პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ სტეფან ელ შაარავი დატოვებს "მილანს" და კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს. ვრცელდება ორი ვერსია: 22 წლის თავდამსხმელი ახალ გუნდში ან იჯარით გადავა, ან პირდაპირ სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს. პირველის შემთხვევაში, საუბარია 2-წლიან არენდაზე, რომლის შემდეგაც მონტეკარლოელებს ფეხბურთელის გამოსყიდვა 16 მილიონ ევროდ შეეძლებათ და თუ ამ ზაფხულსვე გაფორმდა ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი, მაშინ "მილანი" 20 მილიონ ევროს მიიღებს.
ელ
რატომ ყიდიან მილანელები ელ შაარავის? - თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი ფინანსური ფეარ პლეი გახლავთ, რომელიც ავალდებულებს კლუბს, რომ ხარჯები და შემოსავლები დააბალანსოს. ლომბარდიელებს კიდევ ორი-სამი მაღალი კლასის ფეხბურთელის გადაბირება სურთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ვინმე გაყიდონ კიდეც 15-20 მილიონ ევროდ. ერთადერთი მილანელი ფეხბურთელი, რომელიც დღეს ასეთ თანხად შეიძლება გაიყიდოს, სწორედ ელ შაარავია.
ამასთან, თუ "გაძეტას" ვენდობით, 22 წლის შემტევი არ ჯდება სინიშა მიხაილოვიჩის ტაქტიკა-სტრატეგიაში. სერბმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ 4-3-1-2 ტაქტიკას დაეყრდნობა და მას ნაკლებად სჭირდება გარემარბები, სტეფან ელ შაარავი კი ყველაზე უკეთ სწორედ ფლანგზე გრძნობს თავს.
ერთხელ სინიშამ ისიც თქვა, რომ "პატარა ფარაონის" მარცხენა ნახევარმცველად გამოყენებას აპირებს, მაგრამ როგორც ჩანს, შემდეგ ეს აზრი თვითონაც არ მოეწონა და ფეხბურთელთან გამოთხოვება გადაწყვიტა. მოკლედ, ელ შაარავი "მონაკოს" უახლოვდება, მილანელები კი ალესიო რომანიოლის და ზლატან იბრაჰიმოვიჩს უმიზნებენ...
იბრა, რომანიოლი და კიდევ ერთი...
ბოლო ცნობებით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანს" უახლოვდება და უახლოეს დღეებში, კონტრაქტი გაფორმდება. 33 წლის შვედი ტოვებს პსჟ-ს და დიდი ალბათობით, სწორედ მილანურ გრანდში გააგრძელებს კარიერას. ითქვა ისიც, რომ ფრანგული კლუბი იბრას სანაცვლოდ 5.5 მილიონ ევროს მიიღებს. ამასთან, "როსონერი" ახლოსაა 20 წლის ალესიო რომანიოლის გადაბირებასთან, რომელსაც "რომა" 25 მილიონ ევროდ აფასებს. შეთანხმებას წინ აღარაფერი უდგას და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ფორმალობები ამ კვირის ბოლომდე მოგვარდება.
თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მილანელები კიდევ ერთ ნახევარმცველს გადაიბირებენ და ამით დასრულდება კიდეც მათი სატრანსფერო კამპანია. განიხილება ორი ვარიანტი: აქსელ ვიტსელი და ილქაი გიუნდოგანი. ორივეს სატრანსფერო ფასი 25-დან 30 მილიონ ევრომდე მერყეობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"