კალჩოში ფული დატრიალდა: კონდოგბია "ინტერს", მანჯუკიჩი "იუვეს", "მილანს"?

AutoSharing Option
ჯექსონ მარტინესის და ჟოფრეი კონდოგბიას "მილანში" გადაბარგება პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. 22 წლის კონდოგბია კარიერას "ინტერში" გააგრძელებს, ხოლო 28 წლის მარტინესი სავარაუდოდ, მადრიდის "ატლეტიკოში" გადავა.

გასულ უქმეებზე, "მილანის" და "ინტერის" მესვეურები მონაკოში ჩავიდნენ, სადაც ჟოფრეი კონდოგბიას თაობაზე მოლაპარაკებები უნდა გაემართათ - იტალიაში ამ ამბავს ასეთი სათაური დაარქვეს: "მილანური დერბი ვაჭრობაში"... ცხადი იყო, რომ ახალგაზრდა ფრანგ ნახევარმცველს ის გუნდი დაიბევებდა, რომელიც მეტს გადაიხდიდა და ეს კლუბი "ინტერი" აღმოჩნდა.

კონდოგბიამ "ნერაძურისთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ის სეზონში 4,5
მილიონ ევროს მიიღებს და ბონუსებით ეს თანხა კიდევ უფრო გაეზრდება. აქვე ვთქვათ, რომ ამ დროისთვის ჟოფრეი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია "ინტერში".

მილანურ გრანდს კონდოგბიას ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდა და თუ ამას სახელფასო ბიუჯეტსაც დავამატებთ თავისი ბონუსებით, გამოდის, რომ "ინტერს" ჟოფრეი დაახლოებით 70 მილიონი ევრო დაუჯდება. მოკლედ, ლომბარდიელთა ინდონეზიელმა პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა ჯიბეზე ხელი გაიკრა და თანაც, დუელში თვით "მილანს" აჯობა. თუმცა, "როსონერის" მესვეურები მარცხს არ აღიარებენ, რაზეც კლუბის ვიცე-პრეზიდენტის ადრიანო გალიანის სიტყვები მოწმობს:

"პარასკევ საღამოს, კოდოგბიას და მის აგენტს ყველა დეტალზე შევუთანხმდით, დოკუმენტები გავცვალეთ და საქმე პრაქტიკულად მოგვარებული იყო. შეთანხმებას მივაღწიეთ "მონაკოსთანაც" - ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ვიხდიდით და ამ თანხას ზაფხულის განმავლობაში ორ ეტაპად ჩავრიცხავდით:

ჯერ 20 მილიონ ევროს და შემდეგ ერთი ამდენს. შაბათ საღამოს, კონდოგბიამ შეთანხმება დაარღვია და კონტრაქტი გააფორმა "ინტერთან", რომელმაც ალბათ უფრო მეტი გადაიხადა. არის თუ არა ეს ჩვენი მარცხი? - ასეთ ფორმულირებას არ ვეთანხმები. კონდოგბიამ არჩევანი სხვა გუნდზე შეაჩერა და თუ მაგალითად, ჯექსონ მარტინესიც უარს გვეტყვის, გამოდის, რომ 75 მილიონი ევრო დავზოგეთ და შეგვიძლია, ეს თანხა კიდევ უკეთეს ტრანსფერებში გამოვიყენოთ. რაც შეეხება ჟოფრეის, მხოლოდ დრო გვიჩვენებს ღირდა თუ არა მასში 40 მილიონის გადახდა და შესაბამისად, თვეების შემდეგ გამოჩნდება, ვინ მოიგო და ვინ დამარცხდა ამ დუელში".

რა მოხდა სინამდვილეში და, რატომ შეაჩერა არჩევანი კონდოგბიამ "ინტერზე"? - თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს ვენდობით, ფრანგმა უბრალოდ ივაჭრა და იქ წავიდა, სადაც მეტ ფულს შეჰპირდნენ. "მილანი" ჟოფრეის 4-წლიან კონტრაქტს და სეზონში 4 მილიონ ევროს სთავაზობდა, "ინტერში" კი 5-წლიანი ხელშეკრულება და სეზონში 4,5 მილიონი ევრო მიიღო. თუ "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტებს დავუჯერებთ, გადაწყვეტილება რეალურად ჟოფრეის მამამ მიიღო, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებებში და თავიდანვე არ მალავდა, რომ მისთვის მთავარი ფული იყო.

"ინტერის" კონტურები
"მილანის" მესვეურები ბევრს ხმაურობენ, მაგრამ ჯერჯერობით, საქმეს "ინტერი" აკეთებს. "ნერაძურის" უკვე დაემატა 23 წლის ცენტრალური მცველი ჯეისონ მურილიო და ზემოთხსენებული ჟოფრეი კონდოგბია.

ამასთან, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ "ინტერში" გააგრძელებს კარიერას მადრიდის "ატლეტიკოს" 30 წლის ცენტრალური მცველი ჟოაო მირანდა. ამასთან, მილანური გრანდის მესვეურები აქტიურ მოპლაპარაკებას აწარმოებენ 22 წლის ჟანელი იმბიულასა და 23 წლის მოჰამედ სალაჰის ტრანსფერებთან დაკავშირებით. დიდი შანსია, ეს ტრანსფერები შედგეს და მომდევნო სეზონში განახლებული "ინტერი" ვიხილოთ...

მაგალითად, მურილიოს და მირანდას ცენტრალურ მცველთა ტანდემი, იმბიულა და კონდოგბია საყრდენ ხაზზე, წინ კი მაურო იკარდისთან, ჯერდან შაჩირისთან და თუნდაც, როდრიგო პალასიოსთან ერთად, მოჰამედ სალაჰი. უდაოდ საინტერესო გუნდია, განსაკუთრებულ ყურადღებას კი შუა ხაზი იწვევს, სადაც მილანელებს კიდევ არაერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ჰყავთ დაწყებული მატეო კოვაჩიჩით, გაგრძელებული გარი მედელით და დამთავრებული ერნანესით.

ანჩელოტიდან მარტინესამდე
დაწყებული კარლო ანჩელოტიდან, დამთავრებული ჯექსონ მარტინესით, "მილანს" ჯერჯერობით ყველა ფრონტზე ხელი მოეცარა. გახსოვთ ალბათ, "როსონერიში" ახალი ინვესტორის მოსვლა სწორედ იმით დაიწყო, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელობა კარლიტოს შესთავაზეს, მაგრამ მისგან უარი მიიღეს. შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება სცადეს და იქაც ვერაფერი.

შემდეგ იყო კონდოგბიას პრაქტიკულად გაჩარხული ტრანსფერი და თუ, როგორ დასრულდა ეს ისტორია, ზემოთ ვრცლად ვისაუბრეთ. სულ ბოლო ამბავი კი ჯექსონ მარტინესს უკავშირდება, რომელიც დიდი ალბათობით, ასევე უარს ეტყვის "როსონერის" და კარიერას "ატლეტიკოში" გააგრძელებს. მოკლედ, "მილანი" ჯერჯერობით კოჭლობს, მაგრამ ადრიანო გალიანი გულშემატკივრებს ამშვიდებს და აცხადებს, რომ ამ ზაფხულს, გუნდი აუცილებლად გაძლიერდება და თანაც საგრძნობლად.

სულ ბოლო ინფორმაციით, "როსონერის" მესვეურებმა კიდევ სამი მიმართულებით გააჩაღეს მოლაპარაკება და ლაპარაკია მხოლოდ ფორვარდებზე: 29 წლის ედინ ჯეკო "მანჩესტერ სიტიდან", 28 წლის კარლოს ბაკა "სევილიადან" და 28 წლის ედინსონ კავანი პსჟ-დან. ამასთან, "მილანის" მესვეურებს მატს ჰუმელსის გადაბირება სურთ დორტმუნდის "ბორუსიადან", ბლეზ მატუიდის პსჟ-დან და აქსელ ვიტსელის სანკტ პეტერბურგის "ზენიტიდან". მოკლედ, ჯერჯერობით "როსონერი" ხელმოცარულია, მაგრამ ვეჭვობთ, რომ უახლოეს მომავალში ვითარება შეიცვლება...

რა ხდება იუვეში?
დიდი ამბებია "იუვენტუსში", რომლის მესავეურები ცდილობენ, რომ გუნდი არ დაასუსტონ და პირიქით, გააძლიერონ. ჯერ ის ვთქვათ, რომ გუნდიდან წასვლის სურვილი კარლოს ტევესმა გამოთქვა და დიდი ალბათობით, ის "ბოკა ხუნიორსში" გააგრძელებს კარიერას.

ასევე, შესაძლოა, "ვეკია სენიორა" პოლ პოგბამ დატოვოს, რომლის სანაცვლოდაც პსჟ 98 მილიონ ევროს იხდის და ანდრეა პირლომ, რომელსაც აშშ-ში გადაბარგებაზე უჭირავს თვალი. აქედან გამომდინარე, ტურინელებს ახალი ფეხბურთელები სჭირდებათ და დიდ სატრანსფერო ბატალიებში არიან ჩართულნი...

ის, რომ პაულო დიბალა "პალერმოდან" სწორედ "იუყვენტუსში" გადაბარგდა, ძველი ამბავია, თუმცა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. 21 წლის არგენტინელმა გასულ სეზონში 12 გოლი შეაგდო და მასზე ტურინში დიდ იმედებს ამყარებენ. კიდევ ერთი ფორვარდი, რომელიც კარიერას "იუვეში" გააგრძელებს, მარიო მანჯუკიჩია, რომლის სანაცვლოდაც იტალიელები მადრიდის "ატლეტიკოს" 15 მილიონ ევროს გადაუხდიან. 29 წლის ხორვატმა ლა ლიგის გასულ გათამაშებაში 28 მატჩი გამართა, 12 გოლი შეაგდო და 5 საჰოლე პასი გააკეთა. მართალია, მანჯუკიჩს "იუვესთან" კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ ამ საქმეს წინ აღარაფერი უდგას. მარიო თვით მასიმილიანო ალეგრიმ შეაქო და შემდეგი განაცხადა:

"მანჯუკიჩი ბრწყინვალე ფორვარდია, რომელიც მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე იბრძვის, არც ტექნიკა დაეწუნება და არც საგოლე ალღო. ვფიქრობ, მარიოსთან ერთად ჩვენი შეტევა კიდევ უფრო სახიფათო გახდება. ხორვატი ჩემ გემოვნებას სრულად აკმაყოფილებს, გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც არც კლასი დაეწუნებათ და არც ბრძოლისუნარიანობა".

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "იუვენტუსის" მესვეურებმა შეთანხმებას მიაღწიერს "მანჩესტერ სიტისთან" და დიდი შანსია, თავისთან სტევან იოვეტიჩი წაიყვანონ. 25 წლის ჩერნოგორიელმა ფორვარდმა თავი სწორედ იტალიაში ასპარეზობით გაითქვა და თავადაც სურს, რომ კარიერა სერია A-ში გააგრძელოს.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ტურინელები სტევანის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდიან და სეზონში ფეხბურთელს 3,5 მილიონ ევროს ჰპირდებიან. ამასთან, იოვეტიჩი 10-ნომრიან მაისურას მიიღებს, რომელიც კარლოს ტევესის წასვლის შემდეგ გათავისუფლდება. მოკლედ, ტურინელებმა "სიტიც" დაითანხმეს და თავად ფეხბურთელიც, მაგრამ შესაძლოა, ეს ტრანსფერი მაინც ჩაიშალოს. საქმე იმაშია, რომ ტურინელებს "ჩელსიდან" ოსკარის გადაბირება სურთ და ლონდონელებს 23 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს სთავაზობენ. თუ ეს ტრანსფერი გაიჩარხა, მაშინ "იუვე" იოვეტიჩის დამატებისგან თავს შეიკავებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტურინში სწორედ სტევანი გადაბარგდება.

"იუვენტუსის" მესვეურები აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ "სასუოლოსთან" სიმონე ძაძას და დომენიკო ბერარდის ტრანსფერებთან დაკავშირებით და ამ საკითხსაც უახლოეს დღეებში მოეფინება ნათელი. ისიც გავიხსენოთ, რომ "ვეკია სენიორას" უკვე დაემატა მსოფლიოს ჩემპიონი სამი ხედირა მადრიდის "რეალიდან".

"ნაპოლი" იმობილეს უმიზნებს
"ნაპოლიმ" 28 წლის ნახევარმცველი მირკო ვალდიფიორი გადაიბირა, რომელმაც გასული სეზონი "ემპოლიში" შესანიშნავად ჩაატარა. მირკომ შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს გაუზიარა და შემდეგი განაცხადა:

"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლიში" გავაგრძელებ კარიერას, გუნდში, რომელსაც უმაღლესი მიზნები აქვს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ახალ გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო. ორი წლის წინ, ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ გონსალო იგუაინის თანაგუნდელი ვიქნებოდი, თუმცა "ნაპოლიში" სხვა ბრწყინვალე ფეხბურთელებიც არიან".

ამასობაში, ნეაპოლელები ჩირო იმობილეთი დაინტერესდნენ და დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოლაპარაკება წამოიწყეს - ჯერ უცნობია თუ, რა პოზიცია აქვთ გერმანელებს, მაგრამ თავად 25 წლის ფორვარდს იტალიაში დაბრუნება სურს:
"სასიამოვნოა, რომ ჩემით ისეთი დიდი გუნდი დაინტერესდა, როგორიც "ნაპოლია". სიმართლე გითხრათ, იტალიაში დაბრუნება მსურს და ამ შანსზე უარს არ ვიტყოდი. თანაც, ნეაპოლში ამბიციური გუნდი ჰყავთ დიდი მიზნებით".

ბოლო ცნობები
"ფიორენტინას" რომ "ბაზელის" ყოფილი თავკაცი პაულო სოუზა გაწვრთნის, კარგა ხანია, ვიცით და ამის შესახებ ერთ-ერთ წინა ნომერში გაცნობეთ. გუშინ, 44 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა ახალ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2-წლიანია და რომლის ძალითაც სეზონში 1,3 მილიონ ევროს მიიღებს. "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელის რანგში, სოუზა პირველ პრესკონფერენციას 22 ივნისს გამართავს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

ამასობაში, გადაწყდა, რომ იტალიის სუპერთასის პაექრობა 8 აგვისტოს ჩინეთში, შანხაის ცენტრალურ არენაზე გაიმართება, რომელიც 60 ათას გულშემატკივარს იტევს. შეგახსენებთ, რომ ერთმანეთს "იუვენტუსი" და "ლაციო" შეხვდებიან. გასულ წელს, იტალიის სუპერთასი ყატარში გათამაშდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული