მასიმილიანო ალეგრის ორი გზა - "იუვე" უფრო შემტევი იქნება

AutoSharing Option
ოთხი წელია, რაც "იუვენტუსი" იტალიაში პირველობას არ თმობს და სერია A-ს მომდევნო გათამაშებაშიც ფავორიტი იქნება. მართალია, კონკურენტები ძლიერდებიან და სატრანსფერო ბაზარზე ფულს ხარჯავენ, მაგრამ არც "იუვეს" მესვეურები არიან გულხელდაკრეფილნი.

და მაინც, როგორი იქნება განახლებული "იუვენტუსი", რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით თამასა ძალიან მაღლა ასწია და გულშემატკივრები არანაკლებ წარმატებული სეზონის მოლოდინში არიან...

ტრანსფერები
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ "იუვენტუსმა" ორი ფორვარდი დაიმატა: მარიო მანჯუკიჩი და პაულო დიბალა. ამას დავუმატოთ სამი ხედირა ნახევარდაცვაში. ტურინული გრანდი დატოვეს კარლოს ტევესმა და ანდრეა პირლომ, რომელთაგან პირველი "ბოკა
ხუნიორსში" გააგრძელებს კარიერას, ხოლო მეორე - "ნიუ იორკ სიტიში". ისიც ვთქვათ, რომ "ვეკია სენიორამ" "ფიორენტინას" ექსგოლკიპერი ნეტო დაიმატა, მარკო სტორარიმ კი დატოვა "იუვე" და სავარაუდოდ, "კარიერას" "კალიარიში" გააგრძელებს.

კიდევ რა შეიძლება მოხდეს? - მუდმივად ვრცელდება ცნობები პოლ პოგბას და არტურო ვიდალის შესაძლო აბარგების შესახებ, მაგრამ ეს მაინც ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ტურინელებს აღარ სურთ იმ ფეხბურთელთან განშორება, რომელსაც გასული სეზონის წარმატებებში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

ერთადერთი, ვისი წასვლის ალბათობაც საკმაოდ მაღალია, ფერნანდო ლორენტე გახლავთ, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი თადარიგში გაატარა.

დიდი ალბათობით, "იუვენტუსს" წამყვანი ფეხბურთელები არ დატოვებენ და ჯერჯერობით, არც გაძლიერებაზე ვრცელდება ცნობები. არის გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ ნაკლებად საინტერესო და ყურადღების გამახვილება არ ღირს. მოკლედ, დიდი შანსია, მასიმილიანო ალეგრის იმ რესურსით მოუწიოს ფონს გასვლა, რომელიც დღეს აქვს...

ალეგრის ორი ტაქტიკა
"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, მომდევნო სეზონში მასიმილიანო ალეგრი უარს იტყვის 3-5-2 ტაქტიკაზე და ძირითადად, ორ სქემას დაეყრდნობა: 4-3-1-2-სა და 4-3-3-ს. აპენინელი ჟურნალისტების მტკიცებით, "იუვენტუსი" უფრო შემტევი იქნება, ვიდრე გასულ სეზონში იყო.

4-3-1-2 ტაქტიკის შემთხვევაში, შეტევის წინა ხაზზე სხვადასხვა ტანდემი შეგვიძლია მოვიაზროთ; მაგალითად, დიბალა-მორატა ან დიბალა-მანჯუკიჩი, ან მორატა-მანჯუკიჩი. ფორვარდთა უკან - არტურო ვიდალი, შუა ხაზში კი - კლაუდიო მარკიზიო, პოლ პოგბა და სამი ხედირა.

არ უნდა გამოგვრჩეს რობერტო პერეირა, რომელმაც გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ მომდევნო სეზონში მას კიდევ უფრო მეტი დრო მიეცემა. მოკლედ, როტაციას უნდა ველოდოთ და ხსენებულ ოთხეულს მყუდროებას სწორედ პერეირა დაურღვევს.

დაცვაში არაფერი შეიცვლება - მარჯვენა ფრთაზე შტეფან ლიხტშტაინერი, ცენტრში ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი, ხოლო მარცხნივ პატრის ევრა. თადარიგში ალეგრის ანდრეა ბარძალი ეყოლება, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია თამაშში ჩართვა და დაცვის გამაგრება.

მეორე სქემა ახალია ალეგრისთვის და კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს; 4-3-3 ტაქტიკას "იუვენტუსი" ხშირად გამოიყენებს საშინაო შეხვედრებში, სადაც ტურინელთათვის ფრე წაგების ტოლფასია.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე მარიო მანჯუკიჩს ვიხილავთ, ფლანგებიდან კი პაულო დიბალას და ალვარო მორატას. რაც შეეხება ნახევარდაცვას, იქ როტაციის მომსწრენი გავხდებით და შუა ხაზში სხვადასხვა სამეულს ვიხილავთ. ჟურნალისტები უპირატესობას კლაუდიო მარკიზიოს, პოლ პოგბას და არტურო ვიდალს ანიჭებენ, მაგრამ თავიანთი წილი დრო ხედირას და პერეირასაც მიეცემათ.

გასულ სეზონში მასიმილიანო ალეგრი არ იყენებდა 4-3-3 ტაქტიკას და ვერც გამოიყენებდა, რადგან მას არ ჰყავდა გარემარბები - მართალია, არც პაულო დიბალაა ფრანკ რიბერი და არც ალვარო მორატა არიენ რობენი, მაგრამ ფლანგზე თამაში მათ ნამდვილად შეუძლიათ და ალეგრისაც მეტი არჩევანი მიეცა.

ალეგრი: ბევრი რამ შეიცვლება
მასიმილიანო ალეგრიმ "გაძეტა დელო სპორტს" შემდეგი განუცხადა:

"როდესაც მიჯრით ოთხჯერ მოიგებ სკუდეტოს, როგორც შემადგენლობაში, ისე ტაქტიკა-სტრატეგიაში უნდა შეიტანო ცვლილებები, რომ გუნდი ადგილზე არ გაჩერდეს და მოთამაშეებს მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნათ. ამიტომ მხოლოდ დადებითად ვაფასებ იმ ცვლილებებს, რომლებიც "იუვენტუსში" ხდება.

მართალია, კარლოს ტევესის და ანდრეა პირლოს შეცვლა ურთულესი იქნება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ შევავსებთ ამ დანაკლისს. ისეთი ფეხბურთელები დავიმატეთ, რომლებიც მეტ თავისუფლებას მაძლევენ ტაქტიკის არჩევისას და გასულ სეზონთან შედარებით, ეს დიდი უპირატესობაა.

დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონში კიდევ უფრო ძლიერ "იუვენტუსს" ვიხილავთ. სხვაგვარად გაგვიჭირდება პირველობის შენარჩუნება, რადგან კონკურენტები ძლიერდებიან და ტრანსფერებში დიდ თანხებს ხარჯავენ. მაგალითად, "მილანი" და "ინტერი" ევროთასებზე ვერ გავიდნენ და მთელ კონცენტრაციას სერია A-ზე მოახდენენ. წინ გრძელი და ურთულესი სეზონი გველოდება".

P.S. წუხელ ცნობილი გახდა, რომ მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2017 წლამდე გააგრძელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული