სერია A. XXXVII ტურის წინ: არ გამოტოვოთ: ლაციო-რომა

AutoSharing Option
სერია A-ს დასრულებამდე მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი, თუმცა გასარკვევი ჯერ კიდევ ბევრი რამეა, კერძოდ კი ევროსაგზურების ბედი. ბუნებრივია, ყველაზე დიდ ინტერესს ჩემპიონთა ლიგის ზონა იწვევს და წინ ისეთი მატჩია, რომლის გამოტოვება დანაშაულის ტოლფასია...

დიდი მატჩი
რომაული დერბი ყოველთვის პრინციპულია და მით უმეტეს მაშინ, როდესაც თამაშს სატურნირო ინტრიგა ახლავს. თანაც როგორი ინტრიგა: გუნდები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და სასწორზე პრაქტიკულად ექვსი ქულა დევს.

ორივე გუნდს შეუძლია, რომ სეზონი მეორე ადგილზე დაასრულოს და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს და შესაძლოა,
სულაც მეოთხე ადგილზე დაეშვას და ევროპალიგის საგზურს დასჯერდეს.

აი, ასეთი პრინციპული მატჩი გველის წინ და ადვილი წარმოსადგენია თუ როგორ ჩამოცხება "სტადიო ოლიმპიკოზე", სადაც "ლაციოს" უფრო მეტი ქომაგი ეყოლება, რადგან ნომინალური მასპინძელი სწორედ სტეფანო პიოლის გუნდია. ისიც ვთქვათ, რომ ეს მატჩი კვირას უნდა გამართულიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ოთხშაბათს "ლაციომ" იტალიის თასის ფინალი ითამაშა (1:2 დამარცხდა დამატებით დროში), "ლეგა კალჩომ" რომაელთა მოთხოვნა გაითვალისწინა და დერბი ერთი დღით გადასწია.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, "ლაციოს" შეტევაში მიროსლავ კლოზე ეყოლება, რომელსაც სიღრმიდან შემდეგი სამეული დაეხმარება: ანტონიო კანდრევა, სტეფანო მაური და ფელიპე ანდერსონი. რაც შეეხება "რომას", წინა ხაზზე ვიქტორ იბარბოს, ადემ ლიაიჩს და ფრანჩესკო ტოტის ვიხილავთ.

თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდებია და თუ რა შემადგენლობას დააყენებენ მწვრთნელები, ამას მხოლოდ თამაშის დღეს შევიტყობთ. წესით, ორივე გუნდმა შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს და ყველა ლოგიკით, წინ მეტად დაძაბული პაექრობა გველის...

ეს იქნება მატჩი, რომელშიც ყველაფერია მოსალოდნელი და არა მარტო მინდორზე, არამედ ტრიბუნებზეც და შესაბამისად, სამართალდამცავებს განსაკუთრებული მობილიზება ჰმართებთ. ამად არის, რომ უკვე რა ხანია, რომაულ დერბის არა გვიან საღამოს, როგორც ეს სხვა ცენტრალური მატჩების შემთხვევაში ხდება, არამედ იტალიის დროით, 18.00 საათზე ნიშნავენ - დღისით, მზისით, კარაბინიერები ვითარებას უკეთ გააკონტროლებენ.

რთულია იმის პროგნოზირება თუ რა დონის ფეხბურთს ითამაშებენ რომაელები და ასეთ დაძაბულ ვითარებაში, რამდენად მაღალი იქნება მათი საშემსრულებლო ოსტატობა, მაგრამ ერთი ცხადზე უცხადესია: ეს იქნება მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი მატჩი მთელი ევროპის მასშტაბით...

სავარაუდო შემადგენლობები
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, ჯენტილეტი, რადუ - პაროლო, ლედესმა - კანდრევა, მაური, ანდერსონი - კლოზე
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ფლორენცი, მანოლასი, ასტორი, ტოროსიდისი - პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი - იბარბო, ლიაიჩი, ტოტი

"ნაპოლი" "იუვეს" ესტუმრება
მიუხედავად იმისა, რომ "იუვენტუსი" ჩემპიონია და ისეთივე ნახევრად სარეზერვო შემადგენლობას დაუპირისპირებს "ნაპოლის", როგორც ეს "ინტერთან" შეხვედრაში ვნახეთ, წესით ტურინშიც ძალიან დაძაბული და დრამატული მატჩი უნდა ვიხილოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთმანეთის პირისპირ მოსისხლე მტრები წარსდგებიან და მათ დაპირისპირებაში რომ დანდობა არ არსებობს, არაერთხელ დავრწმუნებულვართ.

"ნაპოლის" მოგება ჰაერივით სჭირდება და ტურინში სამ ქულაზე დაგეშილი ჩავა, მაგრამ ასევე სჭირდებოდა მოგება "ინტერს" და ასევე იყო დაგეშილი, მაგრამ რობერტო მანჩინის გუნდი ხელმოცარული დარჩა. "იუვე" ფსიქოლოგიურად თავისუფალია, წნეხის გარეშე თამაშობს, ეს კი ხშირად უკეთესი იარაღია, ვიდრე სატურნირო მოტივაცია.

"გაძეტა" ვარაუდობს, რომ ტურინელთა კარში ისევ მარკო სტორარი იდგება, დაცვაში კი რომულო სოუზას, ლეო ბონუჩის, ანდრეა ბარძალის და სიმონე პადოინს ვიხილავთ; შუა ხაზში არტურო ვიდალს, სტეფანო სტურაროს და კლაუდიო მარკიზიოს, ოდნავ წინ რობერტო პერეირას, ხოლო შეტევის წინა ხაზზე ალვარო მორატას და ალესანდრო მატრის.

რაფაელ ბენიტესი ტრადიციულ 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს, კარში მარიანო ანდუხარით, დაცვაში მაჯო-ალბიოლი-ბრიტოსი-გულამის კვარტეტით, საყრდენად დავიდ ლოპესი-ინლერის ტანდემით, შეტევაში კი გონსალო იგუაინით და მის უკან გამწესებული შემდეგი ტრიოთი: დრის მერტენსი, მარეკ ჰამშიკი და ხოსე კალეხონი. შესაბამისად, ლორენცო ინსინიე და მანოლო გაბიადინი ამჯერად, თადარიგში დარჩებიან.

ტურინშიც მაგარი ამბავი იქნება, იქაც დაიძაბება ვითარება, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ დიდ ფეხბურთს ჩავუჯდეთ...

იტალია. სერია A. XXXVII ტური
შაბათი. 23 მაისი
იუვენტუსი-ნაპოლი 20:00
დისკვალიფიკაცია: ლიხტშტაინერი - კულიბალი
ტრავმა: კასერესი - მიჩუ, ცუნიგა, დე გუზმანი
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +17=9-9, (55-39)

ჯენოა-ინტერი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პეროტი, არიაუდო, მარკეზე, ნიანგი, ბორიელო - ჯონათანი, დოდო, გუარინი, კამპანიარო
ბოლო 6 შეხვედრა
4-0-2 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +4=5-13, (21-42)

კვირა. 24 მაისი
ემპოლი-სამპდორია 14:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარიო რუი - ედერი, დე ვიტისი, მესბა
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +9=3-11, (22-29)

კიევო-ატალანტა 17:00
დისკვალიფიკაცია: დენისი, კარმონა, პინილია (ატალანტა)
ტრავმა: მატიელო, ჰეტემაი - რაიმონდი, მაზიელო, ესტიგარიბია
ბოლო 6 შეხვედრა
1-4-1 1-4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +9=9-7, (27-25)

ჩეზენა-კალიარი 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარილუნგო, პულცეტი, ჯორჯო, ვალძანია, მაგნუსონი - კაპიტელი
ბოლო 6 შეხვედრა
0-2-4 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +2=1-2, (5-6)

პალერმო-ფიორენტინა 17:00
დისკვალიფიკაცია: ჩოჩევი - დიამანტი
ტრავმა: ბოლცონი, მორგანელა, მაკიენოკი - როსი, ლაძერინი, ბაბაქარი, ვარგასი, რიჩარდსი, ბერნარდესკი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 3-0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +9=3-9, (27-25)

პარმა-ვერონა 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სანტაკროჩე - იონიცა
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +5=1-6, (19-18)

უდინეზე-სასუოლო 17:00
დისკვალიფიკაცია: ერტო - მისიროლი
ტრავმა: ევანჯელისტა, ვაგუე, ალბერგი, დი ნატალე - დონისი, პოლიტო, გაცოლა, ტერანოვა, ანტეი, პეგოლო, ვრსალკო
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +2=1-0, (4-2)

მილანი-ტორინო 22:45
დისკვალიფიკაცია: მენეზი, ბონავენტურა, სუსო - მაკსიმოვიჩი
ტრავმა: აგაცი, ესიენი, სუსო, მონტოლივო, ჩერჩი, ანტონელი, რამი - ბოვო, კვალიარელა, ფარნერუდი
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +12=11-1, (42-16)

ორშაბათი. 25 მაისი
ლაციო-რომა 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ცანა, ედერსონი, ბილია, პერეირინია - სტროტმანი, მაიკონი, ჟერვინიო, კასტანი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +14=15-16, (54-63)

ბომბარდირები: 20 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 19 - მაურო იკარდი (ინტერი); 18 - ლუკა ტონი (ვერონა); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - ფაბიო კვალიარელა (ტორინო), პაულო დიბალა (პალერმო).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული