"ინტერი"-"მილანის" წინ: "მადონინა" ახალი სახეებით

AutoSharing Option
"სკუადრა აძურამ" თავისი საქმე გააკეთა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიჯრით ორი მატჩი მოიგო და ჯგუფს სათავეში მოექცა, იტალიური საფეხბურთო სამყარო კი საკლუბო ბატალიებს უბრუნდება და მით უმეტეს, ამ უქმეებზე მილანური დერბია დაგეგმილი. დიახ, სერია A დიდი მატჩით ბრუნდება, "ჯუზეპე მეაცაზე" "ინტერი" და "მილანი" შეასკდებიან ერთმანეთს.

ბოლო წლებში, მილანური დერბისადმი ინტერესმა იკლო, რადგან ორივე გუნდი ღრმა კრიზისში იყო და ვეღარც ვარსკვლავური შემადგენლობებით იწონებდნენ თავს. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მილანურმა გრანდებმა დიდძალი ფული დახარჯეს, არაერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი დაიმატეს და შესაბამისად, დერბის მიმართ
ინტერესმა იმატა.

ფაქტია, რომ განსხვავებულ მილანურ ჯახს ვიხილავთ, რადგან ორივე გუნდის შემადგენლობაში ძირეული ცვლილებები მოხდა. ეს იქნება პირველი დერბი ისეთი ფეხბურთელებისთვის, როგორებიც მირანდა, კონდოგბია, პერიშიჩი, იოვეტიჩი, ლუის ადრიანო, ბაკა, რომანიოლი და სხვები არიან... "გაძეტა დელო სპორტი" სწორედ მილანური გრანდების ახალწვეულებს გაესაუბრა, თემა კი სწორედ "დერბი დელა მადონინა" გახლდათ...

სტევან იოვეტიჩი (ინტერი): "მილანური დერბი განსაკუთრებული მოვლენაა და ბედნიერი ვარ, რომ მისი მონაწილე გავხდები. ქალაქში დიდი ხანია, იგრძნობა ამ მატჩის მოახლოება და წარმომიდგენია, თუ რა ატმოსფერო იქნება თამაშის დღეს. ნომინალური მასპინძელი "ინტერია" და ვიცი, რომ ტრიბუნების დიდ ნაწილს ჩვენი გულშემატკივრები შეავსებენ. სეზონი კარგად დავიწყეთ და ასევე უნდა გავაგრძელოთ, ამისთვის კი მოგებაა საჭირო. პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ გოლის ან გოლების გასატანად და, რაც მთავარია, "ინტერის" მოსაგებად".

ჟოფრეი კონდოგბია (ინტერი): "როდესაც ჩემს ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, პრესაში ხშირად იწერებოდა, რომ ეს იყო მილანური დერბი კონდოგბიას გადასაბირებლად. უდიდესი პატივია, როდესაც შენი შეძენა ორ ასეთ კლუბს სურს. მე "ინტერი" ავირჩიე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ დერბი ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს. როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც სამი ქულა იდება სასწორზე, თუმცა კარგად მესმის, რომ დერბიში გამარჯვება გულშემატკივრებს განსაკუთრებულად ახარებთ".

ჟოაო მირანდა (ინტერი): "მილანური დერბი არაერთხელ მინახავს და ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი დაპირისპირების მონაწილე გავხდები. ვიცი, რომ ქომაგებისთვის ეს განსაკუთრებული დაპირისპირებაა და თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ წინ ერთი რიგითი მატჩი გველოდება. გამარჯვება იმ გუნდს დარჩება, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს და ამიტომ მაქსიმალური მობილიზება გვმართებს".

კარლოს ბაკა (მილანი): "მილანურ დერბიში "ტროფეო ტიმზე" ვითამაშე, გოლიც გავიტანე და გულშემატკივრების მხრიდან უდიდესი სითბო ვიგრძენი. წარმომიდგენია, რა ატმოსფერო იქნება სტადიონზე ოფიციალური მატჩისას. ვეცდები, რომ საუკეთესო თვისებები გამოვავლინო და გოლის გატანით, ჩემი უპირველესი მოვალეობა შევასრულო. "მილანი" უფრო ძლიერია და ეს უნდა დავამტკიცოთ".

ლუის ადრიანი (მილანი): "ბევრი ფიქრობს, რომ რადგან ახალი მოსული ვარ გუნდში, კარგად არ მესმის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მილანურ დერბის. ქალაქი უკვე გაყოფილია ორად და ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. ჩვენი მიზანია, რომ გავიმარჯვოთ და გავახაროთ გულშემატკივარი. მინდა, რომ ჩემი პირველი დერბი წარმატებული გამოდგეს და სამი ქულა ჩავიწეროთ აქტივში".

ლაზარეთი
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "მილანის" 23 წლის ნახევარმცველი ანდრეა ბერტოლაჩი დერბის გამოტოვებს, ამის მიზეზი კი მუხლის ტრავმაა. ბერტოლაჩი იტალიის ნაკრებში იყო გამოძახებული და მალტასთან შეხვედრისას დაშავდა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, ანდრეას გამოჯანმრთელებას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.

აქვე ვთქვათ "ინტერის" ლაზარეთის შესახებ, სადაც ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, თუმცა ის ერთი მაურო იკარდი გახლავთ. 22 წლის არგენტინელ ფორვარდს მსუბუქი ტრავმა აქვს, თუმცა ეს შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ "დერბი დელა მადონინა" გამოტოვოს. აი, რას ამბობს "ნერაძურის" ექიმი პიერო ვოლპი:

"მიუხედავად იმისა, რომ წინ მილანური დერბია, ვფიქრობ, არ ღირს გარისკვა და სჯობს, ახალგაზრდა თავდამსხმელმა დაისვენოს. ამ თემაზე მწვრთნელთან მომიწევს დალაპარაკება და საბოლოო გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული