იტალიის ნაკრები: ანტონიო კონტეს პირველი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ანტონიო კონტეს თავკაცობით პირველი მატჩი წააგო. "სკუადრა აძურა" ჟენევაში პორტუგალიას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 0:1.

ერთადერთი გოლი პირენეელთა გამოცდილმა ფორვარდმა ედერმა შეაგდო.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა და მწვრთნელებმა ის ფეხბურთელები ნახეს საქმეში, რომლებსაც ოფიციალურ შეხვედრებში ნაკლებად ენდობიან.

მატჩი იტალიელთა უპირატესობით წარიმართა, რაც სტატისტიკაზეც შესაბამისად აისახა - უფრო ხშირად ბურთს სწორედ კონტეს შეირდები ფლობდნენ; იტალიელებმა მეტოქის კარის მიმართულებით 14-ჯერ დაარტყეს, პორტუგალიელებმა კი 8-ჯერ; იტალიამ 8 კუთხური ჩააწოდა, პორტუგალიამ კი - არც ერთი. თუმცა,
გოლი პირენეელებმა შეაგდეს და მოიგეს კიდეც თამაში.

იტალიური სპორტული პრესა მარცხს მოზომილი კრიტიკით შეხვდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოგების შემთხვევაში, იტალია ფიფას რეიტინგის 10-ეულში შეაბიჯებდა და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრაში განთესილთა შორის მოხვდებოდა.

იტალია რეიტინგში ათეულს მიღმა დარჩა და შესაბამისად, კენჭისყრისას მეორე კალათაში იქნება. ანუ, დიდი შანსია, "სკუადრა აძურა" შესარჩევ ეტაპზე გერმანიას, ესპანეთს, ინგლისს, ან ჰოლანდიას გადაეყაროს. მით უმეტეს, შესარჩევი ეტაპის ევროპული ზონიდან, მუნდიალზე ავტომატურად მხოლოდ ჯგუფის ლიდერები გავლენ, მეორე ადგილოსნებს კი პლეი ოფში მოუწევთ ბრძოლა.

მოკლედ, მას შემდეგ, რაც მიშელ პლატინიმ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 16-დან 24-მდე გაზარდა, მსოფლიოს პირველობაზე გასვლა ლამის ორჯერ უფრო რთულია, ვიდრე ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება.

ერთი სიტყვით, მეორე კალათაში მოხვედრას იტალიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა და ამ თემაზე თვით ანტონიო კონტემ ისაუბრა:

"არ მიმაჩნია, რომ პორტუგალიასთან მატჩი უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან მარცხისგან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და იგივე შეცდომებოი ოფიციალურ შეხვედრებში არ გავიმეოროთ. რაც მთავარია, შესარჩევ ეტაპზე ყველაფერი რიგზეა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს.

რაც შეეხება წილისყრას, იტალიას არც ერთი მეტოქის არ ეშინია და რაც არ უნდა მოხდეს, უნდა გავიდეთ 2018 წლის მუნდიალზე.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რატომ ვართ მეორე კალათში - კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ჩემი აზრით, განთესილებში მყოფი გუნდების მინიმუმ ნახევარს ვაჯობებთ".

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 25 ივლისს სანკტ პეტერბურგში გაიმართება და როგორც ანტონიო კონტემ განაცხადა, დიდი იმედი აქვს, რომ იმ შესარჩევზეც იტალიის ნაკრების მწვრთნელი სწორედ ის იქნება, რისთვისაც ევროპირველობაზე წარმატებით ასპარეზობაა საჭირო.

და ბოლოს, განთესილებს, ანუ პირველ კალათას გადავხედოთ, სადაც მართლაც არიან ისეთი გუნდები, რომელთა "სკუადრა აძურაზე" მაღლა დაყენება გაგვიჭირდება: გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, ინგლისი, უელსი, ესპანეთი, ხორვატია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული