თუ ჯერ კიდევ გუშინ კარლო ანჩელოტი ფილიპო ინძაგის შეცვლის მთავარი კანდიდატი იყო, ხოლო ალტერნატიულ ვარიანტად რობერტო დონადონი განიხილებოდა, დღეს ვითარება სრულიად განსხვავებულია. ერთი ის, რომ ანჩელოტიმ საბოლოოდ უარი განაცხადა "მილანის" ჩაბარებაზე და დასძინა, რომ ერთი წელი დასვენებას აპირებს.
მეორე სიახლე კი ის გახლავთ, რომ "როსონერის" მთავარი მწვრთნელობის ყველაზე რეალური კანდიდატი არა რობერტო დონადონი, არამედ სინიშა მიხაილოვიჩია.
როგორც "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, 46 წლის სპეციალისტი მზა
შეგახსენებთ, რომ მიხაილოვიჩმა სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა "სამპდორიას" მთავარი მწვრთნელის პოსტი, სადაც ორი წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა. იქამდე სერბეთის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა, თუმცა განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია.
სამწვრთნელო კარიერა "ინტერში" დაიწყო, სადაც რობერტო მანჩინის თანაშემწე იყო. შემდეგ "ბოლონიას", "კატანიას" და "ფიორენტინასაც" მოძღვრავდა. მოკლედ, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, სინიშამ საკმაოდ სერიოზული გამოცდილება დააგროვა.
საგულისხმოა, რომ მიხაილოვიჩმა საფეხბურთო კარიერა "ინტერში" დაასრულა და სამწვრთნელო კარიერაც ამავე გუნდში დაიწყო - სერბი "ინტერისტად" ითვლება და ბუნებრივია, მისი "მილანში" დანიშვნა უხმაუროდ არ ჩაივლის.
გემახსოვრებათ, "როსონერის" გულშემატკივრებმა ანალოგიური საქციელი ლეონარდოს არ აპატიეს და ერთ დროს ნამდვილი "მილანისტა" დღეს პერსონა ნონ-გრატად ჰყავთ გამოცხადებული. ლეონარდოს "მილანის" ულტრასებმა იუდა შეარქვეს და საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები მიხაილოვიჩთან დაკავშირებით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"