3 სექტემბერს "სკუადრა აძურა" ფლორენციაში მალტას უმასპინძლებს, ხოლო 6 სექტემბერს პალერმოში ბულგარეთს. ერთ-ერთ წინა ნომერში კონტეს გამოძახებული შემადგენლობა გაგაცანით, თუმცა მას შემდეგ მცირე ცვლილებები მოხდა და ამიტომ კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი განაცხადს, შემდეგ კი განვავრცოთ თემა.
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), დანიელე პადელი (ტორინო), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი)
მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (სასუოლო), ანდრეა ბარძალი (იუვენტუსი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), დომენიკო კრიშიტო (ზენიტი, რუსეთი),
ნახევარმცველები: ანდრეა ბერტოლაჩი (მილანი), დანიელე დე როსი (რომა), ალესანდრო ფლორენცი (რომა), მარკო პაროლო (ლაციო), ანდრეა პირლო (ნიუ იორკ სიტი, აშშ), რობერტო სორიანო (სამპდორია), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ფრანკო ვასკესი (პალერმო)
თავდამსხმელები: ანტონიო კანდრევა (ლაციო), მარტინს ედერი (სამპდორია), სტეფან ელ შაარავი (მონაკო, საფრანგეთი), მანოლო გაბიადინი (ნაპოლი), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ჩირო იმობილე (სევილია, ესპანეთი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი, ინგლისი), სიმონე ძაძა (იუვენტუსი)
მეკარეები
ჯანლუიჯი ბუფონი ხელშეუხებელია და მისი ასაკის მიუხედავად, ის, ალბათ, კიდევ დიდხანს დარჩება ნომერ პირველ მეკარედ. როგორც ჯიჯი აცხადებს, მას არა მარტო ევროპის ჩემპიონატზე, არამედ 2018 წლის მუნდიალზეც სურს ასპარეზობა.
საგულისხმოა, რომ იმ დროისთვის ბუფონი 40 წლის იქნება და თუ მართლა გაემგზავრა რუსეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე, აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება, რადგან მას 6 მუნდიალზე ექნება ნათამაშები. ამ დროისთვის ბუფონს, ლოთარ მათეუსს და ანტონიო კარვახალს 5-5 მსოფლიო ჩემპიონატზე აქვთ ნათამაშები და ბუფონს შანსი აქვს, რომ ორივეს გადაასწროს. მოკლედ, ბუფონი ნომერ პირველია, აი, მეორე მეკარის სტატუსისთვის კი დიდი კონკურენციაა...
აქამდე სალვატორე სირიგუ ითვლებოდა ბუფონის მთავარ ალტერნატივად, მაგრამ პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში დაკარგა ადგილი და მისი პოზიციებიც შეირყა.
თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ამ ეტაპზე, ჯიჯის უმთავრეს კონკურენტად მატია პერინი ითვლება, მაგრამ "ჯენოას" გოლკიპერი დაშავებულია და მის ნაცვლად, განაცხადში დანიელე პადელი მოხვდა "ტორინოდან". ბევრს უკვირს ანტონიო მირანტეს ოფსაიდში დატოვება, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან კარგად ასპარეზობს, მიმდინარე სეზონში კი "ბოლონიას" ღირსებას იცავს. რაც შეეხება მალტასთან და ბულგარეთთან შეხვედრებს, კარში, რა თქმა უნდა, ჯანლუიჯი ბუფონი იდგება...
დაცვა
გაბრიელ პალეტა, დანიელე რუგანი, ალესიო რომანიოლი, როდრიგო ელი, ლორენცო ტონელი, დავიდე სანტონი, დავიდე ასტორი, ლუკა ანტონელი, ინაციო აბატე - ეს ის მცველები არიან, რომლებიც იტალიის ნაკრების კანდიდატებად ითვლებიან, მაგრამ ამჯერად, განაცხადში მათი ადგილი არ მოიძებნა.
გაკვირვება გამოიწვია სანტონის და ანტონელის არგამოძახებამ, რადგან თავიანთ გუნდებში ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობენ და საკმაოდ კარგ ფორმაში არიან. ასევე, ბევრი ელოდა ალესიო რომანიოლის და დანიელე რუგანის გამოძახებას - ამ ახალგაზრდა მცველებში "მილანმა" და "იუვენტუსმა" კოლოსალური თანხები გადაიხადეს.
"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ანტონიო კონტე უახლოესი შეხვედრისთვის 4-3-2-1 ტაქტიკას აირჩევს. დაცვის ფლანგებზე მატეო დარმიანი და დომენიკო კრიშიტო მოიაზრებიან. დარმიანი "მანჩესტერ იუნაიტედში" შესანიშნავად ასპარეზობს და მარჯვენა ფრთაზე ის უკონკურენტოა - რაც შეეხება კრიშიტოს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ნაკრებს და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. დაცვის ცენტრში, ალბათ, ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის ვიხილავთ, ანდრეა ბარძალი და ანდრეა რანოკია კი თადარიგში დარჩებიან.
ნახევარდაცვა
მცველების მსგავსად, ბევრი ნახევარმცველის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებიც იტალიის ნაკრების კანდიდატებად მოიაზრებიან, მაგრამ ამჯერად განაცხადს მიღმა დარჩნენ. მაგალითად, ჯაკომო ბონავენტურა და ანდრეა პოლი "მილანიდან", დანილო კატალდი "ლაციოდან", სტეფანო სტურარო "იუვენტუსიდან" და ა.შ. არც კლაუდიო მარკიზიო უნდა გამოგვრჩეს, რომელიც ტრავმირებულია და ამიტომ დარჩა განაცხადს მიღმა.
რომელ ფეხბურთელებს დაეყრდნობა კონტე მალტასთან შეხვედრაში? - "გაძეტას" პროგნოზით, ანდრეა პირლო ძირითად შემადგენლობაში იქნება და მასთან ერთად, შუა ხაზს მარკო ვერატი და მარკო პაროლო გაამაგრებენ. სავარაუდოდ, თადარიგში დარჩება დანიელე დე როსი, რომელიც სულ ახლო წარსულში ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო. აუცილებლად მიეცემათ შანსი რობერტო სორიანოს, ანდრეა ბერტოლაჩის და ალესანდრო ფლორენცის, რომლებიც კარგ ფორმაში არიან და თავიანთ შანსს ელიან.
თავდასხმა
ანტონიო კონტემ განაცხადში სებასტიან ჯოვინკო შეიყვანა, რომელიც "ტორონტოში" შესანიშნავად ასპარეზობს. თუმცა, სება დაშავდა და "სკუადრა აძურაში" დაბრუნების შანსი გაუშვა ხელიდან. ჯოვინკოს ნაცვლად, კონტემ ლორენცო ინსინიე იხმო, რომელიც სერია A-ს ორ საწყის ტურში, "ნაპოლის" ძირითად შემადგენლობაში იყო.
განაცხადს მიღმა დარჩა დომენიკო ბერარდი და ბევრი თვლის, რომ უკვე დროა, ახალგაზრდა და ნიჭიერ შემტევს ეროვნულ გუნდში მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება. სხვა მხრივ, კონტეს სიაში ყველა ის ფეხბურთელია, რომლებიც ბოლო პერიოდში იცავენ "აძურას" ღირსებას.
იტალია მალტას ფლანგებით და ცენტრფორვარდით შეუტევს - ფრთებიდან, სავარაუდოდ, ანტონიო კანდრევა და სტეფან ელ შაარავი გაირჯებიან, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი გრაციანო პელეს ვიხილავთ. შესანიშნავ ფორმაშია მარტინს ედერი და მასაც კარგი შანსი აქვს, რომ სასტარტოში მოხვდეს, პელეს უმთავრეს ალტერნატივად კი სიმონე ძაძა უნდა მოვიაზროთ. ბოლოს, იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს გადავცეთ სიტყვა:
"ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, რომლებიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ექვსი ქულა მოვიპოვოთ. ასეთ შემთხვევაში, უდიდეს ნაბიჯს გადავდგამთ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. გუნდში ის ფეხბურთელები ვიხმე, რომლებიც კონკრეტულ მომენტში სხვებზე უკეთეს ფორმაში არიან. საბედნიეროდ, კიდევ ბევრი კანდიდატი გვყავს და შერჩევის პროცესი გრძელდება.
რა ტაქტიკით დავუპირისპირდებით მალტას და ბულგარეთს? - ჯერ მხოლოდ მალტასთან თამაშზე ვფიქრობთ, ტაქტიკა-სტრატეგიაზე კი მატჩის დღეს ვისაუბროთ. ვეცდებით, რომ კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ამასთან, დასახულ მიზანს მივაღწიოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"