ჯანლუიჯი ბუფონი - იქ, სადაც დაიწყო სანაკრებო კარიერა

AutoSharing Option
1997 წლის შემოდგომას, იტალიის ნაკრები საფრანგეთში გასამართი მუნდიალის საგზურისთვის იბრძოდა და ამისთვის პლეი ოფში უწევდა ასპარეზობდა.

ორ-მატჩიან დუელში, "სკუადრა აძურას" რუსეთის ეროვნული ნაკრები უნდა დაემარცხებინა და პირველი მატჩი მოსკოვში იყო დაგეგმილი. რუსეთის დედაქალაქი ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს საშინელი ყინვით და თოვლით დახვდა, თუმცა მიუხედავად ამისა, "დინამოს" სტადიონი პირთამდე შეივსო.

პირველივე ტაიმში, იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუკა პალიუკამ ტრავმა მიიღო და კარში, 19 წლის ჯანლუიჯი ბუფონი ჩადგა. ეს იყო მისი დებიუტი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და მაშინ საფეხბურთო მსოფლიომ ბევრი არაფერი იცოდა ჯიჯის შესახებ...
პირველი, რაც გულშემატკივრებს თვალში მოხვდათ, იტალიელმა კომენტატორმა, ბრუნო პიცულიმ მყისვე აღნიშნა: "მამმა მია, ეს პატარა ბიჭი მოედანზე შორტებით შევიდა - ამ გაყინულ ტალახში ეს ძალიან საშიშია"...

ბუფონმა ბევრი იხტუნავა გაყინულ ტალახში და რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი გოლისგან, თუმცა ერთხელ მაინც გაუშვა, როდესაც ასევე ძალიან ახალგაზრდა ფაბიო კანავარომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ის მატჩი ფრედ დასრულდა, რადგან კანავაროს ავტოგოლამდე, კრისტიან ვიერიმ გამოიჩინა თავი, განმეორებითი პაექრობა კი ნეაპოლში გაიმართა და პიერლუიჯი კაზირაგის გოლით, იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა - 1:0. ნეაპოლურ მატჩში კარში ანჯელო პერუცი იდგა, სულ მალე კი პალიუკამაც და პერუციმაც ადგილი ბუფონს დაუთმეს.

მას შემდეგ 18 წელი გავიდა და ჯანლუიჯი ბუფონს იტალიის ეროვნულ ნაკრებში 150 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ მაჩვენებლით, ის "სკუადრა აძურას" აბსოლუტური რეკორდსმენია და უკვე 14 მატჩით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ფაბიო კანავაროს. დიახ, ეს ის კანავაროა, სადებიუტო თამაშში ჯიჯის ავტოგოლი რომ "მიართვა" და თვითონაც სრულიად ახალბედა იყო ეროვნული ნაკრების რიგებში - ამ ორმა ახალგაზრდამ "სკუადრა აძურაში" მთელი ეპოქა შექმნა, რომლის კულმინაცია 2006 წლის მსოფლიო ჩემპონატი და იტალიური ფეხბურთის ტრიუმფი იყო.

მსოფლიოს თასი კაპიტნის რანგში კანავარომ აღმართა და მალე დამშვიდობა კიდეც ეროვნულ გუნდს, რის შემდეგაც კაპიტანი სწორედ ბუფონი გახდა. ლეგენდარული მეკარე დღეს 37 წლისაა და არა თუ ევროპის მოახლოებულ ჩემპიონატზე, მსოფლიოს 2018 წლის მუნდიალზე სურს თამაში.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სწორედ რუსეთში დასრულდება ჯიჯის სანაკრებო კარიერა, მუნდიალის ფინალი კი არც მეტი, არც ნაკლები, მოსკოვშია დაგეგმილი. მოსკოვიდან მოსკოვამდე? - ეს მართლაც ფანტასტიკური იქნებოდა - გენიალური ზღაპრის კეთილი დასასრული...

ჯანლუიჯი ბუფონმა თავისი 150-ე სანაკრებო მატჩიც დიდებულად ჩაატარა - ბულგარელებს ორ ეპიზოდში მართებდათ გოლის გატანა, მაგრამ ორივეჯერ მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე. მატჩის შემდეგ, "სკუადრა აძურას" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სწორედ ბუფონი გამოარჩია და განაცხადა, რომ ჯიჯი მისთვის სიმშვიდის გარანტია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბუფონი 2018 წლის მუნდიალზე აპირებს თამაშს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ეროვნული გუნდის მაისურით? - შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ლეგენდარული მეკარე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით აბსოლუტურ რეკორდსმენ, აჰმედ ჰასანს დაეწიოს და გადაასწროს; აქვე ვთქვათ, რომ ეგვიპტელს თავისი ქვეყნის ნაკრებში 184 მატჩი აქვს ჩატარებული. თვითონ ბუფონი სწორედ მოსკოვს უმიზნებს და ეს მისი მინი-ინტერვიუდან ნათლად ჩანს. ლეგენდარულმა მეკარემ რამდენიმე საინტერესო კითხვას გასცა პასუხი...

- კარგად გემახსოვრებათ თქვენი დებიუტი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში...
- გუშინდელი დღესავით. პალიუკამ ტრავმა მიიღო და მწვრთნელმა მანიშნა, რომ გავხურებულიყავი. საშინელი ამინდი იყო, მაგრამ ისე ვღელავდი, რომ სიცივე არ მიგრძვნია. მატჩის შემდეგ, მთლიანად დაცლილი ვიყავი ემოციებისგან და ეს განცდა არასდროს დამავიწყდება.

- მართლა გსურთ, რომ მოსკოვში დაწყებული სანაკრებო კარიერა მოსკოვშივე დაასრულოთ?
- დიახ, ეს ჩემი ოცნებაა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასე მოხდეს. იტალიაში ბევრი მაღალი კლასის მეკარეა და პირველ რიგში, "აძურას" ძირითად შემადგენლობაში უნდა შევინარჩუნო ადგილი. შემდეგ, მუნდიალზე მოხვედრაა საჭირო და იქ ფინალში გასვლა. ეს მართლაც გრძელი და რთული გზა იქნება, თუმცა მე მჯერა წარმატების. რომ არა ეს ოპტიმიზმი, იმის ნახევარსაც ვერ შევწვდებოდი, რასაც მივაღწიე.

- ყველაზე ემოციური სანაკრებო მატჩი ალბათ მაინც ბერლინში გქონდათ?
- მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს გულისხმობთ და ეს მართლაც ასეა. მუნდიალზე გამარჯვება ჩემი კარიერის გვირგვნია და ბედნიერი ვარ, რომ იმ დიდებული გუნდის წევრი ვიყავი. ზემოთ პირველ მატჩზე ვისაუბრე და არც ის დღე დამავიწყდება. საოცარი თამაში გვქონდა გერმანიასთან 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალში. ეროვნულ ნაკრებში ყველა თამაში განსაკუთრებულია.

- ტოტი, დელ პიერო, კანავარო, ნესტა, გატუზო, ძამბროტა, ინძაგი - არ გენატრებათ ამ ფეხბურთელებთან ერთად ნაკრებში თამაში?
- მართლაც ფენომენალური გუნდი იყო, რომელმაც არაერთი ბრწყინვალე გამარჯვება აჩუქა გულშემატკივარს. როდესაც ანდრეა პირლოს ვხვდები სანაკრებო შეკრებაზე, ძველ პერიპეტიებს ხშირად ვიხსენებთ.

- დღეს, იტალიის ნაკრებში გაცილებით ცოტა ვარსკვლავია. რამ გამოიწვია ეს?
- ზოგადად ფეხბურთშია ასეთი ტენდენცია. თითქმის ვეღარ ვხედავთ ისეთ ინდივიდუალისტებს, როგირებიც ზინედინ ზიდანი, დენის ბერგკამპი, რონალდინიო, რივალდო, რობერტო კარლოსი და სხვები იყვნენ. თუ დააკვირდებით, სხვა ქვეყნებსაც შემოაკლდათ ისეთი ვარსკვლავები, რომლებიც მატჩის ბედს მარტო გადაწყვეტენ. სამაგიეროდ, ფეხბურთის საერთო დონე გათანაბრდა და თამაში ყველამ ისწავლა.

- ვის მიიჩნევთ თქვენს მემკვიდრეთ იტალიის ნაკრებში?
- ვერავის გამოვარჩევ, თუმცა ერთი ცხადია, რომ იტალიაში ნიჭიერი მეკარეები ყოველთვის მრავლად იყვნენ და ასეა ამჯერადაც. ხუთი-ექვსი გვარი შემიძლია დავასახელო, რომლებიც ძალიან მაღალ დონეზე ითამაშებენ და ღირსეულად შემცვლიან, თუმცა ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ.

- რას ურჩევდით ახალგაზრდა და დამწყებ მეკარეებს?
- ისწავლონ ემოციების კონტროლი და ირწმუნონ საკუთარი ძალების. რაც მთავარია, შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ, შრომა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიჯიიიიიიიიიიიიიი!! ლეგენდააა!!
georgiano
14 სექტემბერი 2015 03:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული