სერია A. მომავლის ვარსკვლავები: ვინ არიან ახალი ბუფონი, გატუზო და რონალდო

AutoSharing Option
ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ იტალიის ჩემპიონატი ვარსკვლავებით მდიდარი აღარ არის. ეს, დიდწილად, ასეცაა, თუმცა ვარსკვლავს დრო ქმნის და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში აუცილებლად გამოჩნდებიან მაღალი დონის შემსრულებლები.

ვისგან უნდა ველოდოთ "აფეთქებას" მიმდინარე სეზონში აპენინებზე? ჩვენი წერილი სწორედ პოტენციურ ვარსკვლავებს ეხებათ.

მარკო სპორტიელო, ატალანტა, მეკარე, 23 წლის
იტალიის ჩემპიონატი ყოველთვის მდიდარი იყო უმაღლესი კლასის მეკარეებით. ახლა საქმე ცოტა სხვანაირადაა. გამოჩნდება ნიჭიერი გოლკიპერი და მას წამსვე "ახალ ბუფონს" დაარქმევენ ხოლმე. გადის ცოტა დრო და ფსევდობუფონის დიდებიდან არაფერი რჩება.

ჯერ
კიდევ სულ ცოტა ხნის წინ მთელი იტალია მატეა პირინის შესანიშნავ თამაშზე საუბრობდა. მანამდე იყო ნიკოლა ლეალი. ახლა კი მარკო სპორტიელოს ჯერია. რომ არა მისი ფენომენალური "სეივები", "ატალანტა" უკვე წინა სეზონში დატოვებდა უძლიერესთა რიგებს. კიდევ ერთი ასეთი სეზონი და ის ჯიჯი ბუფონთან ერთად ერთ გუნდში ითამაშებს.

დავიდე ძაპაკოსტა, ტორინო, მცველი, 23 წლის
ადამიანი, რომელსაც ურთულესი მისია აკისრია. მან "ტორინოში" უნდა შეცვალოს მატეო დარმიანი. დარმიანი ტოპ-შემსრულებლად ჩამოყალიბდა და ნისლიანი ალბიონის დასაპყრობად გაემგზავრა.

ძაპაკოსტას შეუძლია მთელი ფრთის კონტროლი და ის დიდებულად გამოიყურება შეტევაში. ფეხბურთელის განვითარებას ხელს უწყობს "ტორინო", სადაც ახალგაზრდა მოთამაშეებისათვის იდეალური პირობებია შექმნილი.

ძაპაკოსტას პროგრესი მისი კარიერიდანაც შესანიშნავად ჩანს. ორი წლის წინ ის "აველინოში" თამაშობდა. ახლახან დატოვა "ატალანტა". ცნობილია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს აქტიურად აკვირდებიან "მილანისა" და "ინტერის" სკაუტები.

ფილიპ ჰელანდერი, ვერონა, მცველი, 22 წლის
შვედური ფეხბურთის "ოქროს თაობის" ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დაიტაცეს. ოსკარ ჰილემარკმა "პალერმოსთან" გააფორმა კონტრაქტი, სიმონ გუსტაფსონი "ფეიენოორდის" ღირსებას დაიცავს. იონ გუიდეტი "სელტას" წამყვანი ფორვარდია...

ჰელანდერმა, რომელიც ამ ნაკრების დაცვის ბურჯი იყო, "ვერონაში" გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. მან გასულ სეზონში "მალმიოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა და დიდი გამოცდილებაც დააგროვა.

შვედის ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ძალიან ხშირად რისკავს, თუნდაც საჯარიმო მოედნის მისადგომებთან. ამის გამო მისი გუნდი რამდენჯერმე დაისაჯა, თუმცა სკანდინავიელი კვლავ განაგრძობს ავანტიურული ფეხბურთის თამაშს.

ალი ადნანი, უდინეზე, მცველი, 22 წლის
იტალიურ ლიგაში პირველი ერაყელი ფეხბურთელია. მას ვერაფრით შეაშინებ - იზრდებოდა მაშინ, როცა მისი მშობლიური ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული. სხვათა შორის, მან ერაყში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებშიც მიიღო მონაწილეობა.

16 წლისამ დაიწყო პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა. თამაშობდა "ბაღდადის" რიგებში. ერაყის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ბევრს მიაღწია. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში თურქული "რიზესპორის" ლიდერი გახლდათ.

90 წუთის განმავლობაში შეუძლია მთელი მარცხენა ფლანგის კონტროლი. შესანიშნავად ჩაატარა "იუვენტუსთან" შეხვედრა.

სტეფანო სტურარო, იუვენტუსი, ნახევარმცველი, 22 წლის
ბოლო სეზონში სტურარომ მართლაც რომ გიგანტური ნახტომი განახორციელა. ჯერ იყო კარგი ნახევარი წელი "ჯენოაში", მერე კი "იუვენტუსი" და ეპიკური "ქამბექი" მადრიდის"რეალთან" შეხვედრაში.

არტურო ვიდალისა და ანდრეა პირლოს წასვლამ "იუვენტუსის" ნახევარდაცვაში დიდი ნაპრალები გააჩინა. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ისინი უნდა ამოავსოს, სწორედ სტურაროა. ახალგაზრდა იტალიელს მინდორზე ნებისმიერი დავალების შესრულება შეუძლია. შემთხვევით როდი უწოდეს მას "ახალი გატუზო".

დარკო ლაზოვიჩი, ჯენოა, ნახევარმცველი, 24 წლის
მოძრავ და მუშა "ვინგერს" "ცრვენა ზვეზდადან" სერბეთი ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ უნდა დაეტოვებინა. მისი გადაბირება რუსულ და ფრანგულ გუნდებს სურდათ. გასულ სეზონში ლაზოვიჩი სერბული გრანდის ერთ-ერთი ლიდერი იყო - 10 გოლი გაიტანა.

ახლა ის "ჯენოაშია". გენუელებმა ტრადიციას არ უღალატეს და სეზონთაშორის პერიოდში ნახევარი შემადგენლობა შეცვალეს. ლაზოვიჩმა უნდა შეცვალოს მბაიე ნიანგი, რომელიც "მილანს" დაუბრუნდა.

თუ ტრავმებმა ხელი არ შეუშალა, სერბს თავისუფლად შეუძლია, გახდეს "ჯენოას" შეტევების ახალი ლიდერი.

ფედერიკო ბერნარდესკი, ფიორენტინა, თავდამსხმელი, 21 წლის
"ფიორენტინას" საფეხბურთო აკადემიის ბრილიანტი. მას შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია გარჯა. სხვათა შორის, ის კარარეში დაიბადა - იქ, სადაც ჯიჯი ბუფონი. მას იტალიაში თვით კრიშტიანო რონალდოს ადარებენ და ეს ხდება ფეხბურთელის განსაკუთრებული ტექნიკის გამო.

აქამდე ბერნარდესკის "ფიორენტინაში" არ ჰქონდა საკმარისი სათამაშო დრო, ახლა კი საქმე სხვანაირად არის. "მილანთან" გამართულმა მატჩმა ნათლად გვიჩვენა, რომ მას შეუძლია, "იების" ლიდერად ჩამოყალიბდეს.

ანდრეა ბელოტი, პალერმო, თავდამსხმელი, 21 წლის
გასულ სეზონში მთელი სიცილია არგენტინული დუეტის (დიბალა - ვასკესი) თამაშით იღებდა სიამოვნებას. ახლა "რენცო ბარბერაზე" მთავარი ვარსკვლავი ანდრეა ბელოტი იქნება. მას მეტსახელად "მამლაყინწა" ჰქვია.

თამაშის სტილით ბელოტის პიერლუიჯი კაზირაგის ადარებენ. ფაქტია - მას "პალერმოს" ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს. თუ თავს გამოიჩენს, შორს არც ტოპ-კლუბში თამაშის პერსპექტივა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ბატონო ალეკო, ცნობისთვის, მართალია, თქვენ ანდრეა ბელოტის პალერმოს ძირითად შემადგენლობაში დაუჯავშნეთ ადგილი ამ სეზონში, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა - ბელოტი პალერმომ დაახლოებით იმავე დროს გაუშვა ტორინოში, როცა დიბალა გაუშვა იუვეში, ასე რომ სტატიის მომზადების დროს იქნებ კონკრეტულ ფეხბურთელზე ვიკიპადიაში მაინც შეავლოთ თვალი ინფორმაციას :) ამ საიტზე ასეთი შეცდომები საკმაოდ ბევრია და თუ მიაქცევთ ყურადღებას, არ იქნება ურიგო (რა თქმა უნდა მხოლოდ ამ სტატიის ავტორი არ იგულისხმება)
shaqman
14:12 02-09-2015
0

სიახლეები პოპულარული