ისტორიული დღე "მილანისთვის" - დიდი გარიგება შედგა

AutoSharing Option
"ისტორიული დღე" - ასე დაასათაურა "გაძეტა დელო სპორტმა" 6 ივნისის ნომერში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც "მილანს" და ამ კლუბში მიმდინარე პროცესებს ეხება. როგორც იქნა, სილვიო ბერლუსკონის და ბი ტაეჩაუბოლს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რაც ორივე მხარემ დაადასტურა.

სილვიო ბერლუსკონის კომპანია "ფინინვესტი" იუწყება, რომ კლუბის აქციათა 48% ტაილანდელი ბიზნესმენის, ბი ტაეჩაუბოლის ხელში გადავიდა, 52%, ანუ საკონტროლო პაკეტი კი ძველ მფლობელს დარჩა.

ითქვა ისიც, რომ ბერლუსკონი ამ გარიგების სანაცვლოდ 500 მილიონ ევროს მიიღებს და ამ თანხის დიდ ნაწილს კლუბს მოახმარს. ბუნებრივია, ბი
ტაეჩაუბოლს კიდევ მოუწევს თანხების გამოყოფა ტრანსფერებისთვის და როგორც არაოფიციალურად გაცხადდა, ახალი ფეხბურთელების შესაძენად "მილანის" მესვეურები ამ ზაფხულს 150 მილიონ ევროს დახარჯავენ. მოკლედ, "როსონერის" ისტორიაში ახალი ერა იწყება, ჩვენ კი საინტერესო კომენტარებს გავეცნოთ...

სილვიო ბერლუსკონი: "შვილებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ არასდროს გავყიდიდი ორ რამეს: სახლს, სადაც გავიზარდე და "მილანს", რომელსაც ჩემი გული ეკუთვნის. ჩვენ ახალი პარტნიორი გვყავს, ახალი მეგობარი და შეიძლება ითქვას, მილანური ოჯახის წევრი, მაგრამ საკონტროლო პაკეტი პირადად ჩემს ოჯახს დარჩება და ასე იქნება ყოველთვის. რაც შეეხება მისტერ ბის, შესანიშნავი ადამიანია და ჩვენ ერთად დავუბრუნებთ "მილანს" დიდებას".

ბი ტაეჩაუბოლი: "მე არასდროს მსურდა, რომ სილვიო ბერლუსკონი ჩამოშორებოდა "მილანს", რადგან ამ გუნდის წარმატებები სწორედ ამ ადამიანთან არის დაკავშირებული. მე არ მინდა კლუბის პრეზიდენტობა, მე მხოლოდ ინვესტორი ვარ, რომელიც არაფერს დაიშურებს, რომ "როსონერი" მწვერვალზე ავიდეს. "მილანი" უნდა იყოს იტალიური გუნდი, იტალიური სულით და ეს ასე იქნება. ადრიანო გალიანი მაშინაც ჩარხავდა კარგ ტრანსფერებს, როდესაც უფულოდ იყო და ამიერიდან, ბევრად მეტი რესურსი ექნება. არც ბარბარა ბერლუსკონის საწინააღმდეგო მაქვს რამე - ჩვენ ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული