განქორწინება იტალიურად: სატრანსფერო აუქციონებს ვნახავთ

AutoSharing Option
გასულ წელს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გააუქმა ერთი უნიკალური წესი, რომელიც მხოლოდ კალჩოში მოქმედებდა. ლაპარაკია, თანამფლობელობაზე, რაც ორი კლუბის მიერ ერთი ფეხბურთელის გაყოფას ან გნებავთ, ფლობას გულისხმობს. ანუ, როდესაც ერთი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ერთბაშად ორი კლუბის ხელშია.

გასული ზაფხულიდან, კლუბებს ამგვარი გარიგების დადება ეკრძალებათ. ამასთან, მიეცათ ვადა, რომ ყველა ძველი და მსგავსი ხელშეკრულება ერთი წლის ვანმავლობაში მოაგვარონ. ეს დრო 25 ივნისს იწურება და შემდეგ ყველა სადავო საკითხი ბრმა აუქციონის წესით გადაწყდება.

აქვე ვთქვათ, თუ რას ნიშნავს ბრმა აუქციონი - ერთმანეთისგან ფარულად,
ორივე კლუბი ასახელებს იმ თანხას, რომელსაც იხდის ფეხბურთელის სანაცვლოდ და ის იმარჯვებს, ვინც მეტ თანხას დაასახელებს.

ქვემოთ, ყველაზე ცნობილ ფეხბურთელებს გადავხედოთ, რომლებიც სწორედ თანამფლობელობაში არიან და რომელთა ბედი უახლოეს ორ დღეში გაირკვევა.

ფედერიკო ბარბა (21 წლის)
პოზიცია: ცენტრალური მცველი
კლუბები: ემპოლი - რომა
გასული სეზონი: ემპოლი (20 მატჩი, 2 გოლი)
სერია A: 18 მატჩი, 2 გოლი

ფედერიკო ბარბა "ემპოლის" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი ნამდვილად არ იყო, თუმცა მწვრთნელი მას ხშირად ენდობოდა და გარდა იმისა, რომ უშუალო მოვალეობას ასრულებდა კარგად, გოლებიც გაიტანა. შედეგად, ფედერიკო იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს და ჩეხეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს.

ფედერიკო ბარბა სანახევროდ "რომას" ეკუთვნის და გასარკვევია, სად გააგრძელებს კარიერას. ბოლო ინფორმაციით, დედაქალაქელები თავს იკავებენ ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსყიდვისგან და მას სიმბოლურ თანხად "ემპოლის" დაუთმობენ. მით უმეტეს, ტოსკანურ გუნდს, დიდი ალბათობით, დაცვის ბურჯი, ლორენცო ტონელი ტოვებს და მის შემცვლელად სწორედ ბარბა მოიაზრება.

მარკო ბენასი (20 წლის)
პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი
კლუბები: ტორინო - ინტერი
გასული სეზონი: ტორინო (36 მატჩი, 3 გოლი)
სერია A: 51 მატჩი, 5 გოლი

იტალიის ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში თავი კარგად წარმოაჩინა და "ტორინოს" ლოკალური წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ. "ინტერი" მზადაა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები 5 მილიონ ევროდ დათმოს, მაგრამ "ტორინოს" მხოლოდ 2 მილიონის გადახდა სურს.

მართალია, რობერტო მანჩინი მარკო ბენასიზე იმედებს არ ამყარებს, მაგრამ როგორც ჩანს, მილანელებს არც ორი მილიონი სჭირდებათ დიდად. ამიტომ საქმე ბრმა აუქციონისკენ მიდის და საინტერესოა, ვის დარჩება ნიჭიერი ფეხბურთელი.

დომენიკო ბერარდი (20 წლის)
პოზიცია: თავდამსხმელი
კლუბები: სასუოლო - იუვენტუსი
გასული სეზონი: სასუოლო (34 მატჩი, 15 გოლი)
სერია A: 61 მატჩი, 31 გოლი

ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელი, რომელსაც 20 წლის ასაკში სერია A-ში 61 მატჩი აქვს ჩატარებული და 31 გოლი გატანილი. მართლაც შთამბეჭდავი სტატისტიკაა და თანაც, ეს არა "იუვენტუსში" ან რომელიმე სხვა გრანდში, არამედ მოკრძალებულ "სასუოლოში", სადაც ანდრეა პირლოს მსგავსი მეპასეები ნამდვილად არ ჰყავს. ბერარდი იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ისიც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს.

ბერარდის სატრანსფერო უფლებების ნახევარს "იუვენტუსი" ფლობს და ტურინელები მზად არიან, რომ მეორე ნახევრის სანაცვლოდ, 15 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამასთან, 1-წლიანი იჯარით ფეხბურთელი "სასუოლოში" დატოვონ და ამ პერიოდში, მისი ხელფასიც მათ იხადონ. მოკლედ, ტურინელებმა "ნერივერდეს" მაცდური წინადადება შესთავაზეს და საეჭვოა, რომ საქმე ბრმა აუქციონამდე მივიდეს.

ანდრეა ბერტოლაჩი (24 წლის)
პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი
კლუბები: ჯენოა - რომა
გასული სეზონი: ჯენოა (35 მატჩი, 6 გოლი)
სერია A: 125 მატჩი, 18 გოლი

გადაწყვეტილი ამბავია, რომ "რომა" "ჯენოას" 16,5 მილიონ ევროს გადაუხდის და იქიდან ორ ფეხბურთელს: ანდრეა ბერტოლაჩის და იაგო ფალკეს გადაიბირებს. ბერტოლაჩი ნამდვილი რომაელია, "ჯალოროსის" აღზრდილი და მისი ოცნება სწორედ მშობლიურ გუნდში თამაშია.

თუმცა, არ არის გამორიცხული, დედაქალაქელებმა ანდრეა "მილანში" გაუშვან, რომელიც მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს. მოკლედ, ბერტოლაჩი "რომას" რჩება და ბრმა აუქციონამდე საქმე არ მივა, შემდეგ კი დრო გვიჩვენებს.

ლორენცო დე სილვესტრი (27 წლის)
პოზიცია: მარჯვენა მცველი
კლუბები: სამპდორია - ფიორენტინა
გასული სეზონი: სამპდორია (35 მატჩი, 4 გოლი)
სერია A: 213 მატჩი, 10 გოლი

ლორენცო დე სილვესტრი უკვე სამი წელია "სამპდორიას" ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს, თუმცა მთელი ეს პერიოდი ის "ფიორენტინას" თანამფლობელობაშია. ფლორენციაში მან ასევე სამი სეზონი დაჰყო, 86 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო. მას შემდეგ, რაც "ფიორენტინაში" მიკა რიჩარდსის ტრანსფერმა არ გაამართლა და ინგლისელმა დატოვა იტალია, დე სილვესტრის დაბრუნების საკითხი აქტიურად დადგა დღის წესრიგში.

თუმცა, იტალიის ნაკრების ფეხბურთელს ვერც გენუელები ელევიან და ისეთი პირი უჩანს, რომ ბრმა აუქციონს ვერ ავცდებით. ვნახოთ, ვინ უფრო მეტს გადაიხდის დე სილვესტრის სანაცვლოდ.

რაჯა ნაინგოლანი (27 წლის)
პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი
კლუბები: რომა - კალიარი
გასული სეზონი: რომა (46 მატჩი, 5 გოლი)
სერია A: 183 მატჩი, 14 გოლი

ეჭვი არავის ეპარება, რომ რაჯა ნაინგოლანი მაინც "რომას" დარჩება და სულ ბოლო ინფორმაციით, მის სანაცვლოდ დედაქალაქელები სარდინიელებს 16 მილიონ ევროს გადაუხდიან.

"რომა" ვაჭრობდა და თანხის 10 მილიონამდე დაწევა სურდა, მაგრამ ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა.

"კალიარის" მესვეურებმა კარგად იციან, რომ "ჯალოროსის" ბრმა აუქციონი არაფერში აწყობს და სწორედ ამით ისარგებლეს - მოკლედ, ყველა პროგნოზით, კუნძულელები სოლიდურ თანხას მიიღებენ, რაჯა კი "რომას" დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაშა წიკლაურს: ლაშა კარგი სტატია წარმოგვიდგინე, საინტერესო და ბევრისთვის აქამდე უცნობი ინფორმაცია.
respect
georgiano
02:10 25-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული