მილანის "ინტერი": მირანდა მილანშია, რანოკია დარჩა

AutoSharing Option
"ინტერმა" უკანა ხაზი გვარიანად გააძლიერა და დადგა დრო, როდესაც მილანელებმა შეტევისთვისაც მოიცალეს. "ნერაძურის" მესვეურებს მოჰამედ სალაჰის გადაბირება სურდათ, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, 24 წლის ეგვიპტელი ფლორენციაში დარჩება და "ფიორენტინაში" გააგრძელებს კარიერას. ითქვა ისიც, რომ ტოსკანური კლუბის მესვეურები სალაჰის მოთხოვნას დაყაბულდნენ და მას სეზონში 2,9 მილიონ ევროს გადაუხდიან.

დავუბრუნდეთ "ინტერს", რომელიც გარემარბის გადაბირებას ცდილობს და რამდენიმე მიმართულებით აწარმოებს მოლაპარაკებას. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, პრიორიტეტული სამიზნეა ხუან კუადრადო, რომელიც "ფიორენტინადან" "ჩელსიში" გასულ ზამთარს გადავიდა, თუმცა ინგლისში თავი ვერაფრით წარმოაჩინა. 24 წლის კოლუმბიელი არ
მალავს, რომ იტალიაში სურს დაბრუნება და წესით, "ინტერი" მისთვის კარგი ვარიანტი უნდა იყოს. მილანელებს კუადრადოს იჯარით აყვანა სურთ, თუმცა რა პოზიციას დაიჭერენ ლონდონელები, ჯერ უცნობია.

"ინტერის" მესვეურებს დრის მერტენსის გადაბირებაც სურთ, რომელმაც "ნაპოლის" ძირითად შემადგენლობაში ვერ დაიმკვიდრა ადგილი და წესით, მილანური ვარიანტი არც მისთვის უნდა იყოს უინტერესო. 26 წლის ბელგიელის აგენტმა ჯერ კიდევ გახურებულ სეზონში განაცხადა, რომ მისი კლიენტი უკმაყოფილოა მუდმივი როტაციით და იქ სურს გადაბარგება, სადაც მას ბოლომდე ენდობიან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

ამასობაში, იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს მარტინ მონტოიას პირადი აგენტი გაესაუბრა და განაცხადა, რომ მომდევნო სეზონს მისი კლიენტი "ინტერში" დაიწყებს: "მილანურ გრანდს და მარტინს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია, ტრანსფერს კი წინ, პრაქტიკულად, აღარაფერი უდგას. "ბარსელონა" მზადაა, რომ მონტოიას შეელიოს და ორწლიანი იჯარით გაუშვას. მცირე ფორმალობებია მოსაგვარებელი და მერწმუნეთ, ეს არავითარ პრობლემას არ შექმნის. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მონტოია კარიერას "ინტერში" გააგრძელებს".

24 წლის მარტინ მონტოია "ბარსელონას" აღზრდილია, თუმცა მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. გასულ სეზონში, მარტინმა მხოლოდ რვა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გადაწყვიტა იმ გუნდში გადავიდეს, სადაც მეტი სათამაშო დრო ექნება.

მადრიდის "ატლეტიკოს" 30 წლის მცველი ჟოაო მირანდა მილანშია. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტის გაფორმებას წინ არაფერი უდგას. ლომბარდიულ გრანდს ბრაზილიელი მცველი 12 მილიონი ევრო დაუჯდა.

ასევე, "ინტერის" ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდმა 27 წლის ანდრეა რანოკიას ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც 4-წლიანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული