"იუვენტუსის" ტრიუმფის სეზონი - სერია A-ს ტოპ 5-ის მონაგარი, მიზნები და რეალობა

AutoSharing Option
სერია A-ს 2014-15 წლების გათამაშება ისტორიის საკუთრებაა, ჩემპიონი კი, ტრადიციულად, "იუვენტუსი" გახდა, რომელიც აგერ, უკვე მეოთხე წელია, პირველობას არავის უთმობს.

გადავხედოთ სატურნირო ცხრილის პირველ ხუთეულს და შევაჯამოთ განვლილი ბატალიები...

მე-5 ადგილი - "ნაპოლი"
38 მატჩი, 18 მოგება, 9 ფრე, 11 წაგება
საუკეთესო ბომბარდირი: გონსალო იგუაინი (18 გოლი)
საუკეთესო მეპასე: მარეკ ჰამშიკი (9 საგოლე პასი)
ყველაზე მეტი მატჩი: ხოსე კალეხონი (38)
საუკეთესო მატჩი: ნაპოლი-რომა 2:0
ყველაზე ცუდი მატჩი: ნაპოლი-იუვენტუსი 1:3

"ნაპოლიმ" სეზონი დაასრულა ისე, როგორც დაიწყო - დარჩა ჩემპიონთა ლიგის გარეშე.

გემახსოვრებათ, სეზონის
სტარტზე რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა ბილბაოს "ატლეტიკს" ვერაფერი მოუხერხეს და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშნენ; სეზონის ბოლო აკორდი კი "ლაციოსთან" მარცხი გახლდათ, რომელმაც ნეაპოლური გუნდი სამეულს და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვა.

მთლიანობაში, "ნაპოლის" ასპარეზობა უარყოფითად უნდა შევაფასოთ, რადგან სკუდეტოზე დაგეშილი გუნდი მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა და მომდევნო სეზონში ევროპალიგაზე იასპარეზებს. სამხრეთელებს სულ სხვა მიზნები და სურვილები ჰქონდათ.

ამასთან, ბენიტესის გუნდმა თითქმის ყველა პრინციპული მატჩი წააგო, მათ შორის, "სტადიო ოლიმპიკოზე" "რომასთან" და ორივე თამაში "იუვენტუსთან". როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნეაპოლელებმა ვერც ბოლო ტურში ივარგეს, როდესაც გადამწყვეტი შეხვედრა "ლაციოსთან" დათმეს.

უარყოფითად უნდა შეფასდეს რაფაელ ბენიტესის მუშაობაც, რომლის მუდმივი როტაცია ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებდა. ხშირად იყო სათადარიგოთა სკამზე მარეკ ჰამშიკი, რომელსაც ყველაზე მეტი საგოლე პასი დაუგროვდა და ამ ლოგიკით, მისთვის მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცათ.

იგივე შეიძლება ითქვას დრის მერტენსზე, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი გახლდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასტარტოში დამკვიდრება არ ეღირსა. მოკლედ, ბენიტესი სეზონის ანტიგმირად შეგვიძლია შევრაცხოთ და მიუხედავად ამისა, ის დღეს მადრიდის "რეალის" მესაჭეა.

ბოლოს, გონსალო იგუაინი შევაქოთ, რომელმაც 18 გოლი შეაგდო და მთლიანობაში, კარგად წარმოჩინდა, მაგრამ არც 4 გაფუჭებული პენალტი უნდა დავივიწყოთ. ამასთან, იგუაინი მცირე სკანდალში გაეხვა, როდესაც "პარმას" მეკარეს მიაძახა, რისთვის იბრძვით, როდესაც თქვენ უკვე სერია B-ში ხართო.

ეს არ იყო საუკეთესო სეზონი "ნაპოლისთვის" და გულშემატკივრები უკეთესის მოლოდინში არიან...

მე-4 ადგილი - "ფიორენტინა"
38 მატჩი, 18 მოგება, 10 ფრე, 10 წაგება
საუკეთესო ბომბარდირი: იოსიპ ილიჩიჩი (9 გოლი)
საუკეთესო მეპასე: მატი ფერნანდესი (6 საგოლე პასი)
ყველაზე მეტი მატჩი: გონსალო როდრიგესი (30)
საუკეთესო მატჩი: ფიორენტინა-ინტერი 3:0
ყველაზე ცუდი მატჩი: ფიორენტინა-კალიარი 1:3

მიჯრით მესამე სეზონია, "ფიორენტინა" ჩემპიონატს მეოთხე ადგილზე ასრულებს და შესაბამისად, ევროპალიგის გათამაშებაში გადის. სტაბილურობა დასაფასებელია და ვინჩენცო მონტელას შრომა არ უნდა დავუკარგოთ, მაგრამ მეორე მხრივ, ფლორენციელები უკვე რა ხანია, ამაოდ ელიან ჩემპიონთა ლიგის საგზურს.

თავად მონტელამ განაცხადა, რომ სეზონი შედგა და მისმა გუნდმა ფანტასტიკური თამაში აჩვენა, მაგრამ ვეჭვობთ, რომ მას არც კლუბის მესვეურები დაეთანხმნენ და არც გულშემატკივრები.

ეს, ალბათ, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია იმისა, რომ მონტელა დღეს "ვიოლას" მწვრთნელი აღარაა და არა ის ხმები, რომელიც მწვრთნელსა და კლუბის პრეზიდენტს შორის სატრანსფერო პოლიტიკის ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტს უკავშირდებოდა.

ერთი ხანობა, "ფიორენტინა" ყველაფერს იგებდა - ევროპალიგიდან "ტოტენჰემი" და "რომა" გამოაგდო, იტალიის თასზე "იუვეს" გასვლითი მატჩი მოუგო და სერია A-ში სამეულს კუდზე დააჯდა, მაგრამ შემდეგ დაიწყო რეგრესი, რამაც გუნდი ყველა სათასო ბატალიას გამოთიშა და სერია A-შიც დაამუხრუჭა. შედეგად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - "ფიორენტინა" ერთ ადგილს ტკეპნის და საინტერესოა, რას მოუტანს გუნდს ახალი მწვრთნელი, რომლის ვინაობა ჯერ უცნობია...

მე-3 ადგილი - "ლაციო"
38 მატჩი, 21 მოგება, 6 ფრე, 11 წაგება
საუკეთესო ბომბარდირი: მიროსლავ კლოზე (13 გოლი)
საუკეთესო მეპასე: ანტონიო კანდრევა (9 საგოლე პასი)
ყველაზე მეტი მატჩი: ანტონიო კანდრევა, მარკო პაროლო, მიროსლავ კლოზე (34)
საუკეთესო მატჩი: ნაპოლი-ლაციო 2:4
ყველაზე ცუდი მატჩი: ჩეზენა-ლაციო 2:1

2013-14 წლების სეზონში "ლაციომ" ჩემპიონატი მეცხრე ადგილზე დაასრულა და მაშინ კლაუდიო ლოტიტომ გუნდში საფუძვლიანი ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა. სიტყვას საქმე მოჰყვა და კლუბის მესვეურებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ნაყოფიერად გამოიყენეს:

ფილიპ ჯორჯევიჩი, სტეფან დე ვრი, დუშან ბასტა, მარკო პაროლო, ედსონ ბრააბჰეიდი და თუნდაც ახალგაზრდული გუნდიდან დაწინაურებული დანილო კატალდი - ამ ფეხბურთელებმა გუნდს ახალი ძალა შთაბერეს და ისეთ შედეგს მიაღწიეს, რომელსაც არავინ ელოდა.

მაგალითად, მარკო პაროლომ 10 გოლი შეაგდო, რაც საყრდენი ნახევარმცველისთვის ფანტასტიკური შედეგია, სტეფან დე ვრი კი თამამად შეგვიძლია შევიყვანოთ ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ფელიპე ანდერსონი, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი პირადად მოიგო და სრულიად ბუნებრივია, რომ მის მიმართ ევროპული გრანდები იჩენენ ინტერესს.

გარჯა არც მიროსლავ კლოზეს უნდა დავუკარგოთ, რომელმაც 36 წლის ასაკში 13 გოლი შეაგდო და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ანტონიო კანდრევამ კი ყველაზე მეტი საგოლე პასი მიითვალა აქტივში. და მაინც, წარმატების მთავარ შემოქმედად სტეფანო პიოლი ითვლება, მწვრთნელი, რომლისგანაც ასეთ ნაყოფიერ მუშაობას ბევრი არ ელოდა.

მე-2 ადგილი - "რომა"
38 მატჩი, 19 მოგება, 13 ფრე, 6 წაგება
საუკეთესო ბომბარდირი: ადემ ლიაიჩი (8 გოლი)
საუკეთესო მეპასე: მირალემ პიანიჩი (10 საგოლე პასი)
ყველაზე მეტი მატჩი: ალესანდრო ფლორენცი, მორგან დე სანკტისი, რაჯა ნაინგოლანი (35)
საუკეთესო მატჩი: ლაციო-რომა 1:2
ყველაზე ცუდი მატჩი: რომა-სამპდორია 0:2

თუ 2013-14 წლების სეზონში "რომას" მეორე ადგილი წარმატებად ჩაითვალა, იმავეს ვერ ვიტყვით აწგასრულებულ ჩემპიონატზე. "ჯალოროსი" "იუვენტუსის" რეალურ კონკურენტად მიიჩნეოდა და ბევრი ელოდა, რომ სკუდეტოს სწორედ რუდი გარსიას გუნდი მოიპოვებდა.

ჩემპიონატი რომაელებმა რიხით დაიწყეს და მას შემდეგ, რაც ტურინში "იუვენტუსთან" სკანდალური მატჩი წააგეს (3:2), გარსია ღიად ალაპარაკდა, რომ მისი გუნდი "ვეკია სენიორას" არაფრით ჩამოუვარდებოდა და სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებდა. რეალობა სხვაგვარი გამოდგა - "ჯალოროსი" მთელი 17 ქულით ჩამორჩა "ბიანკონერის" და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ დღეს იტალიაში ტურინულ გრანდს ბადალი არ ჰყავს.

ამასთან, "რომა" ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის "ბაიერნთან" განადგურდა (1:7) და შემდეგ, ევროპალიგაზე "ფიორენტინასთან" შერცხვა.

რუდი გარსიამ ბედს მადლობა უნდა შესწიროს, რომ სერია A-ს დასკვნით ფაზაში მისმა შეგირდებმა ძალა მოიკრიბეს, რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს, მათ შორის, "ლაციო" დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრანგი სპეციალისტი დღეს უმუშევარი იქნებოდა და ახალ წინადადებებს დაელოდებოდა.

მოკლედ, ფეხბურთი ასეა - სტეფანო პიოლიმ "ლაციო" მესამე ადგილზე გაიყვანა და გმირია, რუდი გარსიას კი მეორე ადგილი წარუმატებლობად ჩაეთვალა. უბრალოდ, "რომანისტები" დიდი ხანია, უმიზნებენ სკუდეტოს, რაც ჯერჯერობით მიუღწეველ ოცნებად რჩება.

პირველი ადგილი - "იუვენტუსი"
38 მატჩი, 26 მოგება, 9 ფრე, 3 წაგება
საუკეთესო ბომბარდირი: კარლოს ტევესი (20 გოლი)
საუკეთესო მეპასე: კარლოს ტევესი (7 საგოლე პასი)
ყველაზე მეტი მატჩი: კლაუდიო მარკიზიო, რობერტო პერეირა (35)
საუკეთესო მატჩი: ნაპოლი-იუვენტუსი 1:3
ყველაზე ცუდი მატჩი: პარმა-იუვენტუსი 1:0

როდესაც "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი დაინიშნა, ბევრმა ივარაუდა, რომ ტურინული გრანდი ძველებურად კარგად ვეღარ იასპარეზებდა და სკუდეტოსთვის ბრძოლა ბევრად უნდა დაიძაბებოდა.

მოლოდინი არ გამართლდა, ალეგრის "იუვემ" პირველივე ტურში მოიპოვა ლიდერობა და მას შემდეგ პოზიცია აღარც დაუთმია. სენიორ მასიმილიანოს გუნდი კიდევ უფრო განსწავლულია ტაქტიკურად, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შედეგად, "იუვემ" არა მარტო შიდა ასპარეზზე, საერთაშორისო სარბიელზეც გაიბრწყინა.

"იუვენტუსმა" მხოლოდ სამი მატჩი წააგო და აქედან ორი მაშინ, როდესაც ყველაფერი უკვე გარკვეული იყო. ამასთან, ტურინელებს არც ერთი მატჩი არ წაუგიათ საკუთარ არენაზე და ასე იყო გასულ სეზონშიც. მოკლედ, სერია A-ში "ბიანკონერი" საკუთარ არენაზე ორი წელია არ აგებს, ასეთი შედეგი კი გუნდს ბოლოს 40 წლის წინ ჰქონდა.

შესანიშნავად წარმოჩინდა ალვარო მორატა, რომელმაც ფერნანდო ლორენტე ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო. კარგი იყო კლაუდიო მარკიზიო, ასევე - პოლ პოგბა, რობერტო პერეირა და ანდრეა პირლო; საიმედოდ იცავდნენ თავს ჯორჯო კიელინი, ლეო ბონუჩი და ანდრეა ბარძალი; ტრადიციულად, ბევრი ირბინა შტეფან ლიხტშტაინერმა, პატრის ევრა კი 33 წლის ასაკში იდეალურად მოერგო ახალ გუნდს და იტალიურ ფეხბურთს.

ჯანლუიჯი ბუფონზე ლაპარაკიც ზედმეტია, კარლოს ტევესი კი ცალკე აღნიშვნის ღირსია: 31 წლის არგენტინელმა ფორვარდმა 20 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა - ამ ორივე კომპონენტში ის საუკეთესო გახლავთ თავისი გუნდის შემადგენლობაში. ბრავო, "იუვე", ბრავო, ალეგრი, წინ კი საინტერესო სატრანსფერო ბატალიებია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული