ვალტერ ძენგამ იმდენი მოახერხა, რომ შესაძლოა, "სამპდორიის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯერ კიდევ სერია A-ს სტარტამდე გაათავისუფლონ. შეგახსენებთ, რომ გენუურმა გუნდმა ევროპალიგის საკვალკიფიკაციო ეტაპზე სერბულ "ვოივოდინასთან" სასტიკი მარცხი იწვნია და მომდევნო ეტაპზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა. "სამპდორიამ" საკუთარ კედლებში ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა, რასაც არავინ ელოდა.
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, "სამპდორიის" მესვეურებმა ვალტერ ძენგას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღონ და მის ნაცვლად, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვინჩენცო მონტელა დანიშნონ.
შეგახსენებთ, რომ მონტელა ბოლოს "ფიორენტინას" წვრთნიდა, "სამპდორიასთან" კი საფეხბურთო კარიერა
აკავშირებს - გენუურ გუნდში ვინჩენცოს მთელი 4 წელი აქვს გატარებული, 96 მატჩი გამართული და 58 გოლი გატანილი. მონტელას გარდა, "სამპას" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატებად ჩეზარე პრანდელი და რობერტო დონადონი სახელდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"