ანტონიო კონტე: პირლო სწორედ მე დავიყოლიე იმაზე, რომ სანაკრებო კარიერა არ დაესრულებინა

AutoSharing Option
კოვერჩიანოს საწვრთნელ ბაზაზე იტალიის ეროვნული ნაკრების შეკრება მიმდინარეობს, სადაც "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი ანტონიო კონტეს შეხვდა და აქტუალურ თემებზე საინტერესო კითხვები დაუსვა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ "სკუადრა აძურა" ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ხორვატიას ეპაექრება და შემდეგ პორტუგალიასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

- სეზონის ბოლოა და ფიზიკურად რამდენად კარგად გრძნობენ თავს ფეხბურთელები?
- რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აქვს და მათი შეკრებიდან გათავისუფლება მოგვიხდა, ჯანმრთელები კი ოპტიმალურ ფორმაში არიან. მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ ფეხბურთელთა მომზადების დონით და მოახლოებულ მატჩებს ოპტიმისტურად ვხვდები.

- "იუვენტუსის" ფეხბურთელებს მოტივაციასთან დაკავშირებული
პრობლემები ხომ არ შეექმნათ?
- ისინი პროფესიონალები არიან და კარგად იციან, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელოდებათ. ამ ეტაპზე, ჩვენ ხორვატებთან პაექრობაზე ვფიქრობთ, რადგან სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს. მართალია, ჩემპიონთა ლიგის ფინალი სეზონის კულმინაცია იყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში სულ სხვა მუხტი და ემოციაა.

- ანდრეა პირლო განაცხადშია, რაც იმას ნიშნავთ, რომ მასზე უარის თქმას არ აპირებთ...
- პირლო სწორედ მე დავიყოლიე იმაზე, რომ სანაკრებო კარიერა არ დაესრულებინა და ბუნებრივია, რომ მისი დიდი იმედი მაქვს. ანდრეამ იცის, რომ ყველა შეხვედრაზე არ გამოვიძახებ, მაგრამ, როდესაც გუნდს განსაკუთრებულად დასჭირდება მისი დახმარება, ის ჩვენთან ერთად იქნება. ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველაზე რთული მატჩი გველოდება და შესაბამისად, პირლოს დიდი იმედი მაქვს.

- რას ელით ხორვატიასთან მატჩში?
- ხორვატებს ძალიან ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავთ და ბურთს შესანიშნავად აკონტროლებენ. ეს საკუთარ ტყავზე ვიწვნიეთ, როდესაც მათ მილანში ვეთამაშებოდით. მთავარია, ცენტრი არ დავკარგოთ და ამიტომ ნახევარდაცვას განსაკუთრებული როლი დაეკისრება. ცენტრისთვის დიდი ბრძოლა გაჩაღდება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

- არავინ ელოდა, რომ სტეფან ელ შაარავის გამოიძახებდით, დანიელ კალიჯურის ადგილი კი საბოლოო განაცხადში არ აღმოჩნდა...
- სტეფან ელ შაარავი განსაკუთრებულად ნიჭიერი ფეხბურთელია და ეს სერია A-ს ბოლო ტურებში დაამტკიცა. ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც ფლანგიდან თამაშს გაამწვავებს და დამაგვირგვინებელ ფაზაში სახიფათო იქნება. რაც შეეხება კალიჯურის, საინტერესო ფეხბურთელია და მას კიდევ დავაკვირდები, ამ ეტაპზე კი სხვებზე შევაჩერე არჩევანი.

- "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ხომ არ ფიქრობთ, რომ ტურინული გრანდი ნაადრევად დატოვეთ?
- "იუვენტუსის" შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემიტანია და სწორედ ამიტომ ვიყავი ამ გუნდის მწვრთნელი წლების განმავლობაში. მე მჯეროდა ფეხბურთელების და კლუბის მესვეურების, რომლებიც ერთი მიზნის ქვეშ იყვნენ გაერთიანებულნი და ასეა დღემდე.

ზუსტად ვიცოდი, რომ "ვეკია სენიორა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდოდა უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში, მაგრამ ეს კიდევ უფრო ადრე მოხდა. ამ მხრივ, "იუვემ" მართლაც გამაკვირვა, თუმცა ამასთან, ძალიან გამახარა. ტურინელებს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ, რაშიც მასიმილიანო ალეგრიმ უდიდესი წვლილი შეიტანა.

- ჰქონდა "იუვეს" შანსი "ბარსელონასთან"?
- უშანსოდ ნამდვილად არ იყო და ეს თამაშმაც დაამტკიცა. 1:1-ის შემდეგ "იუვემ" უპირატესობა მოიპოვა და შეეძლო, მეორე გოლი გაეტანა. ბუნებრივია, "ბარსელონამ" მოგება დაიმსახურა და სხვების მსგავსად, მეც მიმაჩნია, რომ კატალონიელებს საუკეთესო გუნდი ჰყავთ ევროპაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული