კალჩო 2014/15: პრობლემები, ტენდენციები, პროგრესი...

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც იტალიის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აპენინებზე სეზონი დასრულდა. შეგვიძლია შევაჯამოთ განვლილი ბატალიები როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა და გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანოთ...

უარყოფითი
სერია A-ს 2014-15 წლების გათამაშება ისევ "იუვენტუსმა" მოიგო და თანაც, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე. ტურინულმა გრანდმა უახლოეს მდევარს მთელი 17 ქულით გაუსწრო. საჩემპიონო ინტრიგამ დიდხანს არ გასტანა და მალევე ცხადი გახდა, რომ "ვეკია სენიორა" პირველობას არავის დაუთმობდა.

მართალია, ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის საგზურებისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდა, მაგრამ გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო
მაინც საჩემპიონო რბოლაა, რომელიც იტალიაში არ შედგა.

იტალიურ საკლუბო ფეხბურთს სჭირდება "იუვენტუსის" ღირსეული კონკურენტი ან კონკურენტები, რის შემდეგაც სასკუდეტო ინტრიგა რეალურად გაჩნდება. თავად "იუვენტუსს" სჭირდება კონკურენტი და ამას არც ტურინში მალავენ.

* * *
იტალიურ საფეხბურთო სამყაროში კვლავაც მძიმე ვითარებაა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. კლუბები სტადიონების ერთიმეორეზე უკეთეს მაკეტებს აკეთებენ და შემდეგ პრეზენტაციებს აწყობენ, მაგრამ რეალურად, ვითარება უკეთესობისკენ არ იცვლება. მომდევნო სეზონში, "უდინეზე" ითამაშებს განახლებულ არენაზე, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის. ახალი სტადიონის აშენებას აპირებენ "რომას" და "მილანის" მესვეურები, თუმცა სიტყვას საქმე ჯერ არ მოჰყოლია.

სერია A-ს მომდევნო გათამაშებაში "კარპი" და "ფროზინონე" ითამაშებენ, რომლებსაც ამ მხრივ მეტად რთული მდგომარეობა აქვთ. ამ მოკრძალებული გუნდების საშინაო არენები ელიტარული ლიგის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ და ამიტომ მეზობელ ქალაქებში მოუწევთ ასპარეზობა.

სხვა ქალაქში ატარებს საშინაო მატჩს "სასუოლო", რომელიც ასევე ახლო წარსულში აღზევდა სერია A-ში. მოკლედ, ამ მხრივ, ვითარება უკეთესობისკენ არ იცვლება - პირიქით, იტალიის უმაღლეს ლიგაში ისეთი გუნდები მომრავლდნენ, რომლებსაც არათუ სტადიონი არ უვარგათ, საკუთარ ქალაქში საერთოდ ვერ თამაშობენ.

* * *
იტალიაში კვლავაც აქტუალურია გარიგებული მატჩები და საფეხბურთო კორუფცია. დაახლოებით ორი თვის წინ, სწორედ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით, 50 ადამიანი დააკავეს, სამიოდე დღის წინ კი მათი ბედი კიდევ 17-მა პირმა გაიზიარა. დაკავებულნი არიან სერია D-ს, ლიგა პროსა და სერია B-ს კლუბების წარმომადგენლები. პროცესი გრძელდება და ყველა პროგნოზით, კიდევ არაერთ ადამიანს მოუწევს სასჯელის მოხდა.

"კალჩოპოლის" პროცესი დაიხურა, მაგრამ უკვე ახალი საქმეა აღძრული სახელწოდებით: "ბინძური ფეხბურთი", რომელიც სადამდე მივა და რა მასშტაბებს მიიღებს, რთული სათქმელია.

* * *
იტალიური კლუბები კვლავაც განიცდიან ფინანსურ კრიზისს, რაც სეზონის განმავლობაში არაერთ პრობლემას ქმნის. თითქმის ყველა ლიგაში თამაშობენ გუნდები, რომლებსაც ფინანსური დარღვევების გამო ქულები აქვთ დაკლებული და ისეთი პრეცედენტებიც ხდება, როდესაც გუნდი თამაშზე გასვლას ვერ ახერხებს. რაღა შორს წავიდეთ, სერია A-ში "პარმას" ორი მატჩი სწორედ იმიტომ გადაიდო, რომ ემილიელებს ფინანსური პრობლემები ჰქონდათ.

"პარმა" კიდევ ცალკე სალაპარაკო თემაა - გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი მოვლენა სწორედ ამ სახელოვანი კლუბის გაკოტრებაა. ერთ დროს მრისხანე გუნდი სამოყვარულო ლიგაში დააქვეითეს და მომდევნო სეზონს სერია D-ში გაატარებს. ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, "პარმამ" უეფას ლიცენზია ვერ მიიღო და ევროთასებზე ასპარეზობის უფლება ჩამოერთვა - ამ ზაფხულს, იგივე ბედი "ჯენოამ" გაიზიარა და "სამპდორიაც" ძლივს გადაურჩა სანქციებს.

უეფას ლიცენზირებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ რუმინეთში და საფეხბურთო თვალსაზრისით, კიდევ რამდენიმე ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში, მაგრამ იტალიაში? - არადა, ფაქტი სახეზეა და მას ვერსად გავექცევით...

* * *
იტალიის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა და ჩეხეთში ერთობ ძლიერი შემადგენლობითაც გაემგზავრა, მაგრამ ჯგუფური ბარიერი ვერ გაიარა.

მართალია, "აძურინიმ" სამივე მატჩი აშკარა უპირატესობით წარმართა, ბოლო ტურში ინგლისი აშკარად დაჩაგრა და რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიც გამოჩნდა, რომლებსაც დიდი მომავალი შეგვიძლია ვუწინასწარმეტყველოთ, მაგრამ იმას ვერსად გავექცევით, რომ იტალია პლეი ოფში ვერ გავიდა. ერთი წლის წინ ფიასკო აპენინელთა ეროვნულმა ნაკრებმა განიცადა, როდესაც ბრაზილური მუნდიალის ჯგუფში ჩარჩა და ისე გამოდის, რომ იტალიელებს ნავსი აქვთ გასატეხი...

დადებითი
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იტალიურმა გუნდებმა ევროთასებზე ფხა გამოაჩინეს და უეფას საკლუბო რეიტინგში ბოლო წლებისთვის უპრეცედენტოდ ბევრი ქულა დააგროვეს. ევროპალიგის მეერვედფინალში ერთბაშად ხუთი იტალიური გუნდი იყო, ნახევარფინალში კი ორი.

მართალია, ტურნირი "სევილიამ" მოიგო, მაგრამ ბოლო პერიოდთან შედარებით, იტალიელთა პროგრესი აშკარაა. ცალკე სალაპარაკო თემაა "იუვენტუსი", რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწია და გზად ისეთი გუნდები ჩამოიტოვა, როგორებიც დორტმუნდის "ბორუსია" და მადრიდის "რეალი" არიან.

დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ ის, რასაც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ვერ ვიტყოდით - იტალიელებს ჰყავთ გუნდი ევროპული ფეხბურთის ელიტაში, იქ, სადაც მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერ იუნაიტედი" და მიუნხენის "ბაიერნი" არიან.

გასულ სეზონში, იტალიამ უეფას საკლუბო რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიბრუნა და მესამე ადგილზე მყოფ ინგლისს კუდზე დააჯდა. არადა, ერთი წლის წინ სერია A მეექვსე იყო და თვით საფრანგეთისა და პორტუგალიის ჩემპიონატებს ჩამორჩებოდა. ეს უდავოდ დიდი ნახტომია, ტემპი კი არ უნდა დავარდეს, რადგან იტალიას ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზური აქვს დასაბრუნებელი...

* * *
იტალიურ საკლუბო ფეხბურთში ფული დატრიალდა და ეს ძალიან კარგი და პროგრესული ამბავია. "მილანში" ბი ტეჩაუბოლის სახით ახალი ინვესტორია, რომელიც ტრანსფერებში დიდძალი ფულის დახარჯვას აპირებს, "ინტერმა" კი უკვე მიჰყო საქმეს ხელი და 35 მილიონ ევროდ ჟოფრეი კონდოგბია გადაიბირა. 22 წლის ფრანგი ნახევარმცველი "ნერაძურის" ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერების სამეულში შედის და ეს უკვე ბევრს ნიშნავს. "ინტერი" არ ჩერდება და კიდევ აპირებს ათეულობით მილიონი ევროს დახარჯვას.

"იუვენტუსმა" 32 მილიონი ევრო პაულო დიბალაში გადაიხადა, 15 მილიონი მარიო მანჯუკიჩში და უახლოეს დღეებში, დაახლოებით 30 მილიონ ევროს გადაიხდის კიდევ ორ ფეხბურთელში - ლაპარაკია სიმონე ძაძასა და დომენიკო ბერარდიზე. ამასთან, ტურინელებმა სამი ხედირა დაიმატეს და კიდევ რამდენიმე მიმართულებით აწარმოებენ მოლაპარაკებას.

თუ გასულ ზაფხულს იტალიური კლუბების მესვეურები, ძირითადად, თავისუფალ აგენტებს დასდევდნენ, დღეს განსხვავებული ვითარებაა და ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და გადამდები აღმოჩნდება იმ კლუბებისთვისაც, რომლებიც დღეს შედარებით პასიურობენ.

* * *
მას შემდეგ, რაც იტალიის ეროვნულ ნაკრებს ანტონიო კონტე ჩაუდგა სათავეში, გუნდმა მხოლოდ ერთი მატჩი წააგო და ისიც ამხანაგური ნახევრად სარეზერვო შემადგენლობით. მართალია, დღევანდელ "აძურაზე" აღმატებულ ტონში საუბარი აშკარად გადამეტებულია, რადგან გუნდს დიდი გზა აქვს გასავლელი სრულყოფილებამდე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კონტეს იტალია თავის საქმე აკეთებს და ევრო 2016-ისკენ მშვიდად და აუღელვებლად მიდის.

შესარჩევის ბოლო შეხვედრაში იტალია ხორვატიას ესტუმრა და ბევრისთვის მოულოდნელად, მატჩი სრული უპირატესობით წარმართა, აღებულ ქულას კი ხორვატები მატჩის არბიტრს უნდა უმადლოდნენ - მეორე დღეს, "გაძეტა დელო სპორტი" ასეთი სათაურით გამოვიდა: "თამაში, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, კონტეს იტალია პროგრესირებს"...

იტალიის ნაკრებს ამ სეზონში ბევრი არაფერი გაუფუჭებია, მოსაგები მოიგო და თუ სადმე ფრედ ითამაშა, დიდად არც ამით დაშავებულა რამე. მართალია, "სკუადრა აძურა" შესარჩევი ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილზეა, მაგრამ ეს ადგილიც გამსვლელია და რადგან შედარებით მსუბუქი კალენდარი აქვს დარჩენილი, დიდია შანსი, პირველზეც აღზევდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული