გიოტცე ვიდალის სანაცვლოდ? დიდი სატრანსფერო ციებ-ცხელება "იუვენტუსში"

AutoSharing Option
დიდი სატრანსფერო ციებ-ცხელებაა "იუვენტუსში", რომელმაც შესაძლოა, ანდრეა პირლოსა და კარლოს ტევესის შემდეგ კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი დაკარგოს.

თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ არტურო ვიდალი კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს.

ითქვა ისიც, რომ ტურინული გრანდი 28 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებს.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ვიდალის აგენტი მიუნხენშია ჩასული, რათა "ბაიერნის" მესვეურებთან ხელშეკრულების დეტალები შეათანხმოს. დაუდასტურებელი ცნობებით, არტურო გერმანულ კლუბში წლიურად 6.5 მილიონ ევროს მიიღებს.

"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, ტურინელები ცდილობენ, რომ ვი
დალის ტრანსფერით მაქსიმალურად იხეირონ და ფულის გარდა, მარიო გიოტცეც მიიღონ. იტალიელთა სურვილია, რომ "იუვეში" მარიო გადაბარგდეს და ასეთ შემთხვევაში, მათთვის მიუნხენელებისგან 10 მილიონი ევროც საკმარისი იქნება.

ამ თემაზე გერმანელთა პოზიცია ჯერ უცნობია, თუმცა საფეხბურთო ექსპერტები და ჟურნალისტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი. მართალია, ვიდალს კარგი სეზონი ჰქონდა და "იუვეს" წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ სახელი არც გიოტცეს აკლია, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და მუნდიალის ფინალში გამარჯვების გოლი აქვს გატანილი. ამასთან, მარიო არტუროზე ხუთი წლით უმცროსია.

მოკლედ, ტურინელებმა ნამეტანი სათავისოდ შეატრიალეს მიუნხენელებთან მიმდინარე მოლაპარაკებები, მაგრამ ვინ იცის, იქნებ მიაღწიონ კიდეც მიზანს.

ალეგრი გარემარბს ეძებს
მასიმილიანო ალეგრიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში აქტიურად გამოიყენებს 4-3-3 ტაქტიკას და შესაბამისად, აქცენტს ფლანგებზე გააკეთებს. გარემარბებად მოიაზრებიან ალვარო მორატა და პაულო დიბალა - ნომინალურად ორივე კლასიკური თავდამსხმელია და ამიტომ ალეგრიმ, მინიმუმ, ერთი გარემარბის დამატება განიზრახა.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "იუვეტუსის" მწვრთნელს ძალიან უნდა ხუან კუადრადოს გადაბირება, რომელიც "ჩელსის" ვერაფრით მოერგო და არც თავად არის წინააღმდეგი, რომ იტალიაში დაბრუნდეს.

27 წლის კოლუმბიელის გადაბირებას "ინტერიც" ცდილობს, თუმცა მილანელებს "იუვეს" სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რას სთავაზობენ ტურინელები როგორც თავად ფეხბურთელს, ისე ლონდონურ კლუბს, თუმცა ალეგრიმ არ უარყო, რომ კუადრადოს სიამოვნებით იხილავდა შავ-თეთრი მაისურით.

იტალიურ სპორტულ პრესაში ისიც დაიწერა, რომ თუ "იუვენტუსის" მესვეურებს კუადრადოს მიმართულებით ხელი მოეცარათ, ალტერნატიულ ვარიანტად ალექს სანდრო განიხილება. 24 წლის ბრაზილიელი გარემარბი "პორტუს" ღირსებას იცავს, მისი საბაზრო ღირებულება კი 25 მილიონი ევროა.

პორტუგალიელები ფასის დაკლებას არ აპირებენ, არადა, სანდროს ხელშეკრულება ერთ წელიწადში უმთავრდება და რადგან მის გახანგრძლივებას არ აპირებს, მომდევნო ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება.

რამდენად ღირს 25 მილიონის გადახდა ფეხბურთელში, რომელიც შეგიძლია მომდევნო ზაფხულს უფასოდ დაიმატო? - ეს კითხვა ტურინელებსაც აწუხებთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა შუაშია ვიდალთან გიოცე ვერ ვხვდები ვერ არის ალეგრი
gobe
13:54 17-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული