგენლობა, რომელმაც არათუ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, სკუდეტოსთვის უნდა იბრძოლოს. მოკლედ, პალოტას ფულის დახარჯვა აღარ უნდა, პრესაში კი იმ ფეხბურთელებზე ალაპარაკდნენ, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან და რომაელთა სამიზნეში არიან მოქცეულნი...

ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი ევგენი კონოპლიანკაა, "დნიპროს" ლიდერი და ბოლოდროინდელი წარმატებების მთავარი შემოქმედი. 25 წლის ნახევარმცველის გადაბირებას რომაელები ზამთარშიც ცდილობდნენ, მაგრამ მაშინ ფული იყო გადასახდელი, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კი ევგენი თავისუფალი აგენტი იქნება. ერთი ეგაა, რომ კონოპლიანკას სხვა მსურველებიც ჰყავს და ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის...

კონოპლიანკას გარდა, "რომას" სამიზნეში არიან "ლილის" 31 წლის ნახევარმცველი რიო მავუბა, "ლივერპულის" 30 წლის მცველი გლენ ჯონსონი და "მარსელის" 25 წლის ფორვარდი ანდრე აიუ პელე. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს "რომას" სატრანსფერო პოლიტიკა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული