"რომა": გლადიატორებო, წინ! - რომი, იმპერატორი და დასაწყისის ჩემპიონი

AutoSharing Option
მარადიულ ქალაქს ორი მთავარი გუნდი ჰყავს. როცა დერბია, ძმა ძმას არ ინდობს, დედა - შვილს, მეგობარი - მეგობარს. "ლაციოს" ჯერი აუცილებლად მოვა. დღეს "რომაზე" უნდა დავწეროთ - უბრალო რომაელებისა და ბევრი არარომაელის საყვარელ გუნდზე.

სტაბილურობა წარმატების გარანტიაა
"მარად მეორე" - ეს თიკუნი ბოლო წლების "რომას" ასპარეზობას ლაიტმოტივად გასდევს. მართლაც, "იუვენტუსის" შემდეგ იტალიურ "კალჩოში" სწორედ "რომაა". კარსმომდგარ სეზონში კი გუნდს ერთადერთი მიზანი აქვს - იტალიის ჩემპიონობა!

საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლო დიდმა "რომამ" ეს შეძლო. ის გუნდი ყველას მშვენივრად გვახსოვს
შესანიშნავი შემსრულებლებითა და დიდებული მწვრთნელით. რომი მოლოდინით დაიღალა, "რომას" ქომაგებს ჩემპიონობა სწყურიათ.

პირველი და მთავარი ნაბიჯი, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ ზაფხულში, სეზონთაშორის პერიოდში გადადგა, ისაა, რომ გუნდმა შეინარჩუნა აბსოლუტურად ყველა ლიდერი, რამდენიმე მათგანმა კი გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

სტაბილურობა წარმატების გარანტიაა - როგორც ჩანს, დედაქალაქელთა ხელმძღვანელობამ კარგად იცის ეს ძველი და მრავალნაცადი სიბრძნე. ახლა "რომას" ისღა დარჩენია, "წერტილოვან სელექციას" მიმართოს და კიდევ უფრო გააძლიეროს ისედაც კარგი შემადგენლობა.

სხვა შემთხვევაში "იუვენტუსთან" ტოლ-სწორად ჭიდილი ერთობ გაჭირდება. ყველამ ვიცით, რომ ტურინელებს შემადგენლობის სიღრმე არ დაეწუნებათ. მეტიც - ერთ ადგილზე ორი თანაბარი ძალის ფეხბურთელიც კი მოდის. ნუ, თუ თანაბარი არა, თითქმის თანაბარი.

რუდის პლუს-მინუსები
"რომას" ფრანგ დამრიგებელს, რუდი გარსიას კვალიფიკაცია არ დაეწუნება. მან ეს ჯერ "ლილში" მუშაობის დროს დაამტკიცა და მერე "რომაშიც" გვიჩვენა, რომ შეუძლია თავისი იდეების ფეხბურთელებამდე მიტანა.

გარსიას ისეთი ფეხბურთი უყვარს, თვალსა და გულს რომ ახარებს - შემტევი, ბურთის კონტროლსა და ზუსტ პასზე დაფუძნებული. მისი "რომა" სწორედ ასეთია. გარსია კარგი მწვრთნელია, თუმცა მას აქვს ნაკლი, რომელიც უსათუოდ უნდა გამოასწოროს. იტალიურ ფეხბურთში კარგად ჩახედულმა გულშემატკივრებმა კარგად იციან, რა არის ეს ნაკლი. სულ ასე ხდება - გარსიას გაწვრთნილი "რომა" დიდებულად იწყებს სეზონს, რაღაც მომენტში კი სტაბილურობას კარგავს და საჩემპიონო რბოლასაც ეთიშება.

სხვათა შორის, ასე იყო ფრანგულ "ლილშიც". გარსიას "დასაწყისის ჩემპიონიც" კი შეარქვეს. ბოლოს და ბოლოს, ამ ჭკვიანმა სპეციალისტმა ეს ნაკლი უნდა დაძლიოს. "რომამ" უნდა ისწავლოს მთელ სეზონზე ძალების გადანაწილება.

ერთიც - იყო ხოლმე შემთხვევები, როცა დედაქალაქელები ძლიერ მეტოქეს დაამარცხებდნენ, სუსტთან კი ვეღარ თამაშობდნენ ისე, როგორც მათ ეკადრებოდათ.

ბევრ სხვა რამესთან ერთად, "იუვენტუსი" ამაშიც ძლიერია. ის მანქანაა - ზემძლავრი და ყოველთვის მოტივირებული. თუ "რომას" უნდა, რომ "ბებერ ქალბატონს" გაასწროს, ის ასეთივე უნდა იყოს.

ორი ფრონტისათვის საჭირო ტყვია-წამალი
ნუ დაგვავიწყდება, რომ მომავალ სეზონში "რომას" ერთბაშად ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა. რა თქმა უნდა, იტალიის ჩემპიონატთან ერთად ვგულისხმობთ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას.

"რომას" ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის მოგებას არავინ სთხოვს, მაგრამ გუნდის წინაშე მაინც დგას ამოცანა - "გლადიატორებმა", სულ მცირე, ჯგუფიდან უნდა გააღწიონ, რაც გასულ სეზონში ვერ მოახერხეს. არადა, მოსკოველ არმიელებთან ორივე შეხვედრა რომ მოეგოთ, ამას ნამდვილად შეძლებდნენ...

ჩემპიონთა ლიგაზე განცდილ მარცხს ერთი კონკრეტული მიზეზი ჰქონდა - რუდი გარსიას გუნდი წილისყრამ არ დაინდო და მართლაც ურთულეს ჯგუფში მოახვედრა. ისტორია ხშირად მეორდება, მაგრამ არ გვგონია, წლეულსაც ასე მოხდეს.

მოკლედ, გარსიას გუნდს სჭირდება იმ რაოდენობის "ტყვია-წამალი" (რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს ვგულისხმობთ), რომ ორივე ფრონტზე წარმატებით ითამაშოს.

შემადგენლობა კარგია, მაგრამ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატება დედაქალაქელებს არ აწყენთ. განსაკუთრებით უჭირს "რომას" თავდასხმის ხაზში. ის კი არა, გუნდის მთავარ მწვრთნელს... საერთოდ არ ჰყავს კლასიკური ცენტრფორვარდი.

კარგი იქნება, თუ "რომა" ბოსნიელ ედინ ჯეკოს შეიძენს. ეს ტრანსფერი ამ რამდენიმე დღის წინ თითქოს, გადაწყვეტილიც კი გახლდათ, თუმცა ბოსნიელისათვის ბრძოლაში ფინანსურად უფრო მძლავრი "არსენალი" ჩაერთო და ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ედინი ის ფეხბურთელია, რომელიც "რომას" ასე ძალიან სჭირდება.

იმპერატორი
ის ტრიბუნებთან მიდის და იღებს "სელფის". ოლიმპიური სტადიონი, როგორც ერთი, ფეხზე დგება და ტაშს უკრავს რომაული დერბის გმირს. ის "რომას" ლეგენდაა (რა პატარა და უმნიშვნელოა ამ დროს სხვაგან ასე ტევადი სიტყვა - ლიდერი). ის ლეგენდაა, მას "იმპერატორი" უწოდეს განუმეორებელი ფეხბურთისა და არნახული ქარიზმის გამო.

ვინც ფეხბურთს სათოფეზე ეკარება, იცის, რომ მას ფრანჩესკო ტოტი ჰქვია. ტოტი მორიგ სეზონს იწყებს "რომასთან" ერთად და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს ულამაზესი ისტორია, ასე გაიშვიათებული ამბავი საფეხბურთო ერთგულებისა, არასოდეს დასრულდეს.

ტოტი ითამაშებს ხან ბევრს და ხან ცოტას. როცა მოუნდება, სულაც არ ითამაშებს, მაგრამ სანამ ის "რომაშია", გუნდს რაღაც მაგიური სიძლიერე აქვს. "იმპერატორს" დღესაც შეუძლია, მარტომ მოიგოს თამაშები.

მტერზე მაღლა
ეს ამბავი გასული სეზონის ბოლოსკენ ერთი ხანობა ეჭვქვეშ კი დადგა, მაგრამ ბოლოს მაინც ისე დასრულდა, როგორც "რომას" ქომაგ რომაელებს გაეხარდებოდათ. "რომამ" "ლაციოს" გაასწრო და რომ არ გაესწრო, ალბათ, ფრანგ გარსიას გილიოტინა არ ასცდებოდა.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მომავალ სეზონში "ლაციო" უფრო ძლიერი გუნდი იქნება, ვიდრე ერთი წლის წინ და ეს გარემოება დამატებით ხიბლს შესძენს ამ ორი დაუძინებელი მტრის რკენას.

ქომაგები
"რომას" გულშემატკივარი იტალიაში საყოველთაოდაა ცნობილი. მათ იციან გუნდის მხარდაჭერა და ამავე დროს, ძალიან მომთხოვნებიც არიან. ცოტა ხნის წინათ, როცა სეზონის ენდშპილისკენ გარსიას გუნდმა შედეგი გააუარესა, რამდენიმე დაჯგუფება მწვრთნელს შემოსწყრა.

გვახსოვს სეიდუ დუმბიასთან დაკავშირებული ინციდენტიც. მისი თამაშით უკმაყოფილო ფანობამ ცსკა-ს ყოფილი შემტევის მიმართ რასისტული შეძახილები არ დაიშურა და გუნდში ახალმისული კოტდივუარელი კინაღამ უკან, რუსეთში გაიქცა.

მიზანი
მომავალ სეზონში გუნდს მიზნად იტალიის ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ბარიერის გადალახვა უნდა ჰქონდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული