22 წლის არგენტინელი ფორვარდის გადაბირებას არაერთი გრანდი ლამობდა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან სერია A-ს გასულ გათამაშებაში 22 გოლი შეაგდო და ლუკა ტონისთან ერთად, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიუხედავად დიდი მოთხოვნისა, ფეხბურთელმა დარჩენა გადაწყვიტა და "ინტერთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მაურომ "კორიერე დელო სპორტს" ვრცელი კომენტარი მისცა
"მოხარული ვარ, რომ "ინტერის" მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ და მაღალი კლასის ფეხბურთელები მოჰყავთ. კონდოგბია, მურილიო, მირანდა და მონტოია გუნდს ძალიან გააძლიერებენ და რაც მთავარია, ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. როდესაც "ინტერთან" კონტრაქტს ვახანგრძლივებდი, სწორედ ტრანსფერებს დამპირდნენ და სიტყვა შეასრულეს. ამ რეალობით, უკვე შეგვიძლია უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა.
"ინტერი" გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე გასულ სეზონში, ჩვენი უმთავრესი მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. ძალიან მომენატრა ტიტულებისთვის ბრძოლა და ამის დროც მალე დადგება. გასულ სეზონში, ბომბარდირი გავხდი და ეს ძალიან სასიამოვნოა - მინდა, მომდევნო სეზონშიც ვაჯობო კონკურენტებს და კიდევ ერთხელ გავხდე საუკეთესო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"