მართალია, საპასუხო მატჩი წინაა, მაგრამ აღარავის სჯერა, რომ იტალიური კლუბი მომდევნო ეტაპზე გასვლას და მერე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას შეძლებს.
გასულ სეზონში, ევროარენაზე იტალიური გუნდების შედარებითი უკეთესი ასპარეზობის ფონზე, "სამპდორიას" ასეთი მარცხი აპენინებზე მტკივნეულად მიიღეს - მით უმეტეს, ამ დუელში "სამპდორია" უდავო ფავორიტად ითვლებოდა.
თუ რამ განაპირობა გენუელთა ასეთი ფიასკო, ამას თვით გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალტერ ძენგა ვერ ხსნის, რომელიც მატჩის შემდეგ ბოდიშით შემოიფარგლა. ამასთან,
"არ ვიცი, რა დაგვემართა და რატომ ვიწვნიეთ ასეთი მარცხი. ახალი სეზონისთვის გეგმის მიხედვით ვემზადებოდით და ყველაფერი რიგზე იყო, ასე შერცხვენას კი არავინ ელოდა. ფეხბურთელებთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა და ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი რამ არასდროს უნდა განმეორდეს. მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც ძალიან გაბრაზებულნი არიან და მათი კარგად მესმის".
"ვოივოდინასთან" მარცხით გაოგნებული იყო "სამპდორიის" პრეზიდენტი მასიმო ფერერო:
"დღემდე შოკურ მდგომარეობაში ვარ და ვერაფრით ვხსნი იმას, რაც მოხდა. იმედი მაქვს, რომ მწვრთნელები და ფეხბურთელები სწორ დასკვნებს გამოიტანენ. არ შეიძლება, რომ მთელი შარშანდელი ნაწვალები ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაყარო, მაგრამ რას ვიზამთ, დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. ველოდები რეაგირებას გუნდისგან, რათა მე ისევ მჯეროდეს, რომ ჩვენ დიდი მიზნების მიღწევა შეგვიძლია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"