სერია A. II ტურის წინ: ფავორიტების ომი "ოლიმპიკოზე"

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მეორე ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება, სადაც "რომა" "იუვენტუსს" უმასპინძლებს. დიახ, სკუდეტოს მოპოვების ორი უმთავრესი პრეტრენდენტი ჩემპიონატის სტარტზევე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

პირველი სამი ქულისთვის
"რომა" და "იუვენტუსი" ისე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რომ ჯერ პირველი სამი ქულა არ აქვთ მოპოვებული. სასტარტო ტურში დედაქალაქელებმა ორი ქულა დაკარგეს, ტურინელებმა სულაც მარცხი იწვნიეს და გულშემატკივართა წინაშე, ორივე გუნდს სარეაბილიტაციოდ აქვს საქმე.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, რუდი გარსია ნაცად 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და შეტევაში ახალწევეულებს გაამწესებს - ფლანგებიდან მოჰამედ სალაჰი და იაგო ფალკე
იმოქმედებენ, ხოლო ცენტრფორვარდის პოზიციაზე ედინ ჯეკო გაირჯება. შუა ხაზში წესით, მირალემ პიანიჩი, რაჯა ნაინგოლანი და სეიდუ კეიტა უნდა ვიხილოთ.

კვლავ თადარიგში მოიაზრებიან ძირძველი რომაელები, დანიელე დე როსი და ფრანჩესკო ტოტი, რომლებსაც ბოლო დროს ნაკლებად სწყალობს. "რომას" შემადგენლობაში დებიუტი ექნება ლუკ დინს და ის მარცხენა მცველის პოზიციაზე გაირჯება. აქვე ვთქვათ, რომ 22 წლის ფრანგი "ჯალოროსიში" იჯარით გადაბარგდა და ეს ხელშეკრულება იტალიელებს 2,5 მილიონი ევრო დაუჯდებათ. დინი "რომაში" 3-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რომელიც გასულ სეზონში ეშლი კოულს ეწერა ზურგზე.

"იუვენტუსი" 3-5-2 ტაქტიკით იასპარეზებს და თუ "გაძეტას" დავუჯერებთ, შეტევაში პაულო დიბალას და გამოჯანმრთელებულ ალვარო მორატას ვიხილავთ. თადარიგში დარჩებიან მარიო მანჯუკიჩი, კინგსლი კომანი და სიმონე ძაძა. თადარიგში იქნება ალექს სანდროც, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გადავიდა "პორტუდან" ტურინულ გრანდში.

"იუვეს" შუა ხაზში აქვს პრობლემები, რადგან სამი ხედირა, კლაუდიო მარკიზიო და კვადვო ასამოა ტრავმირებულნი არიან - შედეგად, ნახევარდაცვაში შემდეგ ხუთეულს ვიხილავთ: შტეფან ლიხტშტაინერი, სტეფანო სტურარო, პოლ პოგბა, სიმონე პადოინი, პატრის ევრა. აქვე აღვნიშნოთ, რომ "იუვენტუსი" ფერნანდო ლორენტემ დატოვა და "სევილიაში" გადაბარგდა.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც "რომა"-"იუვენტუსის" ჯახი სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესოა - უფრო მნიშვნელოვანია იმის დანახვა თუ, როგორ შეხვდნენ გუნდები სეზონის სტარტს და რას უნდა ველოდოთ მათგან სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში. როგორ შეეწყვნენ გუნდს ახალწვეულები - რომაელთაგან ედინ ჯეკო, მოჰამედ სალაჰი, იაგო ფალკე; ტურინელთაგან კი პაულო დიბალა, მარიო მანჯუკიჩი, სიმონე ძაძა, ალექს სანდრო და სხვები. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, "ოლიმპიკოზე" დაგეგმილი მატჩი კოლოსალურ ინტერესს იწვევს და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდით ამ მართლაც საინტერესო პაექრობას, იქამდე კი მწვრთნელთა მოკლე კომენტარებს გავეცნოთ...

რუდი გარსია (რომა): "სიმართლე გითხრათ, "იუვენტუსთან" დაპირისპირება მოგვიანებით მსურდა, მაგრამ კალენდარს ვერ შევცვლით და უნდა მივიღოთ ის რეალობა, რაც გვაქვს. პირველ ტურში, დასანანი ქულები დავკარგეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გულშემატკივართა თვალწინ რეაბილიტაცია მოვახდინოთ. "იუვე" რომ უძლიერესი გუნდია, ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ჩვენც გვაქვს კოზირები და მათ გამოყენებას ვაპირებთ, ახალწვეულებს თუ ვიხილავთ ძირითად შემადგდენლობაში? - ახალი ფეხბურთელები იმიტომ მოვიდნენ გუნდში, რომ ითამაშონ".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ბევრმა გადაწყვიტა, რომ "იუვენტუსის" ჰეგემონიის დასასრულის დასაწყისია, მაგრამ ჩვენ საპირისპირო უნდა დავამტკიცოთ. ვფიქრობ, არანაკლებ ძლიერი გუნდი გვყავს, ვიდრე გასულ სეზონში და ამას ყველა დაინახავთ, რომში თამაში იოლი არასდროს ყოფილა და არც ამჯერად იქნება - მეტოქე პირველივე წუთებიდან შემოგვიტევს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამასთან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველ ნომრად ვითამაშოთ და სასურველი შედეგი მივიღოთ".

სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-3): შჩესნი - მაიკონი, მანოლასი, კასტანი, დინი - პიანიჩი, კეიტა, ნაინგოლანი - სალაჰი, ჯერკო, იაგო
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, სტურარო, პადოინი, პოგბა, ევრა - დიბალა, მორატა

სრული კონცენტრაცია
"მილანი" "ემპოლის" უმასპინძლებს და აშკარა ფავორიტად ითვლება. მით უფრო, რომ ლომბარდიელებმა პირველ ტურში მწარე მარცხი იწვნიეს და უნდა დაგვანახონ, რომ მიმდინარე სეზონისთვის გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ითამაშებენ, ვიდრე გასულ ჩემპიონატში აჩვენეს. შეტევაში კარლოს ბაკას და ლუის ადრიანოს ტანდემს ვიხილავთ, მათ უკან კი კეისუკე ჰონდა იასპარეზებს. სათადარიგოთა სკამზე იქნება მარიო ბალოტელი და შესაძლოა, "მილანში" მისი ხელახალი დებიუტი ვიხილოთ. დიახ, ბალოტელი ლომბარდიაში დაბრუნდა და იჯარით კვლავაც "როსონერიში" იასპარეზებს.

"ინტერი" პირველ ტურში განადგურებულ "კარპის" ესტუმრება და შეეცდება, რომ მიჯრით მეორე მატჩი მოიგოს. შეტევაში სავარაუდოდ, სტევან იოვეტიჩს და როდრიგო პალასიოს ვიხილავთ, მაურო იკარდის კი ტრავმა აქვს და განაცხადშიც არ იქნება. რობერტო მანჩინის თქმით, მის გუნდს რთული მატჩი ელოდება და მეტოქის შეუფასებლობა არაფრით არ შეიძლება. "ინტერის" მესაჭემ შეგირდებს სრული კონცენტრაციისკენ მოუწოდა.

სხვა მატჩები
ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება ნეაპოლში, სადაც "ნაპოლი" "სამპდორიას" უმასპინძლებს. ორივე გუნდი ევროსაგზურისთვის იბრძვის და წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. გენუელებმა პირველ ტურში დიდი ანგარიშით მოიგეს, ნეაპოლერლებს ხელი მოეცარათ და ვნახოთ, რით დასრულდება მათი დაპირისპირება.

არანაკლებ საინტერესო ჯახია ტურინში, სადაც "ტორინო" "ფიორენტინას" შეასკდება. ჩემპიონატი ორივე გუნდმა მოგებით დაიწყო, განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამარჯვება კი ფლორენციელებმა მოიპოვეს. ტურინელებს შეტევაში ფაბიო კვალიარელა და მაქსი ლოპესი ეყოლებათ, ფლორენციელებს კი იოსიპ ილიჩიჩი, ფედერიკო ბერნარდესკი და ნიკოლა კალინიჩი. ტურინის ოლიმპიურ სტადიონზე ისეთი მატჩი შედგება, რომელიც პროგნოზს არ ექვემდებარება.

სერია A. II ტური

შაბათი. 29 აგვისტო
ბოლონია-სასუოლო 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ძუკულინი, გასტალდელო, რიცო - ანტეი, ბერარდი
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=1-1, (3-3)

მილანი-ემპოლი 23:45
დისკვალიფიკაცია: ელი (მილანი)
ტრავმა: მენეზი, ნიანგი, მექსე - ლაურინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +9=5-2, (27-11)

კვირა. 30 აგვისტო
რომა-იუვენტუსი 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სტროტმანი, რუდიგერი - ხედირა, მარკიზიო, ასამოა
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +11=15-21, (50-73)

ატალანტა-ფროზინონე 23:45
დისკვალიფიკაცია: კარმონა (ატალანტა)
ტრავმა: ჩიგარინი (ატალანტა)
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=1-0, (1-0)

კარპი-ინტერი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლელო. ლაზანია - დოდო, ვიდიჩი, ბიაბიანი, იკარდი
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (2-4)

კიევო-ლაციო 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ისკო, რადოვანოვიჩი - მარკეტი, კლოზე, ბილია
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +5=11-10, (23-31)

ჯენოა-ვერონა 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პერინი, ტამბე, ფიგუეირასი, მუნიოსი, პეროტი - ელანდერი, ფარესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +5=7-5, (29-29)

ნაპოლი-სამპდორია 23:45
დისკვალიფიკაცია: ივანი (სამპდორია)
ტრავმა: ანდუხარი - დე სილვესტრი, კრსტიჩიჩი, კორეა, მესბა, კასანო
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +15=8-7, (45-32)

ტორინო-ფიორენტინა 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფარნერუდი. ობი - ბაკიჩი, ხოაკინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +4=9-11, (21-38)

უდინეზე-პალერმო 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბადუ, გილიერმე - ბოლცონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +9=7-6, (35-25)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული